20 ივნისის საქმეზე ორ ბრალდებულთან ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულებმა გიორგი ჯავახიშვილმა და თორნიკე დათაშვილმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადად. მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.