რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემო მეგობარო, როცა გავიაზრე, ჯერ მზად არ ვარ – მეთქი რომანის გასაგრძელებლად, ძველ, ნაცად ხერხს მივმართე – ჩანახატის დაწერა ვცადე ხანშიშესულ კაცზე, რომელიც კალათბურთს თამაშობდა ახალგაზრდობაში, ერთ მშვენიერ დღეს სპორტულად გამოეწყო, ეზოში ჩავიდა, კალათბურთის ბურთი ჩაიტანა, გაერთო, 15-16 წლის მოზარდი შენიშნა, მინუს ხუთის თამაში შესთავაზა, რადგან ძალიან მოუნდა, თავი ახალგაზრდად ეგრძნო და ამავე დროს მოეჩვენა, რომ იოლად დაამარცხებდა მოზარდს (კალათბურთს შენც თამაშობდი და კარგად იცი – კალათბურთელის ტიპი არსებობს, კალათბურთელს მოძრაობით, გამოხედვით, მხრებითა თუ ჩამოგრძელებული კიდურებითაც იცნობ, იმ ვაჟს კი კალათბურთელის არაფერი  ეცხო). ჰოდა, მოეჩვენა, იოლად დავამარცხებო და სასტიკად დამარცხდა.

მსგავსი რამ მე გადამხდა და გაბითურების, მხრების ჩამოყრის ის შეგრძნება დღემდე მახსოვს, მოკლედ რომ ვთქვა, ამ ჩანახატის დაწერა განვიზრახე ჩემთვის, უფრო სწორედ, ჩემი „პორტფელისთვის“, სადაც ბევრია მსგავსი ჩანახატი თუ შთაბეჭდილება. დავიწყე და სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ აქედან ახალი რომანი შეიძლება გამოდნეს. ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე – რომანად ჩაფიქრებული მოთხრობის ან ნოველის ფორმას იძენს, ჩანახატად თუ ნოველად ჩაფიქრებული – რომანის ფორმას.

არ ვიცი, რა ბედი ელის ახალ ჩანაფიქრს, იმის თქმა კი შემიძლია, რომ „ბალვანკის“ სახით 25-ი გვერდი დაიწერა და პირობითი სათაურიც არსებობს: „მარეხზე პროლოგითა და ეპილოგით“.

ზემოთ მოგახსენე „გაჭედვის“ ეტაპზე ხშირად გადავრთულვარ ჩანახატზე – მეთქი, მაგრამ აქამდე არასდროს მომხდარა, რომანის შექმნის პროცესში, სხვა რომანის წერა დამეწყო, იმაშიც არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, ეს ისტორია ხორცს თუ შეისხამს და გაცოცხლდება, ჯერ არაფერი ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ მივყვები დინებას და თქვენი ინტერნეტჟურნალის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებად იმასაც მივიჩნევ, რომ შემოქმედებით, პროცესის ფიქსირების საშუალებას იძლევა. ვნახოთ აქედან რა გამოვა, იქნებ ესეების კრებულიც შეიკრას, რადგან ეპისტოლარული ურთიერთობის მონატრებული ფორმა ბევრ საერთო მეგობარს გაგვახსენებს – თამაზ ბაძაღუას, ნუგზარ შატაიძეს, ბადრ ჭოხონელიძეს, ვაჟა ბრეგაძეს, მათ, ვინც იყვნენ და ისეთებად დარჩნენ ჩვენთვის, როგორებიც სინამდვილეში იყვნენ. ინტერნეტჟურნალი შესაძლებლობას მაძლევს, ასოციალურიდან „ზომიერად სოციალურ“ მდგომარეობაში გადავინაცვლო, რაც არ ვიცი, მომეწონება თუ არა, მაგრამ ცდად მიღირს. რაც ჩვენს საერთო მეგობარს, გამორჩეულ ქართველ პოეტსა და უწესიერეს ადამიანს, ზვიად რატიანს „დანაშაულად“ ჩაუთვალეს, იმავე „დანაშაულისათვის“, პირადად მე, უვადო პატიმრობაში უნდა ვიყო, თანაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვიხდიდე სასჯელს. ხუმრობა იქით იყოს, ზვიადს ახლა არ ეხუმრება, იმ სისტემის პირისპირ აღმოჩნდა, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, თაობიდან თაობაში, ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში არ იცვლის სახეს, ვერა და ვერ გაადამიანურებულა.

ზუსტად ვიცი, მკაფიოდ ვხედავ, რაც „გაუჩალიჩეს“ (მაპატიე ჟარგონისათვის, მაგრამ სწორედაც „გაუჩალიჩეს“), როგორც „ააგდეს“ ნასვამი კაცი და რა მერე – მე რომ ზუსტად ვიცი და მკაფიოდ რომ ვხედავ, სიმართლე გაიმარჯვებს? რიტორიკული ტონი შეეპარა ამ კითხვას, დაახლოებით იმგვარად გაიჟღერა, „გვეშველება რამეო“? თაობიდან თაობაში და ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში რომ დამოგზაურობს ბეხრეკ როსინანტზე შემომჯდარი მწუხარე სახის რაინდივით.

კეთილი, შადიმან, სიმართლე გითხრა, ძალიან მეეჭვება, ორ რომანზე ერთდროულად მუშაობიდან რამე სახეირო გამოვიდეს,  თუმცა ვნახოთ, პროცესს მივყვეთ, დროდადრო შეგეხმიანები ხოლმე, ხან ფრაგმენტს გამოგიგზავნი ერთი ან მეორე რომანისას, ხანაც ჩანახატს, თუ არადა, ჩემს ჭმუნვა-ფიქრს გაგიზიარებ; მერწმუნე, ჩემო ძმაო, ეპისტოლარული ურთიერთობის ეს ფორმა შვებასთან ერთად დიდი ფუფუნებაცაა კარგამოკეტილი მწერლისათვის.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11