ხევის მეორე ფერდობიდან მომწვდა ქალის ხმა, რომელიც რუსულად „მოიკითხავდა“ ვიღაცას. ჯერ თხები გამოჩნდნენ – ოთხი თხა, პირველიდან მეოთხეს ჩათვლით არნახულად ზორბები, დინჯად ამტანები „მოკითხვისა“, რომელსაც სუფთად ჩაცმული, თეთრთავსაფრიანი რუსი ქალი წამდაუწუმ და დაუზარებლად უთვლიდა თავის თხებს, ხელში მომარჯვებულ წკეპლას გააშხუილებდა ხოლმე თანაც, ძალიან გაბრაზებული ჩანდა, გაკაპასებულს არ ვიტყოდი, სხვა ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა თხებთან, ისე მიერეკებოდა მათ, როგორც ჩინით უფროსი (სერჟანტი, ანდა ლეიტენანტი თუნდაც) მიერეკება სალდათებს – ჰო, ეგ ვიგრძენი, სალდაფონური ურთიერთობა იყო ქალბატონსა და თხებს შორის; „მოკითხვებს“ რაც შეეხება, იმდენად სახიერი, გამოწვართული ენით ლანძღავდა პირუტყვებს, გეგონებოდა, ეს ქალი იმისთვის დაბადებულა, რომ თხები „მოიკითხოს“, ზორბა თხები კი იმისთვის არსებობენ, რომ სალდათის მოთმინებითა და რუდუნებით აიტანონ თავისი უფროსის ლანძღვაო.

გამეღიმა, მერე გამეფიქრა აფხაზეთზე, ომზე, რუსეთის თარეშზე საქართველოში; თავისთავად ცხადია, ღიმილი ჩამომშორდა, გამახსენდა წინადადება, რომლითაც, ჩემი აზრით, ქართულ ენაზე შექმნილ ყველაზე წონად და მნიშვნელოვან რომანს – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“-ს ამთავრებს ოთარ ჭილაძე – „ცალხელა კაცს მეტი არც მოეთხოვება“.

ცალხელა კაცის მდგომარეობაში ძნელია იმ ხალხთან ომი, ვისი ერთ-ერთი წარმომადგენელიც – სუფთად ჩაცმული,  გაქათქათებულ თავსაფრიანი ქალბატონიც თხებთან  ლეიტენანტია, თხები –  სალდათები…

არა, სხვაგან წავედი ახლა, ფიქრმა წამიყვანა, თუმცა, ეს დრო იყო, „ცუდი დრო“, ჟამიანობა, მაშინ დაიწერა „ყურთბალიში“, არტურჩიკა რომ არა – ალბათ, ვერ დაიწერებოდა, არტურჩიკამ მოახერხა „ექსტრემი“ შეექმნა ჩემთვის, სამუშაო რეჟიმის დრო აერია, მისი წყალობით აღმოვჩნდი უბედნიერეს მანგლისურ ღამეებში. ადამიანები ვართ, ბედნიერებას მიველტვით, იშვიათად, მაგრამ ჟამიანობაშიც არსებობს ხოლმე ბედნიერების განცდა, ადამიანებს მაშინაც ეღიმებათ დროდადრო; მოდი, არტურჩიკას ხსენებით დავასრულოთ ეს ისტორია, იქნებ ახლაც გაგვეღიმოს, მეგობარო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11