2017 წელს, ფორმულა 1-ში გასწრებები ორჯერ შემცირდა
2017 წელს, ფორმულა 1-ში გასწრებები ორჯერ შემცირდა

ფორმულა 1-ის განვლილ სეზონში მაყურებელმა ჯამში 435 გასწრება იხილა (საშუალოდ ერთ რბოლაში – 21.75), რაც 47 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის სეზონის მაჩვენებელზე. ერთი წლის წინ, პილოტებმა 866 გასწრების შესრულება შეძლეს (41.23 საშუალოდ რბოლაში).

სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ მშრალ ტრასაზე ყველაზე მეტი გასწრება აზერბაიჯანის გრანპრიზე იყო – 42. წვიმის პირობებში კი ყველაზე მეტი ასეთი მანევრი ჩინეთში შესრულდა – 31. ყველაზე ცოტა გასწრება მაყურებელმა რუსეთში იხილა – მხოლოდ ერთი.


სეზონში ყველაზე მეტი გასწრება ჰქონდა “რედ ბულის” პილოტს დანიელ რიკარდოს – 43. ავსტრალიელი ასევე ლიდერია ერთ რბოლაში შესრულებული მანევრების რაოდენობით – 13 ბრიტანეთის გრანპრიზე.


ყველაზე რთულად გასასწრები პილოტები გახდნენ – ლუის ჰემილტონი და მაქს ფერსტაპენი, რომლებმაც 20 გრან-პრის განმავლობაში, ორ-ორჯერ გაუშვეს წინ მოწინააღმდეგეები.


სტატისტიკა საბურავების მწარმოებელი კომპანიის “პირელის” პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.