სოციოლოგიური გამოკითხვა - უკრაინის რადაში სავარაუდოდ შვიდი პარტია მოხვდება
სოციოლოგიური გამოკითხვა - უკრაინის რადაში სავარაუდოდ შვიდი პარტია მოხვდება

კვლევით ცენტრ „სოციალური მონიტორინგის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის რადას რიგგარეშე არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, საარჩევნო ბარიერს შვიდი პარტია გადალახავდა. ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

გამოკითხვის შედგების მიხედვით, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიას, „ხალხის მსახურს“ 43,2 პროცენტი დაუჭერდა მხარს, ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ ამომრჩეველთა 12 პროცენტი ემხრობა, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“ 9,4 პროცენტი აძლევს ხმას, სვიატიოსლავ ვაკარჩუკის პარტია „გოლოსს“ – 8,3 პროცენტი აქვს, ხოლო ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ – 8,2 პროცენტი.

გამოკითხვის ცდომილების გათვალისწინებით, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი ასევე აქვთ პარტიებს „ძალა და ღირსებას“ და „სამოქალაქო პოზიციას“.

ოპოზიციურ ბლოკს – „მშვიდობისა და განვითარების პარტიას“ მხარს 2,2 პროცენტი უჭერს, ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას ხმას ამომრჩეველთა 2,1 პროცენტი აძლევს, პარტია „თავისუფლება“ სავარაუდოდ 1,8 პროცენტს მოაგროვებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის პარტიას 1,6 პროცენტი აქვს, ხოლო „გაერთიანება სამოპომიჩს“ – 1,2 პროცენტი.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ყველა სხვა პარტიას ელექტორატის ერთ პროცენტზე ნაკლები უჭერს მხარს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.