20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.
იაშვილის თქმით, სავარაუდოდ მოწმეები ისევ პოლიციელები იქნებიან. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილის გაკეთებულ განცხადებაზე, მასზე ზეწოლისა და ჩვენების მიცემის იძულების შესახებ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული ჯერ არაფერი დადგენილა.
„დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს. ესენი არიან ძირითადად პოლიციელები. მე ვვარაუდობ, როგორც წინა შემთხვევებში, ასევე დღეს მოწმეები ვერ დაადასტურებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას. მეტიც, ჩემი აზრით, მათ უშუალოდ შემხებლობა არ აქვთ, მათ ბრალეულობასთან. ინფორმაციას ვერ ფლობენ, რომელიც იგივე ბრალდებას გამოადგება. შესაბამისად, ეს იქნება დაკითხვა დაკითხვისთვის და იქნება მხოლოდ ფორმალური მხარე დაცული. ამ ეტაპზე შუამდგომლობის დაყენებას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა ადვოკატმა.