ვესტერ იუნიონის ტელეფონისტი:

ვესტერ იუნიონი გირეკავთ.  დეპეშაა მისის ელბერტ სტევენსონისთვის. არის ვინმე, ვინც ამ დეპეშას მიიღებს?

აგნესი:

მისის ელბერტ სტევენსონი ვარ, დიახ. მე ვარ…

ვესტერ იუნიონის ტელეფონისტი:

ვკითხულობ დეპეშას: მისის ელბერტ სტევენსონს. ნორს სუთონ ფლეის, ნიუ იორკი. ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ, მთელი საათია, შენთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ ტელეფონი სულ დაკავებულია. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ბოსტონში წასვლა მიწევს, დღეს თერთმეტ საათზე მივემგზავრები. ხვალ შუადღისას დავბრუნდები. არ მოიწყინო. მიყვარხარ. ელბერტი.

აგნესი: (ძლივს ამოთქვამს)

ღმერთო, ოღონდ ეს არა!

ვესტერ იუნიონის ტელეფონისტი:

გნებავთ, დეპეშა გამოგიგზავნოთ?

აგნესი: (სასოწარკვეთით)

არა, არა, გმადლობთ!

ვესტერ იუნიონის ტელეფონისტი:

გმადლობთ, ქალბატონო, ღამე მშვიდობისა!

აგნესი:

ღამე მშვიდობისა!

ყურმილის დაკიდების ხმა

აგნესი: (გოდებით)

არა, არა, არ მჯერა! ეს როგორ გააკეთა! ეს როგორ გააკეთა, სულ მარტო როგორ დამტოვა! არავინ იცის, რომ აქ მარტო ვარ! რაღაც ხდება, რაღაც ხდება, ვგრძნობ, ვიცი!

ნომრის აკრეფვის ხმა.  რეკვის ზუმერი.

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

ტელეფონისტო… გოგონა….  კიდევ ერთხელ სცადეთ მურეი ჰილი 4-0098, ძალიან გთხოვთ!

ტელეფონისტი გოგონა:

შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ.

აგნესი:ოჰ,

ყურმილს კიდებს. ნომერს კრეფს. მურეი ჰილი4-0098…

რეკვის ზუმერი.

ოჰ, რა ჯანდაბაა, არა! უკვე წახვედი? ოჰ, ელბერტ, რატომ? ასე როგორ გამწირე! მთელი ღამე აქ მარტო დარჩენა ჩემს ძალებს აღემატება! გავგიჟდები, რატომ არ ფიქრობ,  რა ფასად მიჯდება ეს მარტოობა! მე ავად ვარ და ზრუნვა მჭირდება! (ტირის)

ყურმილს იღებს, ნომერს კრეფს, ისმის რეკვის ზუმერი.

საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი:

საინფორმაციო გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

აგნესი:

ჰენჩლის საავადმყოფოს ტელეფონის ნომერი მომიძებნეთ, თუ შეიძლება.

საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი:

ჰენჩლის საავადმყოფო… მისამართი არ იცით?

აგნესი:

მისამართი არა… სადღაც სამოცდამეათე ქუჩასთან უნდა იყოს. ძალიან პატარა კერძო საავადმყოფოა, ბრა ნაწლავი ამოვიჭერი ორი წლის წინ. ჰენჩლის საავადმყოფო,

ჰ ე ნ ჩ ლ ი.

საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი:

ჰენჩლი. ერთი წუთი დამელოდეთ.

აგნესი:

ჰენჩლი, დიახ, არ შეგიძლიათ, ცოტა ჩქარა ნახოთ? და ხომ არ იცით, რომელი საათია?

საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი:

საათი თუ გაინტერესებთ, 71212 აკრიფეთ.

აგნესი: 

თუ ღმერთი გწამთ! ამდენი რეკვის დრო არ მაქვს!

საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი:

ჰენჩლის საავადმყოფოს ნომერია ბატერფილდი,  8-9970

ყურმილს კიდებს. კრეფს ბატერფილდი, 8-9970

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12