მიწისქვეშეთი

(ნაწყვეტი რომანიდან)

 

ნათურები ბეტონის კედლებზე, ნათურები ბეტონის ჭერზე, ხალხის მოძრაობა.
არაჯანსაღი მომწვანო ათინათი სახეებზე.
ზზზ – ბგერა.
აცვიათ ზამთრის შესაბამისად, მაგრამ ზამთარი სხვაგანაა, – სადაც არსებობს თოვლი, წვიმა, ქარი, ღრუბელი; ზამთარი იქაა, სადაც არსებობს დრო – დილა, შუადღე, საღამო, ღამე.
აქ ეს არ არის.
ამიტომაც რჩება შეგრძნება, რომ მიწისქვეშეთი რომელიღაც ბაზრობის გამოძახილია, სხვა სამყაროს ექოა, ზესკნელის ჭაობისფერი ანარეკლია კოსმიურ ქვესკნელში, სადაც არსებობ, მოგზაურობ, ფიქრობ, განიცდი, ნამდვილად ხარ, ოღონდ სიზმარში.
ცხადში არსებობს სიზმრის შეგრძნება, სიზმარში – ცხადის; მიწისქვეშეთში ფეხშედგმულმა დეამ ეს შუალედი იგრძნო.
დეას მზერა მარჯვნივ – შემინულ ჯიხურში ფეხსაცმელები. დახლთან გოგონა საუბრობს მობილურით. იცინის, კოდალას ჰგავს და თავსაც კოდალასავით მარდად აქნევს თავის სიცილში. ხმა არ ისმის, მისი ემოცია მინას ეხლება, დეამდე ვერ აღწევს. მინის კოლბაში დაფრქვეული ხმა კოლბაშივე რჩება. გოგონამ გამოიხედა დეასაკენ, თმა შეისწორა, მობილური გამორთო, თავისთვის ჩაიცინა, ზურგით შეტრიალდა.
„ფეხსაცმელი – არა“, – ფიქრობს დეა, – „ფეხსაცმელი რა შუაშია, სხვაზე ვნადირობ“, – ფიქრობს დეა, – „გოგონა მინის კოლბაში, მეც – კოლბაში; უდროობის, უამინდობის კოლბაში ვნადირობ,“ – ფიქრობს დეა და ეჩვენება, უწონადობის მდგომარეობასთანაა ახლოს, სუსტი სიოს შეხებას გრძნობს მუხლისთავებთან; ისიც ეჩვენება, რომ საკმარისია ფეხი დაჰკრას იატაკს და ნელა, ძალიან ნელა აიწევა მაღლა, კოლბის ჭერს შეეხება, ჭერი კედლისკენ უბიძგებს, კედელს მინარცხებული კვლავ დაეშვება ბეტონის იატაკზე.
ზზზ – ბგერა – ზზზ, გამუდმებული – ზზზ – ლაბირინთში.
„ეს მონოტონური ბგერაც და მომწვანო, ხრწნადი ათინათიც ნათურებიდან მოდის“, – ფიქრობს დეა.
– მართალია, ნათურებიდან მოდის!
ვერ გაიგო.
გარემოვაჭრეთა გრძელ რიგს გააყოლა თვალი, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავფეხიანად შეილანდა, შეინივთა, შეისისხლხორცა სამყარომ, რომელიც კოსმიურ ხომალდს მიამსგავსა ამჯერად.
– გეთანხმები, მართლაც ჰგავს კოსმიურ ხომალდს!
ვერც ახლა გაიგო.
სანოტარო კანტორას მიუახლოვდა. „სანოტაროში რა უნდა მოვიპარო“, – ფიქრობს დეა, – „სანოტაროში არაფერი მესაქმება“, – ფიქრობს დეა.
მზერა მარცხნივ – სათაგურები. სათაგურებთან ლოყებდაბერილი ბრგე მამაკაცი შუბლზე ტყლიპით.
„ტყლიპიანთან მივიდეთ, იქნებ სათაგური,“ – ფიქრობს დეა, – „სათაგური საჭიროა; ძველ ბინებში თაგვს რა გამოლევს, აუცილებლად მჭირდება სათაგური. მიდი, დეა, წარმატებულმა მათხოვარმა დაგლოცა, მოიპარავ სათაგურს,“ – ფიქრობს დეა, უახლოვდება ტყლიპიან კაცს.
„გავხსნი, გავამზადებ ჩანთას, წებოწასმულ სათაგურს იოლად მოვიპარავ“, – ფიქრობს დეა, ჩანთას ხსნის და იქ ამჩნევს ექიმს, რომელიც კლინიკიდან ახსოვს. „თომასგან რომ დავრჩი ფეხმძიმედ და ჩემმა კვერცხუჯრედმა ნაყოფი ვერ შეინარჩუნა, ამან მიმკურნალა. ფრიდონი ქვია, ჰო, ბატონი ფრიდონი“, – ფიქრობს დეა, თვალი უცივდება ტანმორჩილ მამაკაცზე, ბერეტი რომ ახურავს და მიწისქვეშეთშიც სოლიდურად გამოიყურება, – თითქოსდა ფირნიშს მოიყოლებს, სადაც მკაფიოდ, უშველებელი ასოებითაა აღნიშნული: – პროფესორი! აკადემიის წევრკორი! უაღრესად ღვაწლმოსილი! „ტანმორჩილებს უჩვეულოდ, მოულოდნელად ბოხი ხმა აქვთ; ბატონ ფრიდონსაც მნიშვნელოვანი ბასი აქვს. სათაგურებთან რა ჯანდაბა უნდა?“ – ფიქრობს დეა, ექიმს აკვირდება.
ტანმორჩილი ფრიდონი ბრგე ტყლიპიანთან, ბრგე ტყლიპიანი ტანმორჩილ ფრიდონს უშველებელ სათაგურს აწვდის, უხსნის რაღაცას, ექიმი უსმენს.
„ვირთხა თუ ჰყავს აგარაკზე“, – ფიქრობს დეა, – „თბილისურ ბინაში არ ეყოლება ვირთხა,“ – ფიქრობს დეა, – ფრიდონის ბასი ესმის მიწისქვეშეთში:
– იქნებ,
იქნებ,
იქნებ!
„ფრიდონი ასე ლაპარაკობს,“ – ფიქრობს დეა, – „ყოველი სიტყვა ცალკე აბზაცს თხოულობს ბატონი ფრიდონის მნიშვნელოვანი ხმისთვის,“ – ფიქრობს დეა, – „იქნებ შემენარჩუნებინა ის ნაყოფი, იქნებ“, – ფიქრობს დეა, წვეთ-წვეთობით ჩაღვრილ საწამლავს გრძნობს ტვინში და აღარ უნდა ტყლიპიანთან მისვლა, აღარ უნდა სათაგური, ახსენდება, ჩანთა რომ აქვს გახსნილი, ჩანთას კეტავს, იქაურობას ეცლება, მიდის.
„თავს უნდა შევუძახო“, – ფიქრობს დეა, – „წარმატებულმა მათხოვარმა ხომ დამლოცა“, – ფიქრობს დეა, – „დეიკო, მიდი!“ – ფიქრობს დეა, შორიდან ესმის:
– ხაჭაპური, ცხელ-ცხელი ხაჭაპური! ცხელ-ცხელი!
და მერე:
ზზზ – ბგერა – ზზზ, გამუდმებული – ზზზ – ლაბირინთში.
მზერა მარჯვნივ – ვიტრინასთან მიმდგარი პირგადაჭიმული ქალბატონი მანეკენზე ამოცმულ წითელ საცვალს და მინაზე არეკლილ თავის სახეს ათვალიერებს ერთდროულად. ქალური სასოწარკვეთის სარკედამრეკლავი ნიღაბი, რამაც ნაოჭებთან ერთად გადაშალა სიხარულიცა და ტკივილიც, გააქრო ყველა ემოცია, მოაშთო ყოველივე, რაც ნაოჭს აჩენდა და სიკვდილამდე დარჩება იმ ნიღბად, კუბოშიც რომ არ დაემჩნევა ნაოჭი.
პირგადაჭიმული ქალის მინასავით უნაოჭო სახე მინაზე.
– ქალბატონო, თქვენი სახელი?
არ ესმის ქალბატონს, არც დეას ესმის, გარემოვაჭრეებისკენ იცქირება.
ჯარისკაცის ფორმიანი იდიოტი, ვინც არასდროს ყოფილა ჯარისკაცი.
გაწლიკულ, მონგრეულ ფეხებზე შემდგარი მუცელწამოგდებული კუპატა, ვისაც არყით გალეშილმა თანამეინახემ პურის დანით მიაყენა ჭრილობა ბრმა ნაწლავიდან მარჯვენა ფერდამდე და როცა ქალაქი გადახაკისფრდა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებათა თუ საძმოთა სიმრავლით, კუპატამაც მოიგდო ხელში სამხედრო ფორმა, და მერე, მოგვიანებით, როცა ასე თუ ისე ჩაცხრა ომის ციებ-ცხელება, კუპატამ წამოყო თავი, გამოიჭრა თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე, ქურთუკი გაიხადა, მოშიშვლებული ღიპი წარმოაჩინა, ჭრილობა გამოააშკარავა და ხელი გაიწვდინა. მაიმუნივით მიუდიოდა უსწორმასწორო, მახინჯი სხეული, გზად ეგებებოდა ამვლელ-ჩამვლელს, დახმარებას ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რაშიც მისხალი წილი არ ედო და დღენიადაგ შეურაცხყოფდა ხსოვნას, თავდადებას, მრავალრიცხოვან ომებში გაღებულ სიცოცხლეს და იქნებ ვერც კი ხვდებოდა, რას შეურაცხყოფს, რადგან სულელი იყო, პირმორღვეული ბინძური ლაქა, გატიალების სიბილწე იყო, რომელიც, სწორედაც რომ ქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე მოძრაობდა – რუსთაველის თეატრიდან მერიოტის კუთხემდე და შემდეგ პირიქით, იქიდან აქეთ, აქედან – იქით, და როცა წაუთაქეს, სხვა საშოვარს გამოედევნა, მაგრამ ვერ შეელია ჯარისკაცის ფორმას და ჩადგა კუპატა მიწისქვეშეთის გარემოვაჭრეთა რიგში, ფეხებთან გაიშალა გაზეთი, გაზეთზე დააწყო მეორე მსოფლიო ომის ორდენები, გაუგებარი მედლები გაუგებარი ომებიდან, იქვე მოუწყო დოსააფის, თუ სხვადასხვა გაუგებარ უწყებათა სამკერდე ნიშნები და აი, ახლა, სწორედ მასზე შეაყოვნა მზერა დეამ, რადგან ახსოვდა კუპატას ურცხვი ტანტალი რუსთაველზე; გაუკვირდა, მიწისქვეშეთში რომ დაინახა და იფიქრა: „ამ იდიოტს არაფერს მოვპარავ; მომეჩვენება, რომ ჯარისკაცი მიყურებს თავისი სიმკვდარიდან,“ – თავი გადააქნია დეამ, რაღაც ისეთი შეეხო თითქოს, – ნეხვის ბუზივით აბეზარი, მოსაშორებელი, მზერა მოარიდა კუპატას, მარჯვნივ გაიხედა – შემინული ჯიხურებისკენ, ლაბირინთს გაუყვა, ფიქრი გაიყოლა: „რა? სად? სადმე – რამე, სადმე-რამე!“

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10