პროკურორი - 20-21 ივნისის საქმეზე 18 დაკავებულიდან საპროცესო შეთანხმება 13 პირს გაუფორმდა
პროკურორი - 20-21 ივნისის საქმეზე 18 დაკავებულიდან საპროცესო შეთანხმება 13 პირს გაუფორმდა

20-21 ივნისის საქმეზე 18 დაკავებულიდან საპროცესო შეთანხმება 13 პირს გაუფორმდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ სამი პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დანარჩენი პირების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

„სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მხარეებს შორის დადებული შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულები ცნობილი იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ აღიარეს წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებთან ერთად საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი გახდა.

20-21 ივნისის საქმეზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 18 პირის მიმართ, მათგან 17-ს ბრალი წარედგინათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, ხოლო ერთ პირს ხელმძღვანელობისათვის. აღნიშნული პირებიდან 14-მა წარდგენილი ბრალდება აღიარა, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უკვე 13 ადამიანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. დანარჩენი პირების მიმართ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, – განაცხადა ვაჟა თოდუამ.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.