12 თებერვალი, 2018 წელი
რაც ვივარაუდე, სამწუხაროდ, გამართლდა, ჩემი მაგიდა უჯრედიანი რვეულის ფურცლებითაა სავსე (უჯრედიან ფურცელზე ვწერ, ცალხაზიანზე – ვერა), ფურცლების გორაკია წამომართული სავარძლის გვერდით, იატაკზე, ვზივარ სავარძელში, ახლა ის მეორე წამოწყებაც გაიხირა, არცერთი მეძახის, არ მეწერება, დამთრგუნველი მდგომარეობაა, არ მეწერება კი არა, შეგრძნება მაქვს, თითქოს არასდროს არაფერი დამიწერია, არადა, მაინც ჯიუტად ვზივარ სავარძელში, წინ მაგიდაა, მაგიდაზე ფურცლები, იატაკზე ფურცლების გორა, ახალაშენებული თეთრი კორპუსი მიფარავს პეიზაჟს, ჩემი სარკმლიდან დიღმის გორებს მივაბჯენდი ხოლმე თვალს, რაღაცნაირად მეხმარებოდა, ახალაშენებული თეთრი კორპუსი ვერ მეხმარება, კორპუსის თავზე ცა მოჩანს, ცის ნაგლეჯიდან ზამთარი იგრძნობა – თებერვალი, ყველაზე მოკლე და ყველაზე დაუსრულებელი თვე, თავს ვაიძულებ, სავარძელს არ მოვწყდე, მეშინია ჩემი თავის, ქვემოთ მაღაზიაა, მაღაზიაში – სასმელი, სავარძლიდან თუ ავიზიდე, მაღაზიას მივაშურებ, მერე „ზაპოი“ დაიწყება, ამიტომაც ვზივარ სავარძელში და უჯრედიანი ფურცლებით გარემოცული, ჩემს უმწეობაში ვიხრჩობი.
ჰო, ასეა.
გაძლება უნდა.
ვიცი; ისიც ვიცი, რომ არაფერი ვიცი.
მაშინ რას და რატომ უნდა გაძლება, თუკი ვიცი, რომ არაფერი ვიცი?! მაღაზია და მისი ჯანი! სასმლის ფული მაქვს, ნისიაზეც მენდობიან. თიკო, თამუნა, თეა და თამუნა – ორ ცვლაში მუშაობენ წყვილ-წყვილად, ოთხივე მენდობა და როცა ნისიის დანახარჯს ინიშნავენ ხოლმე უჯრედიან რვეულში /იქაც უჯრედიანი რვეული აქვთ/, რატომღაც, რეჟისორს წერენ ჩემი სახელის გვერდით, – „ირაკლი – რეჟისორი“. სასაცილოა. არ ვარ – მეთქი რეჟისორი, – შევეხუმრე, რეჟისორს წერენ მაინც. მომკალი და მწერალი ვარ-მეთქი, ნუ მათქმევინებ უცხოსთან. მერიდება კი არა, მეხამუშება, თითქოს სახალხოდ ვყვირიო; ჰოდა, მეხამუშება, მერცხვინება, არ მინდა სახალხოდ ყვირილი; იცი, რა მინდა, შადიმან? ერთი ისტორია გამახსენდა, შეიძლება მოყოლილიც მაქვს შენთან, თუ ასეა, ეგ არაფერი, ის ამბავი ხშირად მიბრუნდება, თავს არ მანებებს, ერთხელაც მოვყვები:
იმხანად მერამდენეღაც ინფარქტი ჰქონდა გადატანილი ნუგზარ შატაიძეს, ზუსტად არ მახსოვს მერამდენე, მახსოვს, ცუდი დრო იყო; ჰო, ის წლებია, „ცუდი დროს“ სახელი რომ დაიმკვიდრა ჩვენს გაუხარელ ყოფაში. ნუგზარი ნაინფარქტალია, ზემელით მივდივართ ბელინსკის აღმართისკენ, პანაშვიდზე. რაღაცნაირი სიარული იცოდა ცხონებულმა, ცალი მხარი დახრილი ჰქონდა, ნაბიჯის გადადგმისას მუხლს იკეცავდა უცნაურად. ასე მივდიოდით ბელინსკისაკენ, დროდადრო ვისვენებდით. მუქი პირისკანი შეფითრებოდა, არწივის ნისკარტივით მოკაუჭებული ცხვირის ნესტოებიდან ხარბად იჭერდა ჰაერს, მაგრამ გამომეტყველება ისეთი ჰქონდა, – „ეგ არაფერი, ყველაფერი რიგზეა“, – გამომეტყველება რომ არსებობს, ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. როცა იცი, ადამიანი შეუძლოდაა და იხტიბარს არ იტეხს (თუნდაც ეს შენს დასანახად ხდებოდეს), პატივისცემის გრძნობა გიმძაფრდება, გული გისათუთდება, კონკრეტული ადამიანიდან გიყვარდება ადამიანი ზოგადად, რწმენა გეძლევა, სიკვდილის შვილები ვართ და იმის შემხედვარე შენს თავსაც ხედავ უცილობელი და ყველაზე იდუმალი განსაცდელის წინ, გეგონება, თავს იმხნევებო. ჩვენი შესვენებებიც ამას ემსახურებოდა – თითქოს ნუგზარი კი არ იყო ცუდად, უბრალოდ, არსად გვეჩქარებოდა, მივსეირნობდით, დროდადრო თუ ვჩერდებოდით, ამვლელ-ჩამვლელის, ქუჩის, სახლების დასათვალიერებლად, სხვა – არაფერი, ყველაფერი რიგზე იყო თითქოს, თამაშის ეს წესი შემომთავაზა უთქმელად და მეც ავყევი. ნუგზარი კუშტი კაცი მოგეჩვენებოდა თავიდან, მაგრამ იშვიათად მინახავს, ასეთი სითბო იღვრებოდეს ადამიანის თვალებიდან. დაშაქრული სხვაა, დაშაქრული – არა, ეგ ნუგზარს არ ეკადრება და ახლოსაც არაა იმასთან, გაღიმებისას რა ნაღდი, კეთილშობილი, სხივდამდგარი თაფლიც ჩაუდგებოდა ხოლმე თვალებში. სევდაც ერია მის ღიმილს, საიდანღაც მოჟონავდა – გულიდან, ცხოვრებიდან, ხელობიდან, თუ თავის დაბადებამდე წარსულიდან, არ ვიცი, მაგრამ – მოჟონავდა კი; ჰო, ასე იყო. სიტყვა გამიგრძელდა, ამბავს დავუბრუნდეთ.
როგორც იყო მივადექით ბელინსკის ქუჩას, შევიაღმართეთ, შეჩერდა; მეც გავჩერდი, ვატყობ, რაღაცას აკვირდება დაჟინებით, თვალმოუწყვეტლად. გავაყოლე მზერა. გემახსოვრება, შადიმან, ბელინსკის აღმართში, მარჯვენა მხარეს, წლების განმავლობაში იდგა მეწაღის ჯიხური. იქით იცქირებოდა. როდის-როდის გამომხედა, მეუბნება:
– იცი, ირა, რა მინდა ყველაზე ძალიან?
– რა, ნუგო? – ვეკითხები.
– ჯიხური მინდა მქონდეს, „საპოჟნიკი“ ვიყო, ჩაქუჩი, სადგისი, რამე, რაც სჭირდება „საპოჟნიკს“, ძველი ფეხსაცმელები შევაკეთო, ვიჯდე ჯიხურში და ვიყო ჩემთვის, ორი შაური მინდა, ბევრი არაფერი, ერთი ნაჭერი ყველი, პომიდორი, რამე, კოხტად გაჭრილი, ცოტა პური და ერთი ბოთლი ღვინო, აი, ეგ მინდა ყველაზე მეტად.