ჰო, ჩემო შადიმან, არაერთი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი თუ უცხოელი ავტორების შედევრებიდან, ესეც მწერლური ლაბორატორიის (სამზარეულოს თუ სახელოსნოს) ცხოვრების ნაწილია: შეიძლება ითქვას, პირველი ბგერაა, რამაც მკითხველის ყურადღება უნდა მიიპყროს და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლისათვის, ხშირ შემთხვევაში კი მთელი ნაწარმოების ტემპო-რიტმის, მსოფლმხედველობის, ლიტერატურული ესთეტიკის განმსაზღვრელიც.

რადგან მსოფლმხედველობა, ლიტერატურული ესთეტიკა ვახსენე, ისევ და ისევ მივუბრუნდები ჩემს ამჟამინდელ, ვიტყოდი, საკმაოდ ორჭოფულ, არასახარბიელო შემოქმედებით მდგომარეობას და პირველ წერილში გამჟღავნებულ ამბავს შეგახსენებ: – ასეთი გაუგებრობა დამატყდა თავს, ერთდროულად წამოვიწყე (თითქმის ერთდროულად) ორი რომანი. „ორი კურდღლის მადევარი მწევარი ვერცერთს დაიჭერსო“, – ნათქვამია და სამართლიანადაც. მეც არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს ასე, უბრალოდ, პირველი რომანი „გაიჭედა“, „გაონჩდა“, „გაიხირა“, დრო მოვა და თვითონ დამიძახებს ალბათ:  „კაცი იმედით ცოცხლობსო“ – ესეცაა ნათქვამი, ვნახოთ.

სხვას მოგახსენებ, მეორე რომანის ჩანაფიქრის ინსპირაციის წყაროს გავამხელ, რადგან მეჩვენება, სწორედაც ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი სენი შემეყარა – პოსტმოდერნიზმი ჰქვია სახელად. საგანგაში არაფერია, მეგობარო, ამ ეპოქის შვილი ვარ, არაერთგზის გადამიტანია ეგ სახადი, ვინძლო, ამჟამადაც ცოცხლად გამოვატანო თავი. კეთილი, ხანდახან გავიხუმროთ კიდეც, ასე უფრო მეიოლება შენთან ურთიერთობა, გეგონება, გვერდით მყავხარ, თანაც შენი ხელით დაწურულ ჩინებულ ღვინოს შევექცევითო (მომენატრა შენი ქვიშხურა; სხვათა შორის, ძალიან მომენატრა,  მეტისმეტადაც – გაითვალისწინე ეს ამბავი).

მეორე რომანის პირობით სათაურს შეგახსენებ: „მარეხზე პროლოგითა და ეპილოგით“.

შენი არ ვიცი, შადიმან, მაგრამ პროლოგისა და ეპილოგის დანიშნულება მაშინ გავიგე პირველად, „ვეფხისტყაოსანი“-ს სწავლას რომ შევუდექით სკოლაში. ღმერთო მაღალო, ან ჩვენ რას გვერჩოდნენ მასწავლებლები, ანდა, იმ მასწავლებლებს რას ერჩოდა განათლების სამინისტრო, ან კიდევ, ჩვენ (ესე იგი ბავშვები), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და განათლების სამინისტრო რას ვერჩოდით შოთა რუსთაველს?! კარგი, არ მინდა, თემას გადავუხვიო, პროლოგსა და ეპილოგს მივუბრუნდეთ. წერილში შოთა რუსთაველის სტროფი მოვიყვანე იმის მაგალითად, თუ როგორ იწყებს გენიალური ეპიკოსი პოეტი თავის უკვდავ ქმნილებას – უზენაესთან, დამბადებელთან, პირველშემქმნელთან მიმართებით. პოსტმოდერნისტული ეპოქა აქამდე არსებულ ეპოქათა გადაფასების, ამავე დროს, ჟანრული ექსპერიმენტების კულტურულ სივრცეში ცხოვრებას ნიშნავს, რაც, იქნებ, არც ისე „კულტურული“ იყოს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს და შესაძლოა, კაცობრიობის ღრმა მსოფლმხედველობრივ კრიზისზე უფრო მიგვანიშნებსა, იდრე რაღაც ახლის ძიებაზე.

ასეა თუ ისე, ყველა ეპოქა ქმნის ადამიანის გარკვეულ ტიპს (რა თქმა უნდა, ტიპს ვგულისხმობ და არა ხასიათს, რაც მკვეთრად ინდივიდუალურია), ადამიანის გარკვეული ტიპი შექმნა პოსტმოდერნულმა ეპოქამაც. „მარეხზე პროლოგითა და ეპილოგით“ ამ ეპოქის, ამ პროცესის ჩვენს სინამდვილეში გააზრების მცდელობად მესახება, თანამედროვე ქართველი კაცის სახე მაინტერესებს, მისი მიმართება რელიგიასთან, ცხოვრებასთან, ქალთან, ვისაც ერთი სახელი – მარეხი ჰქვია, მაგრამ გმირის ცხოვრების განმავლობაში იმდენგზის იცვლის ზნესა და სახეს, რომ, საბოლოოდ, სრულ პოსტმოდერნისტულ გაუგებრობაში აგდებს გმირს.

რა გითხრა, ჩემო შადიმან, რით გაგახარო (ილიას ნათელმა სულმა მომიტევოს), დავმდგარვარ ამხნის კაცი და ნაბიჯებს ვითვლი; დიდი ვერაფერი გასახარელი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენს საქმეში ასე ყოფილა – სიარულს ახლიდან სწავლობ მუდამ, მეც ამ დღეში ვარ, ერთ მუხლაკანკალებულ ნაბიჯს, მეორე ასეთივე ნაბიჯი მოვაყოლე, შეძახილის იმედადღა ვარ – „გაიარა, დადისო!“

იქნებ გავიარო კიდეც.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11