მიხეილ სარჯველაძე - ჯანდაცვის სისტემა 2025 წელს მუდმივად განვითარების რეჟიმში იყო, ამ სფეროში რიცხვები არაფერს გეუბნება, მნიშვნელოვანია თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, ან მხარდაჭერილი მოქალაქე
საბედნიეროდ, გამარჯვებაა, რომ ჯანდაცვის სისტემა 2025 წლის მანძილზე მუდმივად განვითარების რეჟიმში იყო, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყოველთვის არის პრიორიტეტული თემები, რომელსაც შეიძლება, მეტი ყურადღება სჭირდებოდეს, ან ნაკლები, მაგრამ თითოეული თემა მნიშვნელოვანია და უბრალოდ, არ შეიძლება, რომელიმე რომელიმეს ჩრდილში მოექცეს. ეს ის სფეროა, სადაც რიცხვები არაფერს გეუბნება; მნიშვნელოვანია თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, ან მხარდაჭერილი მოქალაქე. ძალიან ბევრი მიმართულებაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დიდი დრო, რესურსი, მუხლჩაუხრელი შრომა, რათა მუდმივად მზარდი იყოს. საბედნიეროდ, გამარჯვებაა, რომ ჯანდაცვის სისტემა 2025 წლის მანძილზე მუდმივად განვითარების რეჟიმში იყო. პრაქტიკულად, არ ყოფილა სფერო, სადაც რამე პროცესი უკან წავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად ვითარდებოდეს და თანაბრად მიმდინარეობდეს ყველა მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეებისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება სოციალურ მიმართულებასაც.
„ახალმა ბიუჯეტმა გააჩინა სრულიად ახალი პერსპექტივები. არა მხოლოდ პენსია გაიზარდა, არამედ ცალკეული პროგრამების მიმართულებით, თუნდაც შინ მოვლის, მინდობით აღზრდის მიმართულებით გარკვეული გაუმჯობესებების პერსპექტივები გამოკვეთა და ვფიქრობ, ყველა ეს გადაწყვეტილება მომავალში იქნება აღსასრულებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები იყო ნარკოლოგიის მიმართულებით ფსიქოტროპული მედიკამენტები, რეფერენტული ფასების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული, ცალკეული მიმართულებით ამბულატორიების
აშენება და ა.შ.
„ყველა ეს საკითხი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მაგალითისთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გამარჯვება. აქ გრძელდება ისეთ მიმართულებაზე მუშაობა, როგორიც არის პირველადი ჯანდაცვის გაბედული გეგმა. ესეც ერთ-ერთი ჰაილაითი იყო წლევანდელი წლის. არ შეიძლება, არ აღინიშნოს სერვისები, რომელიც მაგალითად, რუხში დაინერგა და ესეც მნიშვნელოვანი წარმატება იყო. თუნდაც, იგივე რუხში გაკეთებული რამდენიმე მართლაც უნიკალური ოპერაცია. ბევრი საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატება იყო, მაგრამ ჯანდაცვის სფერო არის ის სფერო, სადაც ალბათ, ვერასდროს ვერ იქნები მიღწეულით კმაყოფილი და ბუნებრივია, საჭიროა მომდევნო ახალი მწვერვალების დაპყრობა. ეს აუცილებლობაა უბრალოდ და მუდმივად უნდა უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად, უწყვეტად და ძალიან მაღალი ტემპით“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, ხელისუფლების ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პრიორიტეტული უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, ვლინდება მათ შორის, ბიუჯეტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი და სამაგალითო.
„არანაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიღებული ფინანსური შესაძლებლობა უპირველესად, ხმარდება იგივე სოციალურ პროგრამებს. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოსთვის კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არის სწორედ ადამიანი“, – განაცხადა სარჯველაძემ.