დავაზუსტებ – იყვნენ არტურჩიკას დისშვილებიც, აღარ მახსოვს რამდენი, თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არტურჩიკა იყო მთავარი, ყველაფერი ამ ბიჭუნას ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის ჩემი „ყურთბალიშიც“; ჰოდა, თუკი მოქმედი გმირების ჩამოთვლას შევუდექი, „ყურთბალიშსაც“ გავრევ პერსონაჟად; ჩემზე უკეთ მოგეხსენება, შადიმან, თეატრი, დრამატურგია იტანს პირობითობას, პროზა – დეტალს ანიჭებს უპირატესობას, ალბათ ესეცაა მიზეზი, ტოლსტოისთვის მიუღებელი რომ იყო შექსპირი; თუმცა, არ გვინდა ლიტერატურულ წიაღსვლებში ფათური, არტურჩიკას დავუბრუნდეთ, მოქმედ გმირთა სიაში მე-7 პერსონაჟი „ყურთბალიში“ იყოს, მე-8 პერსონაჟი – რუსი ქალი, 60-65 წლისა, თეთრი, გაქათქათებული თავსაფრითა და წკეპლით ხელში; მე-9,10,11,12 პერსონაჟებად კი რუსი ქალბატონის თხები ჩამოვწეროთ, მაგრამ აქაც დავაზუსტებდი ერთ დეტალს – არც მანამდე, არც მას მერე, არსად მინახავს ასეთი ზორბა თხები, ჰოდა, ამ ისტორიის დამაინტრიგებელი სათაურიც თავისთავად გამოგვიცხვა:

არტურჩიკა, „ყურთბალიში“ და რუსი ქალის ზორბა თხები.

დავიწყოთ:

როგორც წესი, ძალიან ადრე მეღვიძება, თავს მოვიწესრიგებ თუ არა, მაგიდას მივუჯდები ხოლმე, ჩემთვის ეს დროა ყველაზე ნაყოფიერი – „დილის 17 წუთიდან“ (ასე შევარქვი ადრიან დილას) დღის 3 საათამდე.

ნაყოფიერია – მეთქი, დავწერე, მაგრამ ვერაფერი დნებოდა ჩემი ხელიდან, არ მომწონდა, არ მიცოცხლდებოდა სიტყვა, ვიყავი ეგრე – გაწბილებული, ჩემს თავზე გულგატეხილი, უმწეოდ მარტოდშერჩენილი მაგიდას, ფურცლებს, ფურცლებზე კალმისტრით აღბეჭდილ ჩემს ნაცოდვილარს; თვალს ეხამუშებოდა, რიგ შემთხვევაში, ესაზიზღრებოდა კიდეც, ტლუ სიბეჯითით გამოჯახირებული წინადადებები, რომელთა მიღმა არაფერი სუნთქავდა, არაფერი ცოცხლობდა; თვალი თავისით გამირბოდა ასიას მშვიდი, აყვავებული ეზოსკენ, იქ სიჩუმე ბზუოდა ზაფხულის ჩუმი, მომუნთავი ბზუილით, ხანდახან ფუტკარი ჩაიფრენდა – მძიმედ, მოზომილად, ხანდახან – ნეხვის ბუზი, რომელიც ჩემს უნაყოფობას აიყოლიებდა ხოლმე მეწყვილედ, ფრენდნენ ნეხვის ბუზი და ჩემი უნაყოფობა ერთ სივრცეებში, ხმაშეწყობილად.

სიჩუმეს, მშვიდ გარემოს ვეძებდი, ვნახე, ჩავსახლდი და ის სიჩუმე მექცა ტანჯვად. რამდენიმე დღის განმავლობაში ვიყავი ასე, მაინც ვწერდი, ვწერდი და თვალს ვარიდებდი ჩემს ნაწერს, თვალი თავისით გამირბოდა ასიას მშვიდი, აყვავებული ეზოსკენ…

იმ დილაადრიანადაც ჩვეულებისამებრ მივუჯექი მაგიდას, ოჯახის წევრებს ეძინათ. მომეჩვენა, რომ რაღაცას ჩავავლე, ჩავეჭიდე, იმედი მომეცა – ვწერ. გაიღვიძეს ბავშვებმა, მეუღლე საუზმის სამზადისს შეუდგა, ვატყობ – მაღიზიანებენ, ერთი სული მაქვს, როდის გაიკრიფებიან ფიჭვნარში. გაიკრიფნენ, მაგიდას მივუბრუნდი, მოვიგანწყობე თავი – ვწერ, მეწერება, აღარ ვიცქირები ეზოსკენ.

დღის ორი საათისთვის ასიას კარ-მიდამოში ჩამომყუდროებული ზაფხულის მშვიდი გარემო ერთბაშად და უშეღავათოდ დაირღვა – ჭიშკრის გაჭრიალებას მრავალრიცხოვანი ჯალაბის ხმები მოჰყვა, მრავალრიცხოვან ხმებში ერთი გამჭოლი, მწივანა ხმა წრიალებდა განწირულად, ის ხმა მოითხოვდა – მომხედეთ, ვტირი მე, ვტირიო! ამშვიდებდნენ აქედან თუ იქიდან, – არტურჩიკ! არტურჩიკ, „დოროგოი“, არტურჩიკ, „ხვატიტ, სოლნიშკო“! და ასე შემდეგ და მისთანანი; სულ საალრესო სიტყვებით ამშვიდებდნენ, სადაც მშობლის სიმკაცრეს კი არა, დაყვავებასაც არ ედო წილი, მონდომებულად ეალერსებოდნენ, სულის ყველაზე სათუთი სიღრმეებიდან ამოზიდული სიტყვებით ცდილობდნენ მის დამშვიდებას და რაც უფრო ამშვიდებდნენ, მეტი მომთხოვნელობით, უმეტესი განწირულობით წრიალებდა არტურჩიკას მწივანა ხმა.

მოკლედ რომ ვთქვა, სანამ არტურჩიკას ვიხილავდი, იქამდე გამაგებინა არტურჩიკამ თავისი არსებობის ამბავი. მერე, ბუნებრივია, ვნახე კიდეც. ასიამ პირველ სართულზე, ჩვენს მეზობლად შეიმდგმურა არტურჩიკას ოჯახი, ახლა ოჯახზე:

თბილისელი იეზიდები იყვნენ, რუსულ-ქართულად მოსაუბრენი. ოჯახის უფროსი გაწონასწორებული, ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე შუახნის კაცი იყო, მაცივრების ბაზაში ჰქონდა წილი, ოჯახს აცხოვრებდა. ჰყავდა სამი ქალიშვილი, სამივე სათანადოდ და ღირსეულად დაბინავებულ – დაოჯახებული, სამი ქალიშვილისაგან ჰყავდა რამდენიმე შვილიშვილი, ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი, რადგან არტურჩიკას ფონზე სხვა ბავშვის ხმა, ფაქტობრივად, არ ისმოდა, არტურჩიკასთან სხვა ბავშვის არსებობას ვერც კი იგრძნობდი. რაც შეეხება დედას, – შუახნის სანდომიანი ქალბატონი იყო; ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იქნებოდა, ღვთისგან ბოძებული სილამაზის ნაშთი ჯერ კიდევ შერჩენოდა სახეზე, მაგრამ თვალებში ედგა გამოტანჯული დაღლილობა,  ოცნება სრულფასოვან, ღრმა, უშფოთველ ძილზე…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11