23 იანვარი, 2018 წელი

 

ჯერ კიდევ ფეხაუდგმელი ბავშვი ორ ნაბიჯს თუ გადადგამს, – „გაიარა, დადისო!“ – ტაშს შემოჰკრავენ ხოლმე სახეგადანათებული მშობლები და ბებია-ბაბუები. ჩავთვალოთ, რომ მეორე ნაბიჯის გადადგმის მცდელობა მაქვს ჩემს ეპისტოლარულ ყბედობაში, ზეაწეული ხელებით ვცდილობ წონასწორობის შენარჩუნებას, რაღაც ახალი რომ იწყება, – ვგრძნობ, მაგრამ სიახლის გააზრების, გაცნობიერების ძალა არ შემწევს, ერთ ნაბიჯს მეორე უნდა მივაყოლო – ვიცი, მივყვები ინსტიქტს.

ინსტიქტი დიადი ფენომენია, ის წყალობაა, რაც აშკარად არსებობს ცოცხალ ორგანიზმში, მაგრამ ვერ ხედავ, ხელით ვერ ეხები, ბოლომდე ვერც კი იაზრებ, თუმცაღა ხშირად, ძალზე ხშირად ემორჩილები მას. ამასთან დაკავშირებით ჯემალ ქარჩხაძის ბრწყინვალე „იგი“ გამახსენდა, მართალია, ამ მოთხრობაში სხვა თემაა წინა პლანზე, მაგრამ სწორედაც მხრებში გამართული იმ პირველი ადამიანის წყალობით გამიჩნდა ალუზია ბავშვზე, ვინც ზეაწეული ხელებით ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას, პირველ ნაბიჯს მეორეც რომ მიაყოლოს.

მონადირე კაცი ხარ, ჩემო შადიმან, ჩემგან რა გესწავლება, კარგად, სიღრმისეულად უწყი ამა თუ იმ ჯიშის ძაღლის სამონადირეო ინსტიქტების შესახებ. შექსპირს დავესესხები – ძაღლის ბევრი ჯიში არსებობს, თუმცაღა ყველას ძაღლი ჰქვიაო.

ნურც შენ გამიგებ ცუდად, ნურც – სხვა, ჩემი მიზანი არაა ადამიანისა და პირუტყვის შედარება; თუმცა, ერთიცა და მეორეც ცოცხალი ორგანიზმია, თავის გენეტიკურ კოდს ატარებს, რაც, გარკვეულწილად, განაპირობებს კიდეც მის ინსტიქტებს.

ამას იმიტომ მოგახსენებ, რომ არსებობს მწერლის ინსტიქტი, ალღო, გულისხმა, რაც გნებავს ის დავარქვათ, მაგრამ ცხადია, რომ არსებობს და სწორედაც ეს ალღო თუ ინსტიქტი კარნახობს მწერალს თავისი ნაწარმოების პირველ წინადადებას.

„იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი“… – გასაოცრად ჩამთრევი რიტმით იწყება ქართული ხალხური ზღაპარი, შეუძლებელია, ამ მომხიბვლელმა დინებამ არ შეგიტყუოს, არ მოგნუსხოს, არ დაგაინტრიგოს…

ანდა:

„გავა დრო და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგარი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია გაიხსენებს იმ შორეულ დღეს, როცა მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად“ (თუ სტილი დავარღვიე, ბოდიშს ვიხდი, მე ასე ჩამებეჭდა გონებაში).

რა დამუხტულ ენერგეტიკულ ველს ქმნის მარკესი პირველი წინადადებისთანავე, საიდან იწყებს თავის საგას ბუენდიებზე, ახალი სამყაროს (სოფლის) დაარსებასა და გარდაუვალ აპოკალიფსზე.

თუნდაც გოგოლი გავიხსენოთ, „რევიზორი“: იმიტომ შეგკრიბეთ, ბატონებო, რომ ფრიად უსიამოვნო ამბავი გაცნობოთ, ჩვენთან რევიზორი მოდისო! აფრთხილებს „გოროდნიჩი“ ქალაქის „რჩეულ“ საზოგადოებას, ხოლო ავტორი კი იმას ახერხებს, რომ პიესის ექსპოზიციური ნაწილი დაასრულოს და ერთ წინადადებაში აკუმულირებული ინფორმაციით პიესის კვანძი შეკრას.

ბიბლიის დასაწყისი:

  1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
  2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
  3. თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“.

რა ოსტატობით, რა დაწნეხილი, ამავე დროს ტევადი სიტყვითაა გადმოცემული პირველქმნილი სამყაროს გაუდაბურებული სურათი, როგორ მომწიფდა გმირი (მკრეხელობაში ნურავინ ჩამითვლის, მწერლის ოსტატობაზე ვამახვილებ ყურადღებას), ვინც თავისი ღვთიური ძალით ინება ყოფილიყო ნათელი „და იქმნა ნათელი“.

„ვეფხისტყაოსანი“ – პირველი სტროფი;

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“.

შოთა რუსთაველი – გენიალური ეპიკოსი პოემის პირველივე სტრიქონებიდან კამერტონული სიზუსტით იღებს თავისი ეპოქისთვის ყველაზე დამახასიათებელ, ყველაზე მნიშვნელოვან, მაგიურ ჟღერადობას – პირველშემქმნელს ახსენებს, რადგან მის მიერ მონიჭებული სიცოცხლის თავბრუდამხვევ, ვნებებითა და სიყვარულით გაძეძგილ თავგადასავალში ჩაგვითრიოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11