გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს გაგრძელდება დაკითხვა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები გამოკითხავენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მოწმე იაკობ ბრეგვაძე ჩვენების მიცემისას ცრუობს და მას წინა პროცესზე არც კონკრეტული გვარები დაუსახელებია. მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის განცხადებით კი, მას ჩვენება არ შეუცვლია.

„იაკობ ბრეგვაძეს არავის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, ზოგადად ისაუბრა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც ცრუობდა, ვინაიდან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. აქ კიდევ სულ სხვა რამ თქვა. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ცრუობს. წინა პროცესზე დასრულდა პროკურორის მიერ პირდაპირი დაკითხვის წესით მისი დაკითხვა, ჩვენ ჯვარედინი დაკითხვის წესით დავკითხავთ. ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე ამოტივტივდება და ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს, საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს, თუმცა, ეშლებათ, საზოგადოების დაკვეთა არ არის ვინმე დაისაჯოს, საზოგადოების დაკვეთა პირველ რიგში, ისაა, რომ სიმართლე დადგინდეს.

ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფება მაქვს. მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ? სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ნათელია.

ერთ-ერთ ძირითად მოწმედ ითვლება სხვა მოწმეებთან ერთად, მათ შორის, სხვა ძირითად მოწმეებში, რომლებიც ცრუობენ, ეს ერთ-ერთი ამომავალი წერტილია. ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ არ ემთხვევა, ვინაიდან პროცესზე რაც ისაუბრა, გამოკითხვის ოქმებში საერთოდ არ იყო, ყველაფერს ცვლის. რას, როგორ აკეთებს, თვად არ იცის, მაგრამ პროკურატურის სტრატეგიაა ასეთი. იაკობ ბრეგვაძე რა ინფორმაციის მატარებელია, ჩემთვის უცნობია, მაგრამ პროკურატურა მას იყენებს“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

მოწმე იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი აცხადებს, რომ იაკობ ბრეგვაძეს ჩვენება არ შეუცვლია, უბრალოდ გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, დღესაც ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება. ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალებია დაზუსტებული.

რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, თუ რატომ არ ვიყავი მასთან ერთად პროკურატურაში, ის არ იკითხებოდა, მას ფოტოაპარატის განათების ნაწილი სჭირდებოდა, რადგან მისი პროფესიული აქმიაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მას ავუხსენი, ვიდრე სასამართლო არ დასრულდებოდა, არ დაუბრუნებდნენ, მან მაინც ითხოვა და უარი მიიღო.

დაკითხვას რაც შეეხება, ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება. ამ სასმართლო პროცესზე პროკურორების მიერ უკვე დაკითხულია, მხოლოდ დაცვის კითხვებია დარჩენილი. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის ამისთვის“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ამასთან, როგორც საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე აცხადებს, დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე, ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას ისახავს მიზნად.

„დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდების მხარე მოწმე ი.ბ.-ს დაკითხვით გააგრძელებს, რომელიც ჩვენ მიერ პირდაპირი წესით დაიკითხა და რომელმაც დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება. ასევე დღევანდელ სასამრთლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი დაიკითხება, რომელიც მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებს. მას ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე აქვს ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ავტომაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა. მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ. დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე მიზნად ისახავს ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას. შესაბამისად, მათი განცხადებები ბუნებრივია, დაცვის უფლებიდან გამომდინარეა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.