21 თებერვალი, 2018 წელი
წინა წერილში ცუდი დრო ვახსენე; ღვთის მადლით, იმასაც გამოვატანეთ თავი, გასაღიმი იქაც ხდებოდა; ჰოდა, ერთ ამბავს მოგიყვები, იქნებ გაგვეღიმოს კიდეც, მეგობარო: ის წლებია, როცა ჯერ კიდევ ვერ შემიბედია პროზისთვის; თუმცა, დროც არ მაქვს, ოთხსულიან ოჯახს არსებობა უნდა, ვჯახირობ, ვწვალობ, პიესა სარჩოს მიჩენს – შეურაცხმყოფლად მცირედს, აქა-იქ ასაკენკს, მაგრამ სარჩო ჰქვია მაინც, პროზა სრულიად უიმედოა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ორმოცს ვუკაკუნებდი უკვე, დაახლოებით ამ ხასიათის დამღლელი, „მაზალო“ კითხვები დამტრიალებდნენ თავს, – „ეგაა შენი ცხოვრება?!“ „რა გრჩება, რას ტოვებ?!“ „ბახ და აღარა ხარ, და რა მერე, იყავი საერთოდ?!“
მოკლედ, ცუდ დღეში ვარ – კრიტიკული ასაკია, დუხჭირი ყოფა, სული კი იმას მთხოვს, რაც ვერაფრით დამეხმარება, თავს ვერ გამატანინებს, თუმცაღა მთხოვს, მთხოვს კი არა, მოითხოვს…
ასე იყო თუ ისე, იმ ზაფხულისთვის პიესა გავყიდე (აღარ მახსოვს, რომელი), ორი შაური მოვიგდე ხელში და ცოლ-შვილიანად ავიკრიფე სააგარაკოდ. ბავშვობის მეგობარი მყავს, მან მირჩია მანგლისი, წყნეთზე, კიკეთზე ფიქრიც ზედმეტი იყო. თავადაც იქ ისვენებდა ხოლმე, ვინმე ასიასთან. ქირის გადასახადი მისაღები აღმოჩნდა, როგორც ამიხსნა, საცხოვრებელი პირობებიც ნორმალური, ასია ორი თვით აქირავებდა ოროთახიან კუთხეს თავის სახლში, შევზიარდით მე და ჩემი მეგობარი, გადავწყვიტეთ – ჯერ ჩვენ წავსულიყავით, შემდეგ ისინი.
ავიბარგეთ, წავედით, ვიარეთ მიხვეულ-მოხვეულად, საშინელი გზით, ორმოს ორმო მოსდევდა ორ ნაბიჯში. ცუდი წლებია, შეიძლება ითქვას, ჟამიანობაა, ასეთ მოქუფრულ ჟამს გავარდება ხოლმე ხმა ზინგერის საკერავ მანქანაზე, რომელსაც სამი ნული თუ აღმოაჩნდა, იცოცხლე – გამდიდრდები! ასეთ ჟამს პანტაპუნტით ჩნდებიან „წინასწარმეტყველები“, ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ რაღაცნაირად გეხმარება ზინგერის საკერავ მანქანაზე ფიქრი, გახსენდება საკერავ მანქანასთან მიმჯდარი ბებია, ვინ იცის, იქნებ სწორედაც ის საკერავი მანქანა აღმოჩნდეს, რომელსაც, თურმე, დიდი გასავალი ჰქონია გერმანიაში…. „წინასწარმეტყველებებისაც“ გეჯერება, ყავის ჭიქაზე ნამკითხავები კარგი, დამაიმედებელი „პროგნოზებისაც“… ჰო, ეს დრო იყო, მე კი, მანგლისისკენ მიმავალ ოღროჩოღრო გზაზე ის მეიმედებოდა და მეოცნებებოდა, რომ ოროთახიან კუთხეში ჩემს პატარა სივრცეს გავიჩენდი, ფიჭვნარში გავისტუმრებდი ჯალაბს და პროზასაც შევბედავდი ბოლოს და ბოლოს.
ჯახირით ჩავაღწიეთ მანგლისში, მოვძებნეთ ასიას სახლი, არცთუ დიდი ეზო დაგვიხვდა, მაგრამ კარგად მოვლილი, ავარდნარებულ-აყვავილებული, ორსართულიანი, მრავალოთახიანი სახლი (მრავალოთახიანი, ბუნებრივია, მდგმურებზე გათვლილი). კუთხეში, ღობისკენ აბანოც ჩაედგათ, ყველაფერი რიგიანად გაემართა დიასახლისს, სახემომღიმარი დაგვიხვდა, ყოჩაღი ქალი იყო, ეროვნებით ქურთი, ქმარი, რომელიც მეორე სართულზე შეყუჟულიყო და ძალიან იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე, ქართველი, მოხევე კაცი ჰყავდა ასიას, ვაჟი – სადღაც, რუსეთში მცხოვრები, იქ დაოჯახებული.
დავათვალიერეთ ჩვენი კუთხე პირველ სართულზე, ვრცელი საწოლი ოთახი და შუშაბანდი, სადაც გაზის ქურაც იდგა, მაცივარიც, მომცრო ტახტიცა და მაგიდაც. შუშაბანდი ჩემთვის დავიგულე. ფანჯრიდან ასიას ეზო მოჩანდა, კარგი ხედი იყო, მშვიდი გარემო. ჩვენ რომ ჩავედით, ერთი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაგვიხვდნენ მდგმურებად, მოკლედ რომ ვთქვა, სამუშაო პირობაც მქონდა და განწყობაც, დავიწყე, როგორც ვიწყებ ხოლმე, მოთელვით; გავისტუმრე ჩემიანები ფიჭვნარში და შევუდექი საქმეს, მაგრამ არ ვიცი, რას ვაკეთებ; თუმცა, არც არასდროს ვიცი ხოლმე; რომ ვიცოდე, თავიდან ბოლომდე რომ მქონდეს გააზრებული, არ დავწერდი, დამეზარებოდა. მთელი „მუღამი“ იმაშია, ნელ-ნელა რომ გამოიძერწება, გამოგინათდება, თავისით რომ გამოგიჩენს პირსახეს, ჰოდა, ვარ ეგრე, ბეჯითად ვუზივარ მაგიდას, ვეჯახირები ჩემს თავს, არაფერი გამოდის, მაგრამ ჯიუტად და „ცალსახად“ (რა საშინელი კალკია ეს „ცალსახად“) ვცდილობ, პროზა ვაკეთო, პიესა – არა.
მერე ისინი ჩამომდგმურდნენ – არტურჩიკა და მისი მრავალრიცხოვანი ჯალაბი…
ეს ამბავიც აქედან იწყება, ჩემო შადიმან და რადგან არტურჩიკას გამოჩენისთანავე სრულიად შეუძლებელი გახდა მუშაობა, რადგანაც გაყიდული პიესის წყალობით აღმოვჩნდი მანგლისში, სადაც გავიცანი კიდეც არტურჩიკა, მოდი, გავიხსენოთ, როგორც იწყება პიესა – მოქმედი გმირები ჩამოვთვალოთ და არტურჩიკა მოვაქციოთ სიის სათავეში. მაშ, ასე – მოქმედი გმირები:
- არტურჩიკა – 4-5 წლის იეზიდი ბიჭუნა
- არტურჩიკას მამა
- არტურჩიკას დედა
- არტურჩიკას პირველი და
- არტურჩიკას მეორე და
- არტურჩიკას მესამე და