პირველად არსებობის ისტორიაში, ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება
პირველად არსებობის ისტორიაში ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება. ინფორმაციას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
18 ივლისს, სსიპ ბათუმის ბულვარმა განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა.
განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.
ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის – ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.
პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების) ნაწილს. ელექტრონულ კონკურსში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.
„ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებისა და დარგის საუკეთესო სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია. კონკურსის დასრულების შემდგომ საპროექტო დოკუმენტაციას ასევე დარგის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული მიმღები კომისია ჩაიბარებს“, – ნათქვამია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.