20 იანვარი, 2018 წელი

 

ჩემო შადიმან!

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაარსებულმა ინტერნეტჟურნალმა ჩვენი თანამშრომლობის ფორმაზე დამაფიქრა. მეჩვენება, საინტერესო პროცესის თანაშემოქმედნი შეიძლება გავხდეთ და სწორედ შენ, ინტერნეტჟურნალის ერთ-ერთ თავკაცსა და ჩემი სიყრმის მეგობარს მინდა გაგიზიარო ფიქრები.

დავიწყოთ იმით, რომ ინტერნეტჟურნალი საშუალებას იძლევა ტექნოკრატიულ ეპოქაში მივიწყებული ეპისტოლარული ურთიერთობის ფორმა მოვარგოთ სათქმელს, რაც, დამეთანხმები ალბათ, გულწრფელობის მეტ ხარისხს გულისხმობს, მენატრება, კარგამოკეტილ, ყოფითი პრობლემებით დახუნძლულ ჩვენს სიმარტოვეში სულის მოთქმად, შვებად დავიგულე. ჩემმა „ენთუზიაზმმა“ არ შეგაკრთოს, ეს სრულებით არ გულისხმობს, რომ საპასუხო წერილს ველი შენგან; უბრალოდ, მე მჭირდება ადრესატი, ვისაც ფიქრს გავუზიარებ, მოვყვები იმაზე, თუ რა შემოქმედებით პროცესში ვარ ამჟამად, ჩემი „სამზარეულოს“ (რაც, მოგეხსენება, ყველა მწერლისთვის, ზოგადად, შემოქმედისთვის ერთობ ინდივიდუალურიცაა და ინტიმურიც) ზოგიერთ დეტალს ავხდი ფარდას, პროცესის ფიქსირებას შევეცდები, მოკლედ რომ ვთქვა, სულის კარდიოგრამას მოგაწვდი დროდადრო, რადგან შენზე უკეთეს ადრესატს ვერ ვინატრებდი, ამ საჩუქრის ხელიდან გაშვება არ მეთმობა და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ლაბორატორიის (გნებავთ სახელოსნოს თუ სამზარეულოს, ეს არ არის არსებითი) ფარული, მკითხველისათვის უხილავი ცხოვრება, გარკვეულწილად საინტერესო იყოს არა მარტო სხვებისათვის, ჩემთვისაც; დიახ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა ჩანდეს, ჩემთვისაც საინტერესოა, რა გზას გავდივარ ახლა, რადგან ყველა ნაწარმოებს თავისი ბედი დაჰყვება ხოლმე, მომწიფების თავისი დრო აქვს; სანამ წიგნად იქცევა, იდუმალებით აღსავსე მოგზაურობაშია და როგორც წესი, არასდროს მოგზაურობს ერთსა და იმავე მხარეში, ახალი მარშრუტის ძიებაში დაეხეტება აქეთ თუ იქით, ხანდახან გზა ერევა, თუ არადა, წრეზე დაჰყავხარ, იმ მეგზურივით გაღიზიანებას, მხარი რომ ექცა და მრავალრიცხოვან, გაანჩხლებულ კითხვებზე პასუხს არ გცემს, ჯიუტად დადუმებულა.

მაინც რომ მიჰყვები? ჰო, მაინც მიჰყვები ალღოს, შენს მტანჯველ მეგზურს, ან გაგიყვანს ბოლომდე, ან – ვერა; არც ეს იცი და კვალში უდგახარ – თუ ვერ გაგიყვანა, ესე იგი, დრო სჭირდება, თუ დააყენა საშველი და ბოლომდე მიგათრია, შვების, ვალმოხდილობის (არ მინდა სიტყვა – „სიამოვნება“ მოვიხმო, არ არის ზუსტი სიტყვა), ჩვილ სიცოცხლესთან შეხების ამაფორიაქებელი, ჟრუანტელის მომგვრელი შეგრძნება გეუფლება რამდენიმე წუთით, რამდენიმე საათითა თუ რამდენიმე დღით, ამის შემდეგ კი სხვა სატანჯველში ვარდები, გაუცხოებას ვცდილობ ნაწარმოებთან, რადგან ამის გარეშე ვერ წამოიწყებ ახალ  მოგზაურობას. პარადოქსია, მაგრამ ჩემთვის კი ასეა, – ერთი სატანჯველიდან  თავის დაღწევას  ვესწრაფვი, რათა ახალ სატანჯველში მოვახერხო გადაშვება.

არაფრის იდეალიზება არ მინდა, მით უმეტეს – წუწუნი, არჩევანი თავად გავაკეთე, სხვაგვარი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და ახლიდან რომ შეიძლებოდეს, იმავე გზას ვირჩევდი. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ილუზიების ტყვე ვარ, მაგრამ ეს ჩემი ილუზიებია ჩემს თავშესაფარში, რომელიც მებოძა თუ რომელიც მოვიპოვე და ისე გავშინაურდი მათთან (ანუ, ილუზიებთან), როგორც ძველი მობინადრე უშინაურდება ბინაში კარგა ხნის წინ განლაგებულ ავეჯს; აქ თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს, თავისი დანიშნულება – სავარძელი, მაგიდა თუ კვარი მაგიდაზე, რომელსაც დროდადრო ცეცხლს ვუნთებ ხოლმე და კვამლის სუნით ვცდილობ სამუშაო განწყობის შექმნას, იმისათვის არსებობს, რომ ჩემი დროებითი, ილუზორული გამარჯვებებისა თუ ჩემი თანმდევი მარცხის თანამონაწილეც იყოს და თანაშემოქმედიც.

ახლა, ჩემო შადიმან, უფრო კონკრეტულ ამბავზე მინდა გადავიდე და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა გაგიმჟღავნო. თქვენს ინტერნეტჟურნალში ჩემი მომავალი (თუკი მეღირსა ბოლო წერტილის დასმა) რომანის – „ქორწილი ქარში“ მცირე ფრაგმენტი დაიბეჭდა. არ ვიცი, რამდენად გაამართლებს, მაგრამ გავბედე და იმ კლეპტომანი ქალის პირველი პირიდან შევეცადე მომეთხრო ბოდვითი ისტორია, ვისი მდგომარეობაც უაღრესად სტრესულია და ვინც სიგიჟის, სუიციდის ზღვარზეა.

მთავარი გმირი თეატრის მსახიობია, წლების განმავლობაში ცხოვრობს მოლოდინის რეჟიმში; კარგა ხანია, როლი არ ღირსებია, პირადი ცხოვრებაც ვერ მოიწყო, ვერსად იხარჯება, ერთადერთი ვნებაღა შერჩა – კლეპტომანია, მისთვის სრულიად უსარგებლო ნივთის მოპარვისას ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ეს კი, თითქოს, მონატრებულ  სცენაზე აბრუნებს.

„ნადირობაშიც“ არ გაუმართლა, ჩაფლავდა, „დაიწვა“, „ფაქტზე ჩაავლეს“, ესეც არ აკმარეს და შერცხვენილი, ნებაწართმეული, გაბითურებული საბოლოოდ ჩაწიხლეს – ნევროპათოლოგმა გააუპატიურა. ამის შემდეგ ხელმოსაჭიდი აღარაფერი შერჩა, შიში დაეუფლა და შიშის დასაძლევად გაემართა მიწისქვეშა გადასასვლელში გამართულ ბაზრობაზე, იქ უნდა მოიპაროს, შიში დაძლიოს, უკანასკნელი ვნება დაიბრუნოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11