გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოს დღევანდელ პროცესზე უნდა განისაზღვროს წინა სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა ადვოკატების ნაწილი გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას აპირებს.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. ისინი ითხოვენ, რომ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმეში საქმეში სახაზინო ადვოკატის ჩართვის გადაწყვეტილება შეისწავლოს.

გაგნიძის ადვოკატების განცხადებით პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მხარეს საქმის მასალები გადასცემოდა და გაუთქმელობაზე მოეწერა ხელი.

ასევე, ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, ბრალის წარსადგენად საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიპოვება. კახიძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე აპირებს საუბარს.

გაუთქმელობაზე ხელმოწერის გამო, ადვოკატები საქმის მასალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა მათი თქმით, საქმეში არის ახალი მოწმეების ჩვენებები. მათივე ინფორმაციით, საქმეშია გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება, რომელიც შეცვლილია და ადვოკატებს კითხვებს უჩენს.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გაუთქმელობის შესახებ გაფრთხილება საგამოძიებო უწყებიდან გამომდინარეობს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და მოწმეები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეშია მოწმეების ჩვენებები, ვიდეომასალები, ასევე გურამ ამირხანაშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში, თუმცა პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ დაცვის მხარეც გაფრთხილებულია მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე, დეტალებზე ვერც ბრალდების მხარე ისაუბრებს.

დატოვე კომენტარი