მარტინი:

გასაგებია, ქალბატონო, დაახლოებით როდის მოხდა?

აგნესი:

ასე, 8 წუთის წინ… ალბათ რამეს მოახერხებთ. მგონი, გესმით, რომ სერიოზული ამბავია.

მარტინი:

თქვენი სახელი, ქალბატონო?

აგნესი:

მისის სტივენსონი, მისის ელბერტ სტივენსონი,

მარტინი:

მისამართი?

აგნესი:

ნორს სათონ პლეის, ხუთი, სამი, ხიდთან, ქვინბოროს ხიდთან.  იცით ეს ქუჩა?  ჩვენს უბანში პოლიციელი პატრულირებს.

მარტინი:

მესმის.

აგნესი:

და სექონდ ავენიუ აქვეა…

მარტინი:

რა ნომერზე რეკავდით?

აგნესი:

მურეი ჰილი 4-0098, მაგრამ სხვა ნომერთან შემაერთეს, რადგან ის ჩემი ქმრის ოფისის ნომერია.

მარტინი:

ჰმჰმჰმ, გასაგებია.

აგნესი:

ჩემი ქმარი დღეს სამსახურში გვიანობამდე შემორჩა და მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მინდოდა მეთქვა, ოფისის საქმისთვის თავი დაენებებინა და სახლში დაუყოვნებლივ მოსულიყო…

მარტინი:

გასაგებია.

აგნესი:

იცით, მე ინვალიდი ვარ, ჩემი მოახლე კი დღეს ისვენებს. ვერ ვიტან, როცა მარტო ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი მეუბნება…

მარტინი:

როგორც გავიგე…

აგნესი:

რომ თუ ტელეფონი საწოლის გვერდით დგას…

მარტინი:

ამ საქმეს ჩვენ მივხედავთ, ქალბატონო, ვეცდებით, სატელეფონო სადგურს მივმართოთ და ტელეფონის ნომერი გავარკვიოთ.

აგნესი:

სატელეფონო სადგურის უფროსმა ტელეფონისტმა მითხრა, რომ ნომერს ვერ დაადგენენ, თუ სატელეფონო საუბარი უკვე შეწყდა. მათ უკვე ვკითხე.

მარტინი:

უკვე კითხეთ?

აგნესი:

დიახ, მე, პირადად. ალბათ უმჯობესია, გადამჭრელი ზომები მიიღოთ.  ტელეფონის ნომრის გასარკვევად დროს ნუ დაკარგავთ. რას მოგცემთ ნომრების გარკვევა, თუ ამ ნომერზე აღარ ლაპარაკობენ? ვიდრე თქვენც იგივე პასუხს გაგცემენ, ის მკვლელობა მოხდება!

მარტინი:

ნუ ღელავთ, ამას არ დავუშვებთ!

აგნესი:

იმის თქმა მინდოდა, რომ აზრი არ აქვს ნომრის დადგენას. უმჯობესია, მთელი ქალაქი გულმოდგინედ შეამოწმოთ. მე ძალიან ახლოს ვცხოვრობ ხიდთან და აქედან შორს არ არის…

მარტინი:

როგორც თქვით…

აგნესი:

სექონდ ავენიუ და თუ ჩვენს უბანში პოლიციის მანქანას გამოაგზავნით, ცოტათი დავმშვიდდები.

მარტინი:

გამოდის, რომ მკვლელობა თქვენს უბანში მზადდება?

აგნესი:

მმმმმმმ, როგორ გითხრათ…. მე…. მე…. მე….. არ ვიცი.  საშინელი დამთხვევაა…. ხიდი, სექონდ ავენიუ, პატრული….

მარტინი:

დიახ, უცნაური დამთხვევაა, თანაც სექონდ ავენიუ, როგორც იცით, ძალიან გრძელი ქუჩაა, მემ. იცით, რამდენი ხიდია მთელ ნიუ-იორკში? რომ არაფერი ვთქვთ ბრუკლინზე, ქვინსზე, ან ბრონქზე…

აგნესი:

მშვენივრად ვიცი!

მარტინი:

საიდან იცით, რომ მკვლელობას სადმე სთაითენ აილენდის რომელიმე  პატარა სახლში არ ჩაიდენენ, ან იმ პაწია სექონდ ავენიუზე, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ? იქნებ ნიუ-იორკს  არც კი გულისხმობდნენ?

აგნესი:

კი, მაგრამ მე ნიუ-იორკის სატელეფონო კოდის აკრეფვის ხმა გავიგონე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12