მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი ლუსი ფლეჩერი 1912 წელს ბრუკლინში დაიბადა. მას მწერლობა ბავშვობიდან სურდა. 1933 წელს ლუსიმ კოლეჯი დაამთავრა და ხან ბიბლიოთეკარად, ხანაც კი მბეჭდავად მუშაობდა. პოპულარობა რადიოპიესით, 22 წუთიანი თრილერით – „უკაცრავად, სხვაგან მოხვდით“ – მოიპოვა, რომელიც ეთერში პირველად 1943 წლის 25 მაისს გავიდა. ესაა პიესა საწოლსმიჯაჭვულ ქალზე, რომელიც შემთხვევით სხვების სატელეფონო საუბარში ჩაერთო და გაიგო, რომ ქალაქში ქალის მკვლელობა მზადდებოდა. პოლიციის სერჟანტთან უშედეგო საუბრის შემდეგ კი მიხვდა, რომ მკვლელების სამიზნე თავად იყო. გულისმომკვლელი მონოლოგებისა და ეფექტური მუსიკალური გაფორმების წყალობით, რადიოდადგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და 15 ენაზე ითარგმნა.
1948 წელს ლუსი ფლეჩერმა პიესა ფილმის სცენარად გადააკეთა, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა ანატოლ ლიტვაკმა ფილმი გადაიღო, მთავარი როლი კი ბარბარა სტენვიკმა შეასრულა. ფილმი ნომინირებული იყო ამერიკის კინოაკადემიის ოსკარზეც. „უკაცრავად, სხვაგან მოხვდით“ დაჯილდოვებულია ედგარ პოს პრიზით, მის ფაბულას ეფუძნება ორი ოპერა, გადაღებულია სატელევიზიო სერიალი.
ლუსი ფლეჩერის ქალიშვილი დოროთი ჰერმანი იხსენებს, რომ ერთხელ, როცა ლუსი ფლეჩერი სუპერმარკეტში ბავშვისთვის რძეს ყიდულობდა, ერთმა კარგად ჩაცმულმა ქალმა წინ არ გაატარა და საკმაოდ უხეშად მოექცა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაწერა ლუსიმ ეს პიესა, როგორც ერთგვარი შურისძიება, თუ პასუხი იმ ქალის უხეშობის გამო. ლუსი ფლეჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში რადიოპიესა „უკაცრავად, სხვაგან მოხვდით“ აღწერა, როგორც ექსპერიმენტი რადიო ხმის ეფექტების სფეროში. „მე გავიზარდე იმ დროს, როცა რადიო შესანიშნავი მედიუმი იყო წარმოსახვისთვის. იმ დროს ხმის საშუალებით ნებისმიერი ეფექტის მიღება იყო შესაძლებელი.“ ლუსი ოცზე მეტი რადიოპიესის ავტორია და ყველა პიესა ეთერში გასვლისთანავე საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა.
1939 წელს ლუსი ფლეჩერი დაქორწინდა კომპოზიტორ ბერნარდ ჰერმანზე და ორი ქალიშვილი ეყოლა. როგორც ბერნარდ ჰერმანის ბიოგრაფი სტივენ სმიტი აღნიშნავს, ლუსი ფლეჩერს იდეა თავისი სახელგანთქმული რადიოპიესისთვის „ჰიჩჰაიკერი“ მაშინ დაებადა, როცა ქმართან ერთად მანქანით ჰოლივუდში მიდოდა და გზად ერთ უცნაური კაცს რამდენჯერმე გადაეყარა. „ჰიჩჰაიკერი“ წარმოადგენს დრამას ადამიანის შესახებ, რომელიც კალიფორნიაში მანქანით მოგზაურობის დროს ერთსა და იმავე ჰიჩჰაიკერს ხვდება.
ლუსი ფლეჩერი ბერნარდ ჰერმანს 1948 წელს გაეყარა. 1949 წელს კი ის მწერალ ჯონ დუგლას ვალოპზე დაქორწინდა.
1950-იანი წლების ბოლოს, ლუსი ფლეჩერმა რომანების წერა დაიწყო. მას დაწერილი აქვს ათი რომანი. მისი რომანის „თვალახვეულის“ მიხედვით, 1966 წელს გადაღებულ ფილმში მთავარი როენი როკ ჰადსონმა და კლაუდია კარდინალემ შეასრულეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რომანი „ღამის გუშაგი“, რომელსაც „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში კრიტიკოსმა ქლივ ბარნესმა რომანს ბრწყინვალე თრილერი და სასპენსის ჟანრის სამაგალითო ნიმუში უწოდა. ამ რომანზეა დაფუძნებული 1973 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარი როლები ელიზაბეტ ტეილორმა და ლორენს ჰარვეიმ შეასრულეს.
„ვაშინგტონ პოსტთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ლუსი ფლეჩერი ამბობს: „სასპენსის წერა პაზლის აწყობას გავს – სადღაც განძს ჩაფლავ, მკითხველს მინიშნებებს ისე აძლევ, რომ მცდარ გზას დაადგეს და თანაც ცდილობ, რომ გარკვეული ლოგიკა შეინარჩუნო. თხრობის დროს ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭო და თანაც ლიტერატურული სტილიც უნდა დაიცვა. იდუმალი ისტორიების წერა მწერლისთვის ორმაგად რთულია, რადგან მკითხველი ცდილობს, საიდუმლო რაც შეიძლება ადრე გამოიცნოს.“