2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში გაგრძელდება
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში გაგრძელდება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეიდან ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.

მთავარი ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დღეს ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გააცნობს.

„ევროპული საქართველო“ ფრაქციის ფორმატში ბიუჯეტის გაცნობას დაესწრება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მათი განცხადებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი საზოგადოებაზე არ არის მორგებული.

„წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში გვქონდეს ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი და მეორე მხრივ, მთავრობას პარლამენტში შემოჰქონდეს ბიუჯეტი, სადაც საყოველთაო ჯანდაცვას 40 მილიონი აკლდება და სადაც სოციალური დახმარებები, ამ კორონაკრიზისის პირობებში, ჩამოდის და პრაქტიკულად განულებულია. წარმოუდგენელია, რომ საოჯახო სასტუმროების დახმარება ნულდებოდეს და ამავდროულად, დღეს, ამ კრიზისის პირობებში ვისაც ბინის ყიდვა შეუძლია, იმას მთავრობა პროცენტს უფინანსებდეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტის კანონპროექტს ხვალ გააცნობს.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მილიონი ლარით იზრდება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ხარჯები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.