ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

ახალგაზრდავ! თქვენი სახელი არ ვიცი, მაგრამ გარკვევა სულ ადვილად შეიძლება. მე თქვენ  თქვენს უფროსებთან გიჩივლებთ ზღვარსგადასული უზრდელობის და უხეშობის გამო. თქვენი ხელმძღვანელობის ნომერზე გადამრთეთ, ახლავე.

ტელეფონისტი გოგონა:

მათთან პირდაპირ შეგიძლიათ დაკავშირება.

აგნესი:

პირდაპირ როგორ? ნომერი არ ვიცი!

ტელეფონისტი გოგონა:

ნომერი ცნობარშია მოცემული. ასევე შეგიძლიათ…

აგნესი:

მომისმინეთ! თქვენ! დროის ტყუილად ფლანგვაა თქვენთან ლაპარაკი!

ახეთქებს ყურმილს. ტელეფონი მაშინვე რეკავს.

აგნესი:

ვაიმე, ღმერთო! ჭკუიდან შევიშლები!

იღებს ყურმილს.

აგნესი: ალო, ალო, გესმით? ვინ ხართ მანდ? ნუღარ მირეკავთ! გაიგეთ? ხმა ამოიღეთ! ვინ ხართ? გინდათ გამაგიჟოთ? აქ რატომ რეკავთ? ახლავე შეწყვიტეთ! თავი დამანებეთ! თავი დამანებეთ! თავი დამანებეთ, მეთქი, გესმით? იცოდეთ, პოლიციას შევატყობინებ, გაიგეთ? ალო, ალო! (სლუკუნებს) ელბერტი რატომ იგვიანებს, რა ჯანდაბაა, როდის მოვა?

ნომრის აკრეფვის ხმა. ზუმერი.

აგნესი: ეს გოგო სადღა დაიკარგა, რომ არ მპასუხობს?

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

სად იყავით, აქამდე რატომ არ მპასუხობდით? პოლიციასთან შემაერთეთ!

ნომრის აკრეფვის ხმა. დაკავების ზუმერი.

აგნესი ხმამაღლა ტირის.

ტელეფონისტი გოგონა:

უკაცრავად, ქალბატონო, პოლიციის ხაზი დაკავებულია.

აგნესი:

დაკავებული! რას ნიშნავს დაკავებული!  როგორ შეიძლება პოლიციის ტელეფონი დაკავებული იყოს! სხვა ხაზიც ხომ უნდა არსებობდეს.

ტელეფონისტი გოგონა:

პოლიციის ხაზი ამჟამად დაკავებულია, ვეცდები, მოგვიანებით დაგაკავშიროთ.

აგნესი:

მოგვიანებით კი არა, ახლავე უნდა დაველაპარაკო! მოგვიანებით ძალიან გვიან იქნება! ახლავე უნდა დაველაპარაკო ვინმეს განყოფილებიდან…

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერთან გნებავთ შეერთება?

აგნესი:

მე რა ვიცი, ალბათ პოლიციის გარდაც არსებობს ვინმე, ვინც ხალხს კრიმინალებისგან იცავს, დეტექტიური სააგენტო, ან…

(ისტერიულად ტირის, სუნთქვა ეკვრის) 

ტელეფონისტი გოგონა:

დეტექტიური სააგენტოების ნომრები შეგიძლიათ  თქვენს ცნობარში ნახოთ.

აგნესი:

ცნობარი არ მაქვს… უფრო სწორად, ახლა ისეთი აღელვებული ვარ, რომ ვერაფერს ვერ მოვძებნი. არც ვიცი, როგორ მოვძებნო, სად…

ტელეფონისტი გოგონა:

ქალბატონო, საინფორმაციოსთან შეგაერთებთ, ისინი დაგეხმარებიან.

აგნესი:

არა, არა! (სლუკუნებს, ბრაზობს.) არაფერი გესმით, არა? არ განაღვლებთ, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს! შეიძლება მოვკვდე კიდეც, მაგრამ თქვენ რაში გაინტერესებთ… (სლუკუნებს)

ტელეფონს კიდებს.

ტელეფონი რეკავს.

აგნესი: (კივის) გაჩუმდი!გაჩუმდი! მეტი აღარ შემიძლია!

ყურმილს იღებს.

(კივის) გაჩერდით! არ გესმით? რა გინდათ ჩემგან? ნუღარ რეკავთ! ალო, გაჩერდით! ოდესმე თავს დამანებებთ?

ვესტერ იუნიონის ოპერატორი:

ალო, პლაზა 3-2099 -ია?

აგნესი:

დიახ. (სლუკუნებს, ცდილობს, დამშვიდდეს)

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12