ზზზ – ბგერა – ზზზ, გამუდმებული – ზზზ – ლაბირინთში.
„მეფსია?“ – ფიქრობს დეა, – „არ მეფსია,“ – ფიქრობს დეა.
მზერა მარჯვნივ – მობილურები.
„მობილურს ვერ მოვიპარავ“, – ფიქრობს დეა, – „ბულული მჭირდება, ერთი ბულული, რამე ისეთი – მსუბუქი, მარტივად მოსაპარი,“ – ფიქრობს დეა, – „ბოსხის ფერწერას თავისი ბგერა აქვს, – რაღაც საორღანო, უფრო საორღანო, ჰო, ბახივით, ეს სამყარო საორღანო ბგერით დაიწყო, ბოლო ჟამიც საორღანო ბგერით აღსრულდება,“ – ფიქრობს დეა, შემინულ ჯიხურებს მიუყვება, – ტელევიზორები. „რა სისულელეა, ტელევიზორების ჯიხურში რა ჯანდაბა მინდა“, – ფიქრობს დეა, – „საოჯახო ტექნიკა? იქ ბევრი ნივთია და რამე ისეთი – პატარა რამე, თუნდაც ლურსმანი“, – ფიქრობს დეა; მზერა მარცხნივ – სანელებლები, ჩურჩხელები, ჩირები.
მომწვანო, ხრწნადი ათინათი სახეებზე.
წინმიმავალი მელოტი კაცის მსუყე კეფა, – გეგონება, წითელი კიბორჩხალა აზისო კეფაზე.
შემხვედრი სახე – ქალი მობილურით, გზადაგზა:
– უიმე, უიმე, რას მეუბნები, ჩემი სიკვდილი!..
სახის თითოეული ნაკვეთი გამოხატავს – „უიმე, უიმე-ს“!
უიმე, უიმე! – ხრწნად ათინათში ქალის ათრთოლებულ ნაკვეთებთან ერთად.
„არ განიცდის,“ – ფიქრობს დეა, – „გულში უხარია, საჭორაო თემა მოიგდო,“ – ფიქრობს დეა, – „ხრწნად ათინათში, სიხარულის თრთოლვა ჰქონდა „უიმე, უიმეს!“ – ფიქრობს დეა, ნაბიჯს ანელებს, არ სიამოვნებს კაცის ყურება, ვისაც წითელი კიბორჩხალა აკვრია კეფაზე.
ცისფერთვალება ყასაბი ნორა ცისფრად აპრეხილი წამწამებით, ცისფერი ჯინსით, დაბამბულ წითელ ქურთუკსა და წითელ ბოტასებში.
– უი, გამარჯობა!
– უი, გაგიმარჯოს!
– აქ რისთვის?
– პამპერსები ვიყიდე ბავშვისთვის, აქ იაფია ყველაფერი, შენ?
– გამოვიარე უბრალოდ, რამეს ვნახავ.
– ვერ გადავაჩვიე ის მამაძაღლი პამპერსს.
და დეას ისევ ეტირება, – გაუთბა მზერა ნორას, როცა თავისი შვილი ახსენა, მაგრამ იქვე იცვლება ნორა, – ცალ ცისფერ თვალს შეთქმულებრივად უკრავს დეას, შემდეგ ეუბნება:
– ახალი მომწოდებელი „გავაძრე“ ბოლნისიდან, ხვალ გამოირე, კარგი ხორცი მექნება.
„როგორც კი ხორცი ახსენა, მტაცებელ ფრინველს დაემსგავსა ნორა“, – ფიქრობს დეა და ეშინია ახლა ყასაბი ნორასი; ახსენდება დეას, ეს ერთი ციდა ქალი ორივე ხელით როგორ მოეჭიდება ხოლმე უშველებელ ნაჯახს, როგორ ჩააცქერდება ხორცს, ნაჯახს აზიდავს, თავს ზემოთ გადაიწვდენს და ჩასცხებს მონიშნულ ალაგას და აპობს ძვალს, ხრტილს, ხორცს ახარისხებს; ამ დროს კი ნორას ქმარი – მიშო ავტოფარეხის საყასბოს კუთხეში მიმჯდარა სკამზე, მობილურსაა ჩაცქერილი, ერთობა, თამაშობს რაღაცას, სანამ ნორა არ დაუძახებს:
– მიშო, ბარკალი ჩამომიკიდე!
და დგება მიშო, ბარკალს კიდებს კაუჭზე, მერე ისევ უბრუნდება თავის სკამს, ერთობა მობილურით. დახლმაცივარში ხორცია გაშლილი – საქონლისა და ღორის გულ-ღვიძლი, საქონლის ენა, ჩალაღაჯი, „გრუდინკა“, არტალა, ხაში.
მიშო თამაშობს, ნორა ხორცს ახარისხებს და დეას ეჩვენება, რომ ერთხელაც იქნება და ნორა იმ უშველებელ თავის ნაჯახს მიშოს თავზე დაუშვებს, ნაწილ-ნაწილ დაახარისხებს ქმარს – მიშოს ღვიძლი, მიშოს ჩალაღაჯი, მიშოს ბარკალი კაუჭზე, მიშოს არტალა, მიშოს თავი ღორის თავივით გამოდგმული დახლმაცივარში, – ყასაბი ნორა მაჯით იწურავს შუბლზე მომსკდარ ოფლს, ნორამ მიშო დაახარისხა, ახლა ისვენებს, გაძიძებულ ბავშვზე ფიქრობს ყასაბი ნორა, ნორას ენატრება ბავშვი.
– გამოვივლი, – ეუბნება დეა ნორას და უღიმის. „გავუღიმე?“ – ფიქრობს დეა, – „ჰო, ნამდვილად გავუღიმე“, – ფიქრობს დეა.
– აუცილებლად გამოიარე, მაგარი მომწოდებელი „გავაძრე“, – ამბობს ყასაბი ნორა; ეს უკვე მეორედ, კვლავაც შეთქმულებრივად უკრავს ცისფერ თვალს დეას, მერე მიდის, პამპერსები მიაქვს ბავშვისათვის.
„საქონლის ენა რამ გამახსენა?“ – ფიქრობს დეა, – „მწყემსის ქუდი ჯოხზე, ცალი ყური ქვემოთ ეკიდა, საქონლის ხორკლიან, მოლურჯო ენას ჰგავდა ქუდის ყური“, – ფიქრობს დეა.
ზზზ – ზზზ – გამუდმებული – ზზზ – ლაბირინთში.
„დაძაბული ვარ“, – ფიქრობს დეა, – „უნდა მოვეშვა, ცოტა მოვეშვა, უნდა გავლაღდე“, – ფიქრობს დეა, მიდის.
შემხვედრი სახე – ბლანჟიანი მამაკაცი სათვალით, ფართო ბაგე- პირით; ანდა, ფართო – არა, ისეთი პირით, პროტესტის გასაჟღერებლად რომ იხსნება და იხურება და ისევ იხსნება; ამოთქმულ საპროტესტო სიტყვებთან ერთად პირიც რომ მოღვაწეობს, ბაგეთა მეტყველი გამოსახულებაც საქმეში რომ არის, – თითქოს ჭმუჭნის საპროტესტო ტექსტს ბაგე-პირი, ჭმუჭნის და ღეჭავს და ღდინამდე განმარტავს პროტესტის არსს, რათა ვიღაც -ვიღაცების ტვინს მიაწოდოს უკიდურესად დაღეჭილი, საყოველთაოდ განმარტებული და ახსნილი და ამით მიეხმაროს სხვათა და სხვათა მრავალრიცხოვან ტვინებს სამართლიანი პროტესტის გადამუშავება – მონელებაში.
„ლიბერალი“, – ფიქრობს დეა, – „ალბათ, ლიბერალი“, – ფიქრობს დეა; მზერა მარცხნივ – დანების მლესავი დანის სალეს ქვასთან. შსს, შსს, – ნაპერწკლები ქვიდან, მოძრავ ქვაზე უშველებელი დანა, დანის პირი – წინ და უკან, წინ და უკან, – შსს, შსს, – ნაპერწკლები.
დანების მლესავი მამაკაცი – მაღალი, ხმელი, აეროპორტი ქუდით, მარჯვენა ფეხს ამუშავებს, ქვას ატრიალებს, გულდასმითაა ჩაცქერილი დანას, რომელსაც ლესავს. მლესავთან ქალი, იმ ქალთა რიცხვიდან, კონკრეტულ ამოცანებს რომ უსახავენ ზემდგომი ორგანოები და ისინიც ზედმიწევნით რომ ასრულებენ ზემდგომი ორგანოების მითითებებს.
„შემსრულებელი ქალი“, – ფიქრობს დეა, – „არა, აღმსრულებელი ქალი“, ფიქრობს დეა.
– აღმასრულებელი ქალი აღმასკომიდან!
არ ესმის დეას, არც აღმსრულებელ ქალს ესმის აღმასკომიდან, რომელიც აღარ არსებობს ბუნებაში, მაგრამ არსებობს ქალი – წითლად შეპუწკული ტუჩებით, ზომიერად შეფერადებული ლოყებითა და თვალებით, აღმსრულებელი ქალებისათვის მონიშნულ სკამზე ჯდომით საჯდომგასიებული ქალი აღმასკომიდან, რომელიც აღარ არსებობს ბუნებაში, მაგრამ არსებობს ქალი, ყველა დროში რომ სჭირდებათ ზემდგომ ორგანოებს, რადგან ისინი მითითებული საქმის ზედმიწევნით აღმსრულებლები არიან. ასეთი ქალების ყურებს კარგად ესმოდათ, კარგად ესმით, კარგად გაიგებენ, რათა ზემდგომი ორგანოებისთვის გაჩნდეს საქმე, რასაც ზემდგომი ორგანოები აღმსრულებელ ქალებს ჩამოუნაწილებენ სხვადასხვა რაიონულ აღმასკომებში, რომლებიც აღარ არსებობს ბუნებაში, მაგრამ არსებობს ქალი, უშველებელ დანას რომ ალესინებს დანების მლესავს მიწისქვეშეთში.
– Точу ножы-ножныцы! Точу ножы-ножныцы! ჩაესმა დეას საბჭოეთის დროინდელი გამოძახილი, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
შსს, შსს, – ნაპერწკლები ქვიდან, ქვაზე დანა – წინ და უკან, წინ და უკან, დანების მლესავის აეროპორტი ქუდი, დანების მლესავთან აღმსრულებელი ქალი, რომელიც თავის გალესილ დანას ელოდება.
ნაბიჯი წინ, მზერა მარჯვნივ – სათვალეები ვიტრინაში.
„რატომ ვარ ასე დაძაბული“, – ფიქრობს დეა, – „იქნებ სათვალე?“ – ფიქრობს დეა, ჯიხურიდან გამოსულ კაცს უცქერს; ეჩვენება, რომ იცნობს ამ მამაკაცს, მაგრამ ვერ იხსენებს, საიდან იცნობს.
ზზზ – ბგერა – ზზზ – გამუდმებული – ზზზ – ლაბირინთში.
სათვალეების ჯიხურთან კაცი მზის სათვალით. „ზამთრის ამ საღამოს მზის სათვალე რად უნდა?“ – ფიქრობს დეა, – „მაგრამ მიწისქვეშეთში არც დრო არსებობს, არც ამინდი“, – ფიქრობს დეა, – „ეკეთოს სათვალე, თავისი საქმეა. საიდან მეცნობა ეს კაცი?“ – ფიქრობს დეა, აკვირდება მამაკაცს, გახსენებას ცდილობს.
საშუალო სიმაღლის მამაკაცი არც გამხდარია, არც მსუქანი. შუახნისაა, პირგაუპარსავი, მაგრამ წვერმოშვებულს ვერ იტყვი მასზე. მუქი ლურჯი ქურთუკი აცვია, შავი შარვალი, ყავისფერი, წაწვეტებული ფეხსაცმელი. „შავი სათვალის გარდა არაფერი დასამახსოვრებელი, არაფერი ნაცნობი, მაგრამ მაინც მეცნობა საიდანღაც“, – ფიქრობს დეა; უცქერს მამაკაცს, რომელიც სათვალეების ჯიხურთან დგას, ელის ვიღაცას. „პაემანი აქვს ალბათ. ვარცხნილობაც ჩვეულებრივი, – შუბლთან ნახევარკუნძულად შეთხელებული თმა მარცხნიდან მარჯვნივ შეთხელებულად გადაგლესილი; სათვალე რომ მოეხსნა, იქნებ მეცნო კიდეც, საიდან მეცნობა?“ – ფიქრობს დეა, მერე ხედავს:
შავსათვალიანისკენ წითლად თმაშეღებილი ბებრუხანა ქალი მიჩლახუნობს, შორიდანვე შეჰღიმის შავსათვალიანს, თეთრი ხალათის გამობერილ ჯიბეს მოაჩხრიალებს. „ტუალეტის ქალი“, – ფიქრობს დეა, – „რა საერთო აქვთ?“ – ფიქრობს დეა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10