კოლუმბიის სანაპიროსთან აღმოჩენილ ჩაძირულ გემზე 17$ მლრდ ღირებულების განძია
კოლუმბიის სანაპიროსთან აღმოჩენილ ჩაძირულ გემზე 17$ მლრდ ღირებულების განძია

საუკუნეთა განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჩაძირული გემის ზღაპრული ოდენობის ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები ოცნებებით ასაზრდოებდა მეზღვაურების, ავანტიურისტებისა თუ განძის მაძიებელთა მრავალ თაობას.

„ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალის“ სახელით ცნობილი ესპანური გალეონი „სან-ხოსე“ კოლუმბიის სანაპიროსთან, ქალაქ კარტახენის სიახლოვეს 1708 წელს ჩაიძირა.

კარიბის ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემი სამი საუკუნის შემდეგ, 2015 წელს აღმოაჩინეს. რამდენიმე დღის წინ მკვლევრებმა აღმოჩენის დეტალები გამოამჟღავნეს.

მასაჩუსეტსის ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (WHOI) საზღვაო მეცნიერთა თქმით, სან-ხოსეს ჩაძირული სიმდიდრის ღირებულება ამჟამინდელი კურსით 17$ მილიარდს შეადგენს. მისი აღმოჩენა ავტომატური წყალქვეშა მოწყობილობის, REMUS 6000-ის საშუალებით მოხერხდა, როდესაც კოლუმბიის ბარუს ნახევარკუნძულის სანაპიროებს იკვლევდნენ.

მკვლევართა თქმით, კოლუმბიის ხელისუფლების თხოვნით, ინფორმაციას ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდნენ.

განძისა და მასზე მონადირე ადამიანების ოდენობიდან გამომდინარე, სან-ხოსეს შემთხვევა უიშვიათესია.

ესპანური გემი 1708 წელს, ბრიტანეთის ესკადრონთან ბრძოლისას ჩაიძირა. განძის გარდა, ხომალდი ასევე დატვირთული იყო თოფის წამლის მნიშვნელოვანი არსენალით, რომელიც აფეთქდა და ეკიპაჟის 600 წევრი იმსხვერპლა.

გემი ესპანეთის მეფე ფილიპე V ფლოტში შედიოდა მას შემდეგ, რაც მან ინგლისელები დაამარცხა ესპანური მემკვიდრეობისთვის ომში.

საუკუნეების შემდეგ, 1980-იან წლებში, კონსორციუმმა სახელად „საზღვაო ძებნის არმადა“, განაცხადა, რომ გემის ადგილმდებარეობა დაადგინეს, მაგრამ კოლუმბიის ხელისუფლებამ მას სან-ხოსეს ამოღების უფლება არ მისცა. ამას მოჰყვა სამართლებრივი დავა კომპანიასა და კოლუმბიის მთავრობას შორის, რადგან გემი სწორედ კოლუმბიის ტერიტორიულ წყლებში იყო ჩაძირული.

შესაძლოა, პრეტენზია ესპანეთმაც გამოთქვას, რადგან სან-ხოსე ესპანეთის დროშის ქვეშ ცურავდა.

ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ რადგან გემზე არსებული სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ამერიკის დაპყრობილი ქვეყნებიდანაა წაღებული, ის მხოლოდ კოლუმბიის საკუთრებაში არ უნდა გადავიდეს.

მსგავს განხილვათა ფონზე, გასულ თვეში გაერო-მ კოლუმბიას მოუწოდა, არ გამოიყენოს ჩაძირული გემის განძი კომერციული მიზნებისთვის, რადგან მისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ზედმეტად დიდია.

კოლუმბიის მთავრობა სან-ხოსეს ზუსტ ადგილმდებარეობას ასაიდუმლოებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ჩაძირული გემი გაძარცვული არ არის და მთლიანი განძის ამოღება შესაძლებელია.
კომპანია WHOI-ის განცხადებით, გემი ოკეანის ფსკერზე, 600 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული.

ხომალდ REMUS 6000-ის თავდაპირველი კვლევები უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ დაწყებულმა ხელახალმა ექსპედიციამ ჩაძირული გემის ნიშნებს მიაგნო.

9 მეტრის სიმაღლიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ზარბაზნები და მათზე ამოკვეთილ დელფინთა გამოსახულებები. გარდა ამისა, ზღვის ფსკერზე მიმოფანტულია ჩაის ფინჯნები, სხვა კერამიკა და არტეფაქტები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება სან-ხოსეს სიმდიდრის ამოღება. თუმცა როგორც ჩანს, განძის ოდენობიდან გამომდინარე, გემის ბობოქარი ისტორია ასე მარტივად არ დასრულდება.

მომზადებულია whoi.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით