არტურჩიკას დაბადების ისტორიას გიამბობ, რომელიც ამ ბავშვის უფროსი დისგან გავიგე: არტურჩიკამდე რამდენიმე ვაჟი შესძენია დედამისს, მაგრამ ვერცერთი შეირჩინეს მშობლებმა, ჩვილ ასაკშივე იღუპებოდნენ თურმე. ვიღაც სომეხ ქალს ურჩევია, თუკი ისევ იყოლიებდნენ ვაჟს, ქრისტიანად მოენათლათ. მონათლეს ტერტერასთან, დაარქვეს არტური, შერჩათ, იმაზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე, ელოლიავებოდნენ ნატრულ ვაჟს, დედიან-დებიან-დისშვილებიანად ყველამ უმტკიცესად იცოდა, რომ არტურჩიკას მამა არავის აპატიებდა არტურჩიკასთვის შეებედა რამე; ის მამაც, ვინც ფარად ედგა თავის ვაჟს – ისე მორიდებით იქცეოდა ოთხი-ხუთი წლის ბიჭუნასთან, არტურჩიკა გეგონებოდა უფროსი; ჰოდა, როგორც ჩანს, ისედაც მიზეზიანი ბავშვი, ამდენი ფერება-ალერსით გათამამდა და მეტად გამიზეზიანდა. შავგვრემანი, გაწრუწული ბიჭი იყო არტურჩიკა (ღმერთმა კარგად ამყოფოს, ახლა კაცი იქნება უკვე), შავ-შავი, დახვეული თმა დაბუჩქვოდა თავზე, კისერზე ჯვარი და ავი თვალისგან დასაცავი, შავ ტყავში გამოკრული რაღაც თილისმა ეკიდა, მიზეზიანობასთან ერთად უაღრესად ცელქი, მოუსვენარი, შეიძლება ითქვას, აწყვეტილი, სრულიად მოუთოკავი ვინმე გახლდა, დარბოდა აქეთ-იქით, დასდევდნენ დედა-დები, არიქა, არ წაიქცეს ბავშვიო, შევედრებულად თუ შებედავდნენ – არტურჩიკ, დაისვენე, გენაცვალე, ქანცი გაგვძვრა შენს დევნაშიო, – ამის გამგონე არტურჩიკა ტიროდა დიდხანს და ჟინიანად, წაიქცეოდა – ტიროდა, ხასიათზე არ იყო – ტიროდა, დარბოდა და დასდევდნენ, ხანაც ტიროდა და ამშვიდებდნენ, მაგრამ თავს არ იმშვიდებდა, მეტად ტიროდა, თუ არადა, დარბოდა – დასდევდნენ, იყვნენ ერთ ამბავში. ასიას ეზო-კარში არტურჩიკა გამეფდა, – ან მისი შეუწყვეტელი ტირილი ატანდა ჩემს შუშაბანდამდე, ანდა – არტურჩიკ, „სოლნიშკოს“! – ძახილი. დასრულდა ზაფხულის მომთენთავი სიმშვიდის ხანა. თავს ვიიმედებდი, დღის რაღაც მონაკვეთში ფიჭვნარში წაიყვანენ – მეთქი ბავშვს, მაგრამ თუ მიჰყავდათ, ძალიან მალე ბრუნდებოდნენ, თუ არადა, იქ იყო, დედაბუდიანად ითვისებდა ასიას შემოღობილს; კოღოებმა დაკბინეს და ამაზე სულ გადაირია. ერთხელ, მახსოვს, შუშაბანდიდან მოვკარი თვალი „დაზელიონკებულს“ და ღმერთო შემინდე, ძალაუნებურად, თავისთავად გამეფიქრა, ამ შავგვრემანი, მოუსვენარი ბიჭუნას დაბუჩქულ თმებში ორ საეჭვო რქას ვხედავ-მეთქი.

მუშაობა შეუძლებელი გახდა, მაგრამ სწორედაც აქ ჩნდება ახალი პერსონაჟი, ვინც „ყურთბალიშად“ მოვიხსენიე მოქმედი გმირების სიაში.

კარგა ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ჩემო შადიმან, მიცნობ, იცი – ძალიან შორს ვარ თვითრეკლამისგან, „ყურთბალიშზე“ თუ ვისაუბრებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის პროცესი გავიხსენო, რომელიც ჩემი იმჟამინდელი მტანჯველის, არტურჩიკას წყალობით მეღირსა და აი, რატომაც – მინდოდა ეს თუ არა, არტურჩიკას გამოჩენამ ჩემი სამუშაო რეჟიმი თავდაყირა დააყენა – დღე ღამედ მიქცია, ღამე – დღედ. ღამეები იქამდეც არაერთგზის მიტეხია მუშაობისას, მაგრამ არტურჩიკასგან გამოთავისუფლებული მანგლისური ღამეები არასდროს დამავიწყდება; იმ ღამეებში, ჭოტის შორეულ მოძახილებსა და თავბრუდამხვევ,  ნეტარ სიმარტოვეში ვიგრძენი „ყურთბალიშის“ ენა, რიტმი და ფორმა – წყვეტილი, ხშირ შემთხვევაში ერთსიტყვიანი წინადადებები და თხრობის ერთაბზაციანი მდინარება.

დააძინებდნენ თუ არა არტურჩიკას, მეც მივუჯდებოდი მაგიდას, ვიჯექი დიდხანს, არსად მეჩქარებოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში (ისე, თვითონაც რომ ვერ დამერქვა ამისთვის სახელი) მედიტაციურ პროცესში ვიყავი; ენერგიას ვექაჩებოდი საიდანღაც, მეც არ ვიცი, საიდან, მაგრამ გარინდების იმ საათებში ნამდვილად ვიღებდი ენერგიას, რათა განთიადისას, არტურჩიკას გაღვიძებამდე რამდენიმე საათით ადრე, გამეცა მიღებული…

გამომერანდა, გამოვიშალაშინე მანგლისში ცხოვრება, არტურჩიკაც აღარ მაწუხებდა, თავი შემაყვარა იეზიდმა ცელქმა ბიჭუნამ; მეზობელ ორღობეში ნაყიდ შინაურ არაყს ვსვამდი ხოლმე ნამუშევარზე, არტურჩიკას დედა-დების ალიაქოთზე თბილად მეღიმებოდა ამ დროს, იმ გათვლით ვიძინებდი, რომ საღამოს, უფრო კი ღამისკენ, გამეღვიძა და საქმეს შევდგომოდი.

ახლა რუსი ქალისა და მისი ზორბა თხებისაც ვთქვათ, ისინიც წერიან ამ ამბის პერსონაჟებში.

დაახლოებით ოცი ასეთი ბედნიერი ღამე მქონდა მანგლისში, თვალსა და ხელს შუა შემომეწერა „ყურთბალიში“, საქმე ბოლოსკენ მიდიოდა, მანგლისში ყოფნის უკანასკნელ დღეებს ვითვლიდი, ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი ღამეც დამათენდა, ხელი თავისით წერს თითქოს, მე არაფერ შუაში ვიყავი, თავისთავად იწერებოდა უკვე, წერით კი იწერებოდა, მაგრამ მეზობელი ოთახიდან არტურჩიკას ხმა მომწვდა, უმოწყალოდ და „ერთმნიშვნელოვნად“ (ვინ ამკვიდრებს ამ საშინელ კალკებს ენაში) გაიღვიძა, ცუდ ხასიათზეა თანაც, უნდა გავასწრო!

ფურცლებსა და კალმისტარს დავავლე ხელი, შორიახლოს, პატარა ხევისკენ ფანჩატური მეგულებოდა, დილის ამ საათებში, წესით და რიგით, არავის უნდა დაერღვია მყუდროება, იქით გავეჩქარე. გზადაგზა ვფიქრობდი წინადადებაზე, რომელსაც ფანჩატურში დავწერდი. ვარაუდი გამართლდა, კაცის ჭაჭანება არ იყო, დავჯექი, ვწერ, ვწერ, რაც უფრო მეტს ვწერ, უფრო ცხადად ვხედავ ბოლო წერტილს, ჰოდა, ვუახლოვდები, იქა ვარ, დავსვი ბოლო წერტილიც და გავყუჩდი, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ვარ ასე – რეტდასხმული, დაღლილი, ბედნიერი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11