2018 წელი მეცნიერებაში მრავალმხრივ იყო გამორჩეული. წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე გამორჩეულ სამეცნიერო მიღწევებს, რომლებმაც მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და შესაძლოა, არაერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო აღმოჩენასაც დაუდოს საფუძველი.
1. თებერვალში SpaceX-მა გაუშვა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა, 27-ძრავიანი Falcon Heavy. სამიდან ორი გამწევი წარმატებით დაეშვა დედამიწაზე.
რაკეტამ კოსმოსში გაიყვანა ილონ მასკის კუთვნილი წითელი ავტომობილი Tesla Roadster-ი. მანქანა მზის გარშემო მოძრაობს და ამ ორბიტაზე მილიონობით წელიწადს დარჩება.
2. მარსიდან გამოგზავნილ მონაცემთა სამწლიანი კვლევის შემდეგ, იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ, ზედაპირიდან 1,5 კმ-ის ქვეშ თხევადი წყლის ტბა იმალება, რომელიც 20 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული.
3. ანტარქტიდაზე, IceCube-ის სპეციალური სენსორებით მეცნიერებმა „მოჩვენება ნაწილაკები“, ნეიტრინოები დააფიქსირეს, რომლებიც სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალენერგიული წყაროდან არის წამოსული.
4. ნოემბერში NASA-მ მზესთან ხომალდი „პარკერი“ გაუშვა, რომელიც პირველად ისტორიაში, ჩვენს დედავარსკვლავს უნდა შეეხოს. პარკერი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფი ობიექტია — მზისკენ ის 343 112 კმ/სთ სიჩქარით მიჰქრის.
ხომალდი სპეციალური მასალისგან არის დამზადებული და შეუძლია გაუძლოს 1500 გრადუს ცელსიუსს. ის მზის ატმოსფეროში შევა და შეეცდება, ჩვენი ვარსკვლავის მრავალი საიდუმლო აღმოჩნდეს.
5. კოლუმბიის სანაპიროსთან 310 წლის წინ ჩაძირული ესპანური გემი „სან-ხოსე“ აღმოაჩინეს. ხომალდი 1708 წელს, ბრიტანულ გემებთან გამართული ბრძოლის შედეგად ჩაიძირა. გაირკვა, რომ ის დატვირთულია 17 მილიარდი დოლარის ღირებულების განძით.
6. აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწვანე შუქი აუნთო ახალ პრეპარატ Vitrakvi-ს, რომელიც კიბოს მიზანში იღებს გენეტიკურად მსგავს მახასიათებლებზე (ბიომარკერებზე) დაყრდნობით. პრეპარატი უკვე გამოსცადეს ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, მკერდისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე.
მწარმოებლის, ფარმაცევტული კომპანია Loxo Oncology-ს განცხადებით, პაციენტთა 81 პრეცონტს აღენიშნა კიბოს მნიშვნელოვანი შემცირება, 17 პროცენტის შემთხვევაში კი სიმსივნე სრულად გაქრა.
7. მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის თმაზე 1000-ჯერ თხელი სამედიცინო რობოტები, რომლებსაც კიბოს განადგურება შეუძლიათ.
რობოტები სხეულში ინექციის სახით შეჰყავთ. მათ წარმატებით მოსპეს მკერდის, კანის, საკვერცხისა და ფილტვის კიბოები თაგვებსა და ღორებში. ნანორობოტები მეცნიერებამ ხუთწლიანი კვლევის შემდეგ შექმნეს.
მკვლელი რობოტები კიბოს ქსოვილებს სისხლის მიწოდებას უბლოკავენ. ისინი ადამიანებზე შემოწმებული ჯერ არ არის.
8. მეცნიერებმა ხორცი ლაბორატორიაში გამოზარდეს, ყოველგვარი ცხოველური უჯრედების გამოყენების გარეშე. ნიდერლანდური კომპანია Meatable მასშტაბური წარმოების დაწყებას უახლოეს ოთხ წელიწადში გეგმავს.
9. ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში 2000 წლის წინანდელი 30-ტონიანი შავი სარკოფაგი აღმოაჩინეს.
ხელუხლებელ სარკოფაგში სამი ჩონჩხი აღმოჩნდა, რომლებიც სავარაუდოდ ჯარისკაცებს ეკუთვნოდა. ერთ-ერთ ჩონჩხს თავის ქალაზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
10. არქეოლოგებმა ეგვიპტეში 3200 წლის წინანდელი ყველი აღმოაჩინეს. საკვები ქალაქ მემფისის ძვ. წ. მე-13 საუკუნის მმართველის საფლავში აღმოჩნდა.
11. ჩინელმა მეცნიერებმა კლონირებული მაიმუნები შექმნეს. მათი განცხადებით, გამოიყენეს იგივე ტექნოლოგია, რაც 20 წლის წინ კლონირებულ ცხვარ დოლის შემთხვევაში. თუმცა, მაიმუნების კლონირება საკმაოდ რთული აღმოჩნდა — ორი მაკაკის შექმნას 127 კვერცხუჯრედი დასჭირდა.
12. ოქტომბერში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ლაბორატორიაში დაიბადა ჯანმრთელი თაგვი, ორი დედისგან, მამის გარეშე. გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ, ბრაზილიაში ქალმა ბავშვი გადანერგილი საშვილოსნოთი გააჩინა.
13. კიდევ უფრო საოცარი ამბავი მოვიდა ჩინეთიდან — მეცნიერმა ჯი ჯიანკუიმ განაცხადა, რომ ნოემბერში დაბადებულ ტყუპებში წარმატებით შეასწორა გენები. მისი თქმით, დნმ-ის ამოჭრიდა და ჩაკერების მეთოდის (CRISPR) გამოყენებით დაბადებულ ჩვილებს აივ-ინფექციისადმი იმუნიტეტი გააჩნიათ.
14. მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტი გაარკვიეს ადამიანთა წინაპრების შესახებ. დადგინდა, რომ აფრიკიდან გამოსვლის ხანაში, ადრეული ჰომო-საპიენსი უარს არ ამბობდა სხვა სახეობებთან შეჯვარებაზე, მაგალითად ჰომინინებთან.
15. ისტორიაში მესამედ, ნობელის პრემია ფიზიკაში ქალმა მიიღო. კანადელ ფიზიკოსს დონა სტრიკლანდს პრემია ფრანგ მეცნიერთან ერთად ლაზერებზე მუშაობისთვის გადაეცა.
16. აღმოაჩინეს ახალი სახეობის ორი გიგანტური დინოზავრი.
არგენტინაში აღმოჩენილ სახეობას Ingentia prima უწოდეს. დადგინდა, რომ ის სამ აფრიკულ სპილოზე მეტს იწონიდა და ბინადრობდა 210 მილიონი წლის წინ.
მეორე სახეობა Ledumahadi mafube სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს და ის ბინადრობდა 200 მლნ წლის წინ.
17. 129 წლის შემდეგ, მსოფლიომ კილოგრამის უფრო ზუსტი საზომის გამოყენება დაიწყო.
წარსულს ჩაბარდა კილოგრამის ეტალონი, პარიზში დაცული პლატინა-ირიდიუმის შენადნობი სახელად Le Grand K. მის ნაცვლად, მეცნიერებმა ხმა მისცეს პლანკის მუდმივას გამოყენებას.
18. შეიქმნა შობადობის რეგულირების საშუალება მამაკაცთათვის. ჰორმონული გელი განკუთვნილია მამაკაცის მხრებზე წასასმელად დღეში ერთხელ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ გელის საშუალებით, მამაკაცებსა და მათ ოჯახებს შობადობის კონტროლის უკეთესი არჩევანი ექნებათ, ვიდრე სტანდარტული კონდომები და ვეზეკტომიაა.
19. გრენლანდიის ყინულოვანი საფარის ქვეშ პარიზის ზომის დარტყმითი კრატერი აღმოაჩინეს. მეცნიერთა ვარაუდით, მეტეორი, რომელმაც ის წარმოქმნა, 5 ტრილიონი ტონა უნდა ყოფილიყო.
20. ექვსთვიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს ხომალდი InSight ნოემბრის ბოლოს მარსზე წარმატებით დაჯდა.
ხომალდი ძირითადად გამოიკვლევს მარსის მიწისძვრებს და შეეცდება დეტალურად შეისწავლოს წითელი პლანეტის წიაღი.