ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე დავიდ ფერერთან სამ სეტში წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე დავიდ ფერერთან სამ სეტში წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველოვე წრიდან გამოეთიშა ჰამბურგის ტურნირს. მან სამ სეტში წააგო მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან დავიდ ფერერთან.

მატჩი ჯერ ორშაბათისთვის იყო დანიშნული, შემდეგ სამშაბათს გადაიტანეს, მაგრამ ვერ მოესწრო მისი დაწყება. დღეს ოთხშაბათს ჩოგბურთელები კორტზე გავიდნენ და ბასილაშვილისთვის შეხვედრა კატასტროფულად დაიწყო – ფერერმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა. ესპანელს 4:0-ზე მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ბასილაშვილმა მოიგერია. როგორც ჩანს, ამ გეიმის გადარჩენამ ქართველზე კარგად იმოქმედა და მან მეექვსე გეიმში ერთი საპასუხო ბრეიკი შეასრულა – 2:4, მაგრამ მომდევნო გეიმში ფერერმა მესამე ბრეიკი აიღო და შემდეგ, სეტზეც ჩააწოდა – 6:2.

მეორე სეტიც ბასილაშვილისთვის რთულად დაიწყო. პირველ გეიმში მას ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ამის შემდეგ ინიციატივა ქართველმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. მან მეექვსე გეიმში აიღო ბრეიკი და მართალია, ეს უპირატესობა მომდევნო გეიმში გაფლანგა, მერვეში ისევ მოიგო მეტოქის მოწოდება და სეტზე ჩაწოდებაც მოახერხა – 6:3.

მესამე გადამწყვეტი პარტია თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, რის შემდეგაც გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე გეიმი, რომელშიც ფერერმა მატჩში მეხუთე ბრეიკი მიითვალა. ბასილაშვილმაკიდევ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. მან არ მისცა ესპანელს იოლად მოგების საშუალება და ზედიზედ ორი გეიმი მოიგო, მაგრამ ფერერმა მაინც ჩააწოდა მატჩზე – 6:2, 3:6, 6:3 ორი საათი და 3 წუთი ბრძოლის შემდეგ.

ფერერი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო, აშკარად ფორმაშია შესული, რაზეც გასულ კვირას შვედეთის ქალაქ ბაშტადის ტურნირის მოგებაც მეტყველებს. ეს იყო ვეტერანი ესპანელის პირველი ტიტული მიმდინარე სეზონში.

რაც შეეხება ბასილაშვილს, უიმბლდონის შემდეგ, მან ზედიზედ მეორე ტურნირი წააგო პირველივე წრეში.