შოუმენი, ექსპრემიერი და პუტინის მტერი - უკრაინაში პრეზიდენტს ირჩევენ
შოუმენი, ექსპრემიერი და პუტინის მტერი - უკრაინაში პრეზიდენტს ირჩევენ

უკრაინაში დღეს სიჩუმის დღეა. აგიტაცია აკრძალულია. თუმცა, ამან ვერ შეუშალა ხელი უკრაინულ ტელეარხ „1+1“-ს დღევანდელი დღის მთელი საეთერო დრო, ცნობილი უკრაინული ტელესერიალი „ხალხის მსახურისთვის“ დაეთმო. ამ სერიალში მთავარ როლს ცნობილი კომიკოსი მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი ასრულებს. სერიალის სიუჟეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჰგავს. ის მაყურებელს ისტორიის მასწავლებელზე მოუთხრობს, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად პრეზიდენტად იყრის კენჭს. აირჩევს თუ არა ვასილი გოლობორდოკოს პრეზიდენტად ხალხი, ამას სერიალის თაყვანიმცემლები 31 მარტს საღამოს შეიტყობენ.

„დამთხვევაა“, რომ ამავე დღეს გახდება ცნობილი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, 41 წლის შოუმენსა და სტუდია „კვარტალ-95“-ის უცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელს, ამომრჩეველთა 25-32%-ს უჭერს მხარს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ ვიტალი ვლასიუკის აზრით, ზელენსკის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ მსახიობი არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში და არავისთნ არის ასოცირებული.

„ყველაფერი მარტივია. გამოუცდელობა მას აძლევს უპირატესობას და საშუალებას თქვას, რომ არავისთან და არასდროს ყოფილა შეკრული. პოლიტიკურ თამაშებშიც არ იღებდა მონაწილეობას. ახლა უკრაინაში ძალიან დიდი მოთხოვნაა ასეთ პოლიტიკოსებზე. ხალხს სურს სიახლე. რეალურად ასეთი მხოლოდ ზელენსკია“, – ამბობს ვლასიუკი საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

ზელენსკიმ ტრადიციულ საარჩევნო კამპანიაზე უარი თქვა და ის მთელ უკრაინაში საკონცერტო ტურით მოგზაურობს. კონცერტის მონაწილეები მისი სტუდიის წევრები არიან, რომლებსაც უკრაინაში კარგად იცნობენ და უყვართ. თითოეულ ქალაქში, სადაც ზელენსკი და მისი მეგობრები ჩადიან, ორი უფასო კონცერტი იმართება. ბევრი ამას ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევს.

უკრაინელი პოლიტოლოგის მაქსიმ იალის თქმით, ზელენსკიმ და მისმა გუნდის წევრებმა საარჩევნო კამპანია შესანიშნავად ჩაატარეს.

„თუმცა, თუ მსახიობის პროგრამას, სლოგანებს, სარეკლამო რგოლებს ჩავუღრმავდებით, ცხადი ხდება, რომ ის პრეზიდენტობისთვის მზად არ არის. მან არც კი იცის, რა რთულ საქმეს შეეჭიდა“, – აცხადებს მაქსიმ იალი.

ზელენსკის საგარეო პოლიტიკური კურსი ერთი შეხედვით პროდასავლურია, თუმცა საარჩევნო კამპანიის დროს მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის გამართვაა საჭირო.

„მთავარი ინტრიგა, რომელიც ზელენსკის უკავშირდება ის არის, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად ახალგაზრდა ან შუა ხნის ასაკისაა. წინა არჩევნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ელექტორალური ჯგუფი არჩევნებზე ფაქტობრივად არ დადის. დავასახელებდი ორ გადამწყვეტ ფაქტორს, რომელიც ზელენსკის გამარჯვების პერსპექტივას უკავშირდება. პირველი ეხება ამომრჩევლების მობილიზებას, ანუ რამდენად შეძლებს მისი გუნდი ელექტორატის საარჩევნო უბნებზე მიყვანას და მეორე კითხვაა, ეყოფა თუ არა მას რესურსი, შტაბებსა და კომისიებში საკუთარი ხმების დასაცავად. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვრცელდება ცნობები დაგეგმილი ფასლიფიკაციების შესახებ”, – ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი მაქსიმ იალი საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

რეიტინგების უმეტესობას თუ დავუჯერებთ, ვლადიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერია და მეორე ტურში აუცილებლად გადავა.

ზელენსკისგან განსხვავებით მისი კონკურენტები ყველასთვის ცნობილი პოლიტიკოსები არიან. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი და შოკოლადის ფაბრიკა „როშენის“ მფლობელი პეტრო პოროშენკო და უკრაინის ყოფილი პრემიერი-მინისტრი და იულია ტიმოშენკო არიან ჩართულები.

პოროშენკომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი ოპონენეტი არჩევნებზე ვლადიმირ პუტინია, ხოლო ყველა, ვინც მას აკრიტიკებს „კრემლის აგენტი“. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინაში პუტინს მასზე დიდი მტერი არ ჰყავს.

საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტმა არაერთხელ დადო პირობა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა ნატო-სგან წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP), ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვს. ის უკრაინელებს ყირიმის დაბრუნებასაც დაჰპირდა.

ეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინის მთავრობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებსაც ინარჩუნებს, ვაჭრობს რუსეთთან და რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებასაც ახდენს.

პოროშენკოს რეიტინგი 16-18%-მდე მერყეობს. თუმცა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ვიტალი ვლასიუკი ამბობს, მოქმედი პრეზიდენტი, მის ხელთ არსებულ ადმინისტრაციულ რესურსს, აუცილებლად გამოიყენებს.

„ხალხი ამას უკვე შეეჩვია. ვფიქრობ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდება, მაგრამ ეს გადამწყვეტ როლს არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს, რადგან სხვა კანდიდატებს შტაბში გამოცდილი ხალხი ჰყავთ. ვფიქრობ, პოროშენკოს იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად თავს გასვლის საშუალებას არ მისცემენ.“ – ამბობს ვიტალი ვლასიუკი.

ანექსირებული ყირიმისა და დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის თემა ერთ-ერთი უმთავრესია. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობის რისკი მაღალია. მათ შორის საუბარია ინფორმაციულ და კიბერ თავდასხმებზე.

მეტიც, პოლიტოლოგი მაქსიმ იალი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკვე ერევა საარჩევნო პროცესში.

„მოსკოვი ამას ახერხებს სხვადასხვა მედიასაშუალებებით, სადაც უკრაინის არჩევნები მუდმივად მთავარ თემებს შორის არის წარმოდგენილი. ეს გავლენის მოსახდენად, მძლავრი მექანიზმია, რადგან სამწუხაროდ, უკრაინის მოქალაქეთა დიდი ნაწილი რუსული არხების მაყურებელია და ამ გადაცემების ყურების შემდეგ უყალიბდებათ გარკვეული შეხედულებები“,- ამბობს მაქსიმ იალი.

მისივე თქმით, მთავარ რესურსს მოსკოვი, სავარაუდოდ, მეორე ტურისთვის ინახავს.

რუსეთთან კავშირები არის ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატ იულია ტიმოშენკოს ყველაზე ხშირად ახსენებენ. უკრაინელებს განსაკუთრებით კარგად ახსოვთ ბუნებრივი აირის შესახებ პუტინთან გაფორმებული შეთანხმება „მოსკოვის გუგული“.

თავად ტიმოშენკო კრემლთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, ხოლო ერთ-ერთ მიზნად უკრაინაში კორუფციის დამარცხებას ასახელებს. ერთ-ერთ მიტინგზე მან პოროშენკოს უახლოესი მეგობრების დაკავების პირობაც დადო.

შეიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ჯერ რთული სათქმელია. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაში კურსი უცვლელი დარჩება. გამონაკლისია ზელენსკი.

„მან არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, პირადად პუტინთან გამართოს მოლაპარაკებები. რაც მთავარია, მას მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა არ აქვს, ამიტომ მისი ნაბიჯების პროგნოზირება რთულია“, – ამბობს მაქსიმ იალი.

პოლიტოლოგები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა, პირველ ტურში სავარაუდოდ, ვერ გამოვლინდება. საგულისხმოა ისიც, რომ უკვე შემოდგომაზე უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაა, სწორედ ამ არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც უკრაინაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.