15:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეთა 43,86%-მა მიიღო
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეთა 43,86%-მა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიაში ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
შეგახსენებთ, 11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობა 16 პროცენტი იყო.
პარტიების საარჩევნო შტაბებში საუბრობენ დარღვევებზე. პოლიციამ რამდენიმე შემთხვევაში აღძრა სისხლის სამართლის საქმეც.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე ოთხი საათია დარჩენილი. უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტოლების პირველი შედეგები.
დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.
ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.
უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.