2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსების გაზრდა სამინისტროების გარდა, სხვა სახელმწიფო უწყებებისთვისაც იგეგმება
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსების გაზრდა სამინისტროების გარდა, სხვა სახელმწიფო უწყებებისთვისაც იგეგმება

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსების გაზრდა სამინისტროების გარდა, სხვა სახელმწიფო უწყებებისთვისაც იგეგმება. მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 68 035,9 მლნ ლარიდან 75 მლნ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის პროექტით, იზრდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაც. კერძოდ, მიმდინარე წელს – 8 მლნ 792,4 ათასი ლარია, ხოლო მომავალ წელს – 9 მლნ 115 ათასი ლარი იქნება.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია – 180 მლნ ლარი, მიმდინარე წელს უწყების დაფინანსება განისაზღვრება – 148,700 მლნ ლარით. მთავრობა განმარტავს, რომ დაფინანსების ზრდა თანამშრომელთა ხელფასების 20%-იან ზრდას უკავშირდება. ამასთან, ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსება ეზრდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს და უწყებისთვის გათვალისწინებულია – 76 მლნ ლარი, მიმდინარე წელს მისი დაფინანსება კი არის – 67 მლნ 188.5 ათასი ლარი.

პროექტის მიხედვით, დაფინანსება ეზრდება გენერალურ პროკურატურასაც. უწყებისთვის გათვალისწინებულია – 53,8 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის – 47,870 მლნ ლარი. ზემოთ აღნიშნულის გარდა, დაფინანსება ეზრდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მისთვის გათვალისწინებულია – 17 მლნ ლარი; მიმდინარე წელს კი არის – 11,300 მლნ ლარი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის კი გათვალისწინებულია 4 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სასამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში – 138,5 მლნ ლარი, მათ შორისაა: საკონსტიტუციო სასამართლო – 5,8 მლნ ლარი; უზენაესი სასამართლო – 15,5 მლნ ლარი; საერთო სასამართლოები – 110 მლნ ლარი; იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 7,2 მლნ ლარი.

ბიუჯეტის პროექტით, მიმდინარე წელთან შედარებით, იზრდება სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება და მომავალ წელს იქნება – 9,3 მლნ ლარი, წელს არის – 8,869 მლნ ლარი.

იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებაც. ის შეადგენს – 35,8 მლნ ლარამდე, მიმდინარე წელს დაფინანსება განისაზღვრება – 31,489.1 მლნ ლარით.

ამასთან, 19,220 მლნ ლარიდან 22 მლნ ლარამდე იზრდება მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსებაც.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება ჯამში შეადგენს – 10,2 მლნ ლარს.