2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების დაფინანსების გაზრდა იგეგმება
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების დაფინანსების გაზრდა იგეგმება

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების დაფინანსების გაზრდა იგეგმება. მთავრობის მიერ მომზადებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია და ხვალ ბიუროს სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.

ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით.

მთავრობის ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მლნ ლარით. პროექტის მიხედვით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401,2 მლნ ლარით, 2022 წელს კი არის 357,802.8.

მთავრობის გადაწყვეტილებით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც. კერძოდ, უწყების დაფინანსება განისაზღვრა 2 მლრდ 975.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია ერთი მლრდ 543,3 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში – ერთი მლრდ 418.8 მლნ ლარამდე.

ამასთან, იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და ის შეადგენს 688.5 მლნ ლარს. უწყების დაფინანსება მიმდინარე წელს იყო 593,071.4 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს უწყების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 653.7 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს 932,404.9 მლნ ლარი იყო. ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ შედარებით მცირედით იზრდება ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება და ის შეადგენს 106 მლნ ლარს, მიმდინარე წელს არის 105,404.8.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც. უწყებისთვის გათვალისწინებულია 369,4 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის – 310,568.4 მილიონი ლარი.

ასევე, იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და უწყებისთვის გათვალისწინებულია 183 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის 176,603.6 მილიონი.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, მათი დაფინანსებაც იზრდება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257,6 მლნ ლარით აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კი გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 070 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205 მლნ ლარით აღემატება. მთავრობა განმარტავს, რომ უწყებისთვის დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-იან მატებასთან.