ნაღდად მითხრა, შადიმან, არ ტყუოდა, ფიროსმანს არ თამაშობდა, საერთოდ არაფერს თამაშობდა, მე რომ მკითხოს კაცმა, „საპოჟნიკობაც“ არ უნდოდა, პატარა სივრცეზე ოცნებობდა, თავისი საყვარელი საქმის კეთებაზე იმ ერთი ბეწო სივრცეში და ალალად ნაშოვნ ორ შაურზე, რაც საშუალებას მისცემდა, ყოველდღიურად ჰქონოდა – ერთი ნაჭერი ყველი, კოხტად გაჭრილი პომიდორი, ცოტა პური და ერთი ბოთლი ღვინო.

მეც ეგ მინდა, შადიმან, რაც წლები მემატება, მეტად და მეტად მეოცნებება ნუგზარის ნაოცნებარი იმ „ცუდ დროში“. თუმცა, დროს არ აქვს მნიშვნელობა; მგონი, დაბადებიდან მინდოდა პატარა ჯიხური, სადაც თავჩახრილი ვიმუშავებდი; ჰო, ალბათ ასეა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, არ დამამახსოვრდებოდა ნუგზარის ნათქვამი. რომ იტყვიან, „ათიანში გაარტყაო“, ეგრე ჩამრჩა, დრო გადის, წლები მემატება და ხშირად მიბრუნდება ის ისტორია, ესაა და ეს.

ნუგზარი მოვიგონე და „პურის მოთხრობა“ როგორ არ ვახსენო. განა მარტო „პურის მოთხრობა“, ბევრი სხვაც, მაგრამ ნაღდი მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჩანახატშიც სულს ღვრის და წერის პროცესში ის ჩანახატი მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ, თავისი „ცხოვრების წიგნის“ სამზადისშია მუდამ. ნუგზარ შატაიძე პირველხარისხოვანი ნოველისტი იყო („პირველხარისხოვანი მწერალი“ ფოლკნერს დავესესხე, მომწონს ეს გაწონასწორებული შეფასება). სიტყვის ოსტატიო, დამკვიდრდა ჩვენში. რას ნიშნავს სიტყვის ოსტატი, თუ არა სიტყვით ხატვას და  ნაღდი მწერლობაც ეს მგონია – სიტყვით ხატვა. ეგ იყო – სიტყვით მხატვარი. ერთი საინტერესო, ნიშანდობლივი თვისება ჰქონდა, გემახსოვრება (ესეც მწერლური სამზარეულოს ნაწილია, ამდენად, საგულისხმოც). რაღაც ისტორიას მოგიყვებოდა ხოლმე, გაკვირდებოდა თანაც; გავიდოდა მცირე ხანი და იმავე ისტორიას სხვაგვარად გიამბობდა, მაშინაც აკვირდებოდა შენს რეაქციას, ასე – რამდენჯერმე. ბოლოს, როცა ნოველად აქცევდა, სულ სხვაგვარად იყო ამბავი მოთხრობილი. ბევრი შესანიშნავი ნოველა და მოთხრობა დატოვა, მაგრამ რომანის დაწერის ჟინი აწვალებდა. ყოველ შემთხვევაში, ნუგზარისაგან რომანის შექმნის სამი-ოთხი მცდელობა პირადად მახსოვს. მონაკვეთებიც წაუკითხავს ჩემთვის; რა თქმა უნდა, ოსტატის დაწერილი, რა თქმა უნდა, ფაბულაც გააზრებული, მაგრამ არა, ვერა, ჩანაფიქრს მოთხრობად აქცევდა ხოლმე მაინც. ბოლომდე წურავდა სიტყვას, შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, ან, იქნებ, მიზეზი ისაა, რომ ბუნებით იყო ნოველისტი; ასეა თუ ისე, ბოლოს და ბოლოს მიაგნო სათავისოს და დაკარგულ, გამქრალ სიტყვებზე შექმნა შედევრი – „პურის მოთხრობა“.

იცი, რა მგონია, ჩემო შადიმან, – ასეთი წიგნის მოთხოვნილება თავისთავად ჩნდება თითქოს, მოთხოვნილება კი ჩნდება, მაგრამ ვერავინ ხედავს მას, ის უბრალოდ არსებობს, როგორც მოლეკულა არსებობს რეალურად, მაგრამ ვერ ამჩნევ; ეხები,  გეხება და ვერ გრძნობ, თუმცაღა არის, ტრიალებს სადღაც – ბუნებაში, ერის ცნობიერებაში, ჰაერში, სადღაც არის, დამნახავს და აღმომჩენს ელის, მაგრამ მხოლოდ ოსტატობა არ ჰყოფნის მის აღმოჩენას, სხვა რამ სჭირდება, რაც ოსტატობაზე მაღლა დგას – გამტარი უნდა იყო; ჰოდა, ეგ მოხდა, სხვაგვარად ისევე არ შეიქმნებოდა „პურის მოთხრობა“, როგორც უზენაესის ნების გარეშე არ შეიქმნებოდნენ პლანეტები, არ შეიქმნებოდა ხე, წყალი, პური, ადამიანი, მწერი, ჟანგბადი, სიტყვა. ჰოდა, ნუგზარმაც აღმოაჩინა ის, რაც არსებობდა და ვერ ვხედავდით; გამტარი იყო მუშაობის პროცესში, იქ ჰქონდა საუბარი, იმასთან, ვისი სიახლოვის შეგრძნებაც გაბრუებს და გაბედნიერებს, იმის ნებით და თავისი ოსტატობით შექმნა ახალი პლანეტა – დაკარგული სიტყვების ოაზისი…

ეჰ, ჩემო შადიმან, სევდა მომაწვა, ძმაო, ჩავალ ქვემოთ, პური მაქვს, მგონი – ყველიცაა შინ, თუ არ არის და ვიყიდი, პომიდორს ვიყიდი ერთ ცალს, ბუნებრივია, ღვინოსაც წამოვაყოლებ ხელს, ამ ყველაზე მოკლე და ყველაზე დაუსრულებელ თებერვალში სათბურის პომიდორი მაინცდამაინც ვერ მხიბლავს, მაგრამ ნუგზარას ხათრით კოხტად გავჭრი, რამე, ხომ გესმის, არა?! უეჭველია, იმასაც ხვდები, ვის შესანდობარს ვიტყვი ღვინით.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11