თქვენთან სწორედ ეს მონაკვეთი დაიბეჭდა – მთავარი გმირი მოსაპარად მიემართება მიწისქვეშა გადასასვლელში. მიწისქვეშეთში მოგზაურობა მომავალი რომანის (თუკი გასრულება მეღირსა) კულმინაცია უნდა იყოს და, როგორც ახლა მეჩვენება, თხრობის მანერაც უნდა შეიცვალოს, უკიდურესად „აიჭრას“ ტექსტი, ტემპერატურამ დუღილის ზღვრამდე მიაღწიოს, ამავე დროს, გასაგები გახდეს კავშირი მოთხრობასთან – „ქელეხი ქარში“, რადგან, საბოლოოდ, ეს ორი ნაწარმოები ერთ წიგნად ჩავიფიქრე და სათაურიც მოვუძებნე – „ქელეხი – ქორწილი“.

სათქმელს დავუბრუნდეთ – მწერლის სახელოსნოს, სამზარეულოს თუ ლაბორატორიას, როგორც გენებოს, ისე მიიღე. რამდენიმე ცდა მქონდა, რათა მიწისქვეშეთის  ბაზრობაზე მოხვედრილი დეა (მთავარ გმირს დეა ჰქვია) ჰიერონიმუს ბოსხის კოშმარში გამეტარებინა, მაგრამ, ჯერჯერობით, სასურველ შედეგამდე ვერ მივედი. როგორც ჩანს, დრო სჭირდება, ამას გაძლებაც უნდა და სიმართლისთვის თვალის გასწორებაც, ეს კი, მოგეხსენება, მტკივნეული, ვიტყოდი, შემოქმედებით პროცესში ყველაზე მტანჯველი ეტაპია. წერილის თავში ნათქვამს გავიმეორებ, – ყველა თავისებურად ტრიალებს თავის „სამზარეულოში“, თავისებურად ქმნის „საფირმო კერძს“, ეს პროცესი მკვეთრად ინდივიდუალურია და ის „ეშმაკობები“, „ხრიკები“, „თავის მოქონვები“, თუ, რაც გნებავს ის დავარქვათ, საბოლოო მიზანს ემსახურება – „კერძი“ სათანადოდ უნდა შეიკმაზმოს, ადრე თუ გვიან, ჩაფიქრებული წიგნი უნდა დაიწეროს. ადრე თუ გვიან – მეთქი, ვწერ და თავში ნათქვამს ვუბრუნდები ისევ – ყველა წიგნს თავისი ბედი დაჰყვება, მომწიფების თავისი დრო აქვს და ამას მწერალი (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ) სიტყვიდან გრძნობს, უფრო სწორედ, იმ ენერგეტიკიდან, რომლითაც მის მიერ დაწერილი ტექსტი იმუხტება, თუ ვერ იმუხტება. „მიწისქვეშეთის“ ეპიზოდმა მომავალი რომანი (თუკი მეღირსა – მეთქი მისი გასრულება) დროებით გააჩერა. მაგრძნობინა, რომ სხვა ენერგიაა საჭირო, როცა ბოსხის ალუზიებით გინდა გააცოცხლო სიტყვა, გმირის მდგომარეობა, მიწისქვეშეთის ბაზრობის ატმოსფერო. მძიმე იყო სიმართლისთვის თვალის გასწორება, რამდენჯერმე შევეცადე კიდეც, თავი მომეტყუებინა, რადგან ადამიანი ბუნებითაა სულსწრაფი და მეც ერთი რიგითი ადამიანი ვარ, სადღაც მეჩქარება, ვფათიფუთობ, გეგონება დოღის ახალბედა ცხენზე შემომჯდარი ახალბედა ჟოკეი ვიყო და თავის გამოჩენა მეშურებოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ვაჯობე სულსწრაფობას, უსაგნო, უშინაარსო, ფუჭი აღტკინების დაოკება შევძელი და გავაცნობიერე – „ქორწილი ქარში“ არ მომწიფებულა, დრო სჭირდება.

ახლა იმ „ეშმაკობაზე“, „ხრიკზე“ თუ „თავის მოქონვაზე“ მოგახსენებ, რასაც რიგ შემთხვევაში მივმართავ ხოლმე ასეთ ჟამს. ვცდილობ, ახალი რამ დავიწყო – თუნდაც ჩანახატი, რომელიც ან იხილავს დღის სინათლეს, ან – არა (როგორც წესი – არა), თუნდაც შთაბეჭდილება წაკითხულ წიგნზე, რაღაც, რაც შესაძლებლობას მომცემს, მთავარ საქმეს გავუუცხოვდე, დრო ისე გავათრიო, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე, ამავდროულად ახალი თვალით (როცა ამის დრო მოვა) წავიკითხო აქამდე დაწერილი. სიმართლე გითხრა, პრაგმატულ მიზანთან ერთად ჩემი ამგვარი „ხრიკი“ იმ ყმაწვილის საქციელსაც ჩამოჰგავს, ყურებამდე შეყვარებული რომ არის გოგონაში და სხვა გოგოსთან ფლირტაობით ცდილობს თავისი „გულის ვარდის“ ყურადღების მიქცევას. ჰო, ცოტათი ამას ჩამოჰგავს, გამეღიმა კიდეც, ეს რომ დავწერე, მაგრამ ნუ დავივიწყებთ პროცესს, რომელიც კარგამოკეტილ სიმარტოვეში ვითარდება. ხანგრძლივი სიმარტოვის შენივე ნებით არჩეული ეს მდგომარეობა ასოციალურს გხდის, ცრუმორწმუნეობისგანაც არაა შორს, სხვა სინამდვილეში გაცხოვრებს, სადაც ილუზიები დამაჯერებელ ნიღაბს ირგებენ, გარწმუნებენ, რომ თუკი ასე და ამგვარად მოიქცევი, შენი ჭმუნვა-ფიქრის ობიექტის, შენი თვალწარმტაცი მტანჯველის იმედისმომცემ მზერასაც ეღირსები ოდესმე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11