უფროსი  ტელეფონისტი გოგონა:

რატომ გსურთ ამ ნომრის გაგება?

აგნესი:

რატომ? ისე, უმიზეზოდ. უბრალოდ, ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა ვიღონოთ, ის კაცები მკვლელებივით ლაპარაკობდნენ, დარწმუნებული ვარ, ძალიან საშიშები არიან! ისინი თორმეტის თხუთმეტ წუთზე ერთი ქალის მოკვლას აპირებენ.  მგონი, აჯობებს, პოლიციაში დავრეკო!

უფროსი  ტელეფონისტი გოგონა:

პოლიციას უკვე შეატყობინეთ?

აგნესი:

არა, ჯერ არა.

უფროსი  ტელეფონისტი გოგონა:

იმ ნომრის გარკვევა თქვენი პირადი სურვილია?

აგნესი:

დიახ, თუმცა ამასობაში…

უფროსი  ტელეფონისტი გოგონა:

ძალიან ვწუხვარ, მისის სტივენსონ, მაგრამ მხოლოდ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ ამ შემთხვევას ვერ გამოვიკვლევთ.

აგნესი:

კი, მაგრამ…

უფროსი  ტელეფონისტი გოგონა:

თქვენი პირადი სურვილის საფუძველზე…

აგნესი:

რატომ?

უფროსი  ტელეფონისტი გოგონა:

ოფიციალური მოთხოვნაა საჭირო…

აგნესი:

თუ ღმერთი გწამთ! გინდათ დამაჯეროთ, რომ  იმ რაღაც წითელი ლენტების გარეშე უფლება არ მაქვს, შესაძლო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ? რა იდიოტური წესია! კარგით, გასაგებია. მაშინ პოლიციასთან შემაერთეთ.

უფროსი ტელეფონისტი გოგონა:

მგონი, თქვენს პრობლემას ასე უფრო ადვილად მოაგვარებთ.

ტელეფონის დახეთქების ხმა

აგნესი:

რა სისულელეა. ასეთი უაზრო წესები ვის გაუგია!

ნომრის აკრეფის ხმა.

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

პოლიციის განყოფილება. პოლიციას დამაკავშირეთ!

ტელეფონისტი გოგონა:

გაკავშირებთ პოლიციის განყოფილებასთან!

ნომრის აკრეფის ხმა

აგნესი:

რა ჯანდაბაა, პირდაპირ ვერ დარეკავ!

რეკავს ტელეფონი.

მარტინი:

პოლიციის განყოფილება 43. სერჟანტი მარტინი გისმენთ!

აგნესი:

პოლიციის განყოფილებაა? მისის სტივენსონი გელაპარაკებათ, მისის ელბერტ სტივენსონი, 53 წლის. ჩემი მისამართია 5 -3 ნორს სათონ ფლეის. იმიტომ ვრეკავ, რომ შემთხვევით მკვლელობის შესახებ გავიგე…

მარტინი:

რა ბრძანეთ?

აგნესი:

მკვლელობა ჯერ არ მომხდარა. უბრალოდ, ტელეფონში შემთხვევით გავიგონე, რომ აპირებენ. ოპერატორმა შეცდომით შემაერთა უცნობ ნომერთან, ვეცადე, ნომერი გამერკვია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ტელეფონისტი გოგოები ერთიმეორეზე სულელები არიან. საბოლოოდ, როგორ ჩანს, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ ამ მკვლელობის თავიდან აცილებას.

მარტინი: (მზრუნველად)

ვეცდებით, ქალბატონო.

აგნესი:

თავიდან ბოლომდე დაგეგმილი მკვლელობაა. მკაფიოდ გავიგონე, რასაც ამბობდნენ –  ქალის მოკვლას აპირებენ ამაღამ 11:15 ზე. ის ქალი ხიდთან ახლოს ცხოვრობს… მისმენთ?

მარტინი:

რა თქმა უნდა, ქალბატონო…

აგნესი:

იმ ქუჩაზე პოლიციელი პატრულირებს. როგორც თქვეს, ის თერთმეტ საათზე სექონდ ავენიუზე ლუდის დასალევად შევა, იქვე იყო მესამე კაციც – კლიენტი, რომელიც იმ საცოდავი ქალის მოკვლისთვის ფულს იხდის. მკვლელობის მერე ქალის ბეჭდებისა და სამაჯურების წაღებას აპირებენ…  მკვლელს დანა ექნება…  ამის გაგონებამ ძალიან გამანერვიულა, და თანაც მე ჯანმრთელობა …

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12