2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ხუთი პროცენტით შემცირებაა მოსალოდენლი
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ხუთი პროცენტით შემცირებაა მოსალოდენლი

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომლის გადამუშავებული ვერსიაც პარლამენტს წარედგინა, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ხუთი პროცენტით შემცირებაა მოსალოდენლი.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, თუმცა „კოვიდ-19“ პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებისას 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება განისაზღვრა მინუს ოთხი პროცენტით. ამასთან, პანდემიის კიდევ უფრო გამწვავების გამო, ვარდნის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ოქტომბერ-ნოემბერში „კოვიდ-19“ შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისა და მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენას აგრძელებს. ზემოაღნიშნულისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება ხუთი პროცენტის ფარგლებში“, – აღნიშნულია პროექტში.

არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3 პროცენტის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება.