„ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს,- ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის გარდა ყველაზე მეტი თავდასხმა უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და სირიაში განხორციელდა.
საქმე ეხება 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდს. Fancy Bears -ის სახელით ცნობილი დაჯგუფების წევრებმა აშშ-ში 573 ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა სცადეს. სამიზნეთა შორის იყო ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ასევე ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური ფილიპ ბრიდლავი და მისი წინამორბედი უესლი კლარკიც.
ჰაკერებმა ასევე მიიტანეს იერიში უკრაინელი ოფიცრების, რუსი ოპოზიციონერებისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ქვეკონტრაქტორებზე.
„ასოშიეთედ პრესის“ მიერ მოპოვებული სამიზნეების სიაში Google-ის ელექტრონული ფოსტის 4700 მომხმარებელი მოხვდა. მათ შორის კიევში რომის პაპის წარმომადგენელი, მუსიკალურ ბენდ Pussy Raiot-ის წევრები და სხვები.
ეს ნუსხა ჟურნალისტებმა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კომპანია Secureworks-ის სპეციალისტებთან ერთად მოამზადეს.
როგორც კემბრიჯის კონფლიქტების შემსწავლელ კვლევითი ცენტრში ამბობენ, სია აერთიანებს იმ პირებს ვისი დისკრედიტაცია, დაშინება ან გაჩუმებაც კრემლს სურდა.
რუსი ოპოზიციონერებიდან ჰაკერების სამიზნე მიხეილ ხოდორკოვსკი და ალექსეი ნავალნი გახდნენ.
Secureworks-ის ცნობით, უკრაინაში ჰაკერებმა შეტევა 545 ანგარიშზე მიიტანეს. მათ შორის იყო პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი შვილის ელექტრონული ფოსტა. სიაში მოხვდა ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვის ანგარიშიც.
საქართველოს შემთხვევაში გამოვლინდა 125 ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის მცდელობა.
სპეციალისტების თქმით, ხშირად ჰაკერების სამიზნეებს, რუსეთის გარდა, ერთმანეთთან საერთო არაფერი აკავშირებდათ. მაგალითად, გარემოს დამცველი აქტივისტი მურმანსკში, დამოუკიდებელი გაზეთი სომხეთში და საგანმანათლებლო ორგანიზაცია ყაზახეთში.
„თუ შენ არ ხარ რუსი, ამ ადამიანებზე თავდასხმა უბრალოდ დროის ფლანგვაა”, – ამბობს უილსონის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი მაიკლ კოფმანი.
ჰაკერული დაჯგუფება Fancy Bears 2000-იან წლებში შეიქმნა. ის ცნობილი 2016 წელს გახდა, როდესაც კიბერდამნაშავეებმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერებზე მიიტანეს იერიში.