და უთვალავჯერ დაკემსილ-დაფოლაქებულ მათ თვალებში უცნაური სხივი კრთება – ვიღაცის საინტერესო ცხოვრებასთან ნაზიარები ბედნიერებისა, თავის გაუხარებლობასთან შეგუებისაც, რადგან აქაც არსებობს თურმე რაღაც ისეთი, მობედნიერო თუნდაც, მოსიხარულო თუნდაც, თუნდაც რაღაცის ანარეკლი, გამოძახილი და თამილასნაირი გოგონა თამილასნაირ თავის მეგობართან უმტკივნეულოდ თანხმდება თავის ამჟამინდელ ბედნიერებაში, რადგან ორივე ბედნიერია ვიღაცის სახალხოდ გამოჭენებული ბრჭყვიალა ბედნიერებით…
„ამას ავტოგრაფი რომ არ დავუტოვო, მოვკვდები“, – ფიქრობს დეა, – „როგორ დავუტოვო ავტოგრაფი?“ – ფიქრობს დეა, მერე ამბობს:
– ჩემი ტელეფონის ნომერს ჩაგიწერთ – და ისე, რომ არ ელოდება თამილას თანხმობას, უჯრედიანი რვეულის შუა გვერდს ხევს, ფურცელზე თავისი მობილურის ნომერსა და ხელმოწერას ტოვებს, რვეულს ყიდულობს, უღიმის თამილას და გასვლა უნდა, რადგან სირცხვილს გრძნობს, იმ უხერხულ მდგომარეობას, როცა არაფერს გთხოვენ, შენ კი ეძალები, მაგრამ თამილა ბედნიერია, თამილა მართლა ბედნიერია და თამილას უნდა, ძალიან უნდა თამილას, რაღაც აჩუქოს დეას, თუნდაც უბრალო რამ:
– სახატავი რვეული, ძალიან გთხოვთ, თქვენი გოგონასათვის, ჩემგან…
– გმადლობთ, – ამბობს დეა, – დიდი მადლობა, არ დამავიწყდება, შევინახავ, – ამბობს დეა, რვეულს ჩანთაში ათავსებს და ჯიხურიდან გასვლისას თამილას აღტაცებულ, თბილ მზერას გრძნობს ზურგით…
– დეიჩკა, „პრივეტ!“
ქურთი სეირანა – მელნისფერი ყელიანი სვიტერი, სვიტერზე უსახელო ქურქი, სპორტული, მუხლებგამობერილი მელნისფერი შარვალი, ბაგის კუთხეში გარჭობილი სიგარეტი, ყურებზე – რგოლები.
მიწისქვეშეთშიც და თავის ერთი ბეწო ქუჩაზეც ერთნაირად აცვია სეირანას; ზედამხედველი გეგონება იქაც და აქაც. „სეირანა არასდროს მინახავს ტრადიციულ სამოსში,“ – ფიქრობს დეა, – „სეირანა სხვაა, სეირანა მაყურებელია“, – ფიქრობს დეა, ესალმება სეირანას, უღიმის და მაინც ფიქრობს: „გავუღიმე სეირანას? ხომ გავუღიმე სეირანას?“ – მიდის დეა და გზადმიმავალი დეა ფიქრობს: „როგორ გეღლება ბაგის კუთხეები, რა უშნოდ გემანჭება ლოყები, როცა არ გეღიმება და მაინც იღიმი, მაგრამ, სეირანას აუცილებლად უნდა გაუღიმო, სეირანას დაკვირვებული მზერა ითხოვს შენს ღიმილს, იმიტომ რომ, სეირანა ჩვენი ქუჩის მაყურებელია, მე კი დეა ვარ კოლაბორაციონისტის ღიმილით სახეზე,“ – ფიქრობს დეა და ახლა მართლა იღიმის თავის თავზე, რადგან სიტყვა „კოლაბორაციონისტმა“ გაამხიარულა დეა.
– ხაჭაპური, ცხელ-ცხელი ხაჭაპური, კარტოფილის „პერაშკიი“! – ისმის ლაბირინთის სიღრმიდან.
„ფუჰ,“ – ფიქრობს დეა, – „ფუჰ!“
მზერა მარცხნივ – თავსაბურიანი ქალი სკამზე. უფრო დაბალ სკამზე რამდენიმე წყვილი წინდა. ქალის მოკრუნჩხულ თითებში საქსოვი ჩხირები, ქალის კალთაში-ძაფის გორგალი. მოკრუნჩხული თითები გაწაფულად ირჯებიან, ქალი ბეტონის იატაკს ჩასცქერის.
„ეს ძაფი, ალბათ, ძველი სვიტერიდანაა“, – ფიქრობს დეა, – „იყო სვიტერი, გახდა ძაფი, იქცევა წინდად“, – ფიქრობს დეა.
ჭაღარა, გაბურძგნულ თმა-წვერში ჩამჯდარი სახიდან წამონთებულ, სიცხიან თვალებს აწყდება, მზერას არიდებს, ნაბიჯს ანელებს, მალულად აპარებს თვალს წიგნების დახლისაკენ, სადაც წიგნებთან ერთად ამჩნევს გალიას, გალიაში – ჩიტბატონას.
წიგნების დახლთან მოკლე კაცი, კაცზე – ყვითელი მოკლე პალტო, კაცის ხელები – პალტოს ჯიბეებში, კაცის გაბურძგნულ თმა – წვერში – კლინიკური თვალები, კაცის სამი მოკლე ნაბიჯი აქეთ, სამი მოკლე ნაბიჯი – იქით, წიგნების დახლის გასწვრივ.
„წიგნებს დავუვლი“, – ფიქრობს დეა, – „პატარა წიგნი ჯიბეშიც მოთავსდება, გალიას ნამდვილად ვერ მოვიპარავ“, – ფიქრობს დეა და პირგადაჭიმული ქალის სახე ახლოს, სულ ახლოს, მსუბუქი შეჯახება, – პრიალა სიბრტყეზე პომადა, სიბრტყეს ოდნავ აცდენილი, ზეაწეული, ნაოპერაციევი, დაახლოებით იმგვარი ცხვირი, თოჯინებს რომ აქვთ, წამწამებზე – ლურჯი ტუში, თვალებში – არაფერი, ანდა – სიბრტყე, თვალებშიც სიბრტყე ორი მონაცრისფრო გუგით.
– უკაცრავად, – ებოდიშება პირგადაჭიმული ქალი დეას.
– პირიქით, მე მაპატიეთ, – ეუბნება დეა პირგადაჭიმულ ქალს. შორდებიან ერთმანეთს. ქალის მზერა ვიტრინისკენ.
მინასავით უნაუჭო ქალის სახე მინაზე.
წიგნების დახლი, დახლთან მოკლე კაცი, დეა მოკლე კაცთან, დახლზე წიგნები და გალია, გალიაში – ჩიტბატონა.
წიგნები უშინაარსოდ, გაუაზრებლადაა მიმოფანტული, აშკარად სხვადასხვა ბიბლიოთეკებიდან შეძენილი, თუ ნაჩუქარი. ზოგი შედარებით ახალია, ზოგი ძალიან გაცრეცილი, გაყვითლებული. ძირითადად მაკულატურაა, მაგრამ მათ შორის, დახლის ცენტრში, ბოსხის ძვირადღირებული, საკმაოდ კარგად შენახული ალბომი დევს. დეამ ალბომი გადაფურცლა. თივის უშველებელი ზვინი, ზვინთან თავმოყრილი ხალხი, ვიღაც ქალი თივის შეკვრას აწყობს ტომარაში, ორკაპებს უღერებენ საყვირიან ეშმაკს, თუ ფრთაგამოსხმულ, მლოცველ წმინდანს, ვისაც მზერა აღუპყრია მაღლიდან მაცქერალი უფლისკენ. ზვინზე შეუდგამთ კიბე, ქალი აპირებს აცოცებას, აქეთ ჩხუბია – ქალი კაცს ეტანება, ყელში უნდა სწვდეს სადაცაა, ფეხის წვერზე შეწკიპული კაცი კეტს უღერებს მოძალადე ქალს.
„ბავშვობიდან მაშინებდა ბოსხი“, – ფიქრობს დეა, – „საშინელებათა საპატიო დოქტორი ჰიერონიმუს ბოსხი“, – ფიქრობს დეა, – „ჰიერონიმუს, ჰიერონიმუს, ერთი პატარა ბულული მინდა ამ ზვინიდან, ჰიერონიმუს“, – ფიქრობს დეა, – „თუნდაც ისეთი წიგნი იყოს, ჯიბეში რომ მოთავსდება, ჰიერონიმუს“, – ფიქრობს დეა, მოკლე კაცის გავარვარებული მზერა აწუხებს.
– მაგარი ალბომია, – ამბობს მოკლე კაცი, – უძვირფასესი გამოცემა; თვითონ ვმუშაობდი გამომცემლობაში; ვიცი, რასაც ვამბობ, – ამბობს მოკლე კაცი.
„ახრჩობდა იმის გამჟღავნების სურვილი, რომ ერთ დროს გამომცემლობაში მუშაობდა“, – ფიქრობს დეა, ალბომს ჩაცქერილი ეკითხება კაცს:
– გამომცემლობაში რად მუშაობდით?
– უფროსი რედაქტორი ვიყავი, პოეტი ვარ, – ამბობს მოკლე კაცი; ყვითელი პალტოს ჯიბიდან ცალ ხელს ითავისუფლებს, თხელყდიან წიგნს აწვდის დეას;
– აი, ჩემი წიგნი! – იღიმის მოკლე კაცი, დაბეჯითებით ამბობს მერე: – ეს დარჩება, დროს გაუძლებს!
„ააა“, – ფიქრობს დეა, – „ააა, პოეტი ყოფილა“, – ფიქრობს დეა, მოკლე კაცისგან გამოწვდილ წიგნს ფურცლავს, უსაშველოდ გრძელი ლექსის მოკლე მონაკვეთს კითხულობს, ფიქრობს: „საბრალო, საბრალო“, – თომა ახსენდება და ფიქრობს დეა: „თომა რამ გამახსენა?, ამ მოკლე კაცმა დრო ახსენა, დროის ხურუში სჭირთ ლიტერატორებს“, – ფიქრობს დეა, მოკლე კაცს წიგნს უბრუნებს, უღიმის, მზერას არიდებს და ზოგადად ამბობს, ვიღაცისთვის:
– საინტერესოა…
– არჩევანი დიდია, დაათვალიერეთ, – ამბობს მოკლე კაცი და დეა გრძნობს, რომ ამ ადამიანში თავმოყვარეობამ გაიღვიძა ახლა, თვითონ შეწუხდა მოკლე კაცი, ასე ყინჩად, როყიოდ რომ წამობრიქა მკერდი მარადისობასთან და დეა იმასაც გრძნობს, გულის სიღრმეში ძალიან რომ უნდა, ძალიან – არა, სასოწარკვეთამდე რომ უნდა ამ მოკლე კაცს სჯეროდეს თავისი მაღალი მოწოდებისა. მუხთალმა დრომ კი ჩააქვესკნელა მიწისქვეშეთში, – რომელიღაც ეპოქაში უფროს რედაქტორად ნამუშევარი, ჰაიჰარად მოძიებული წიგნების გამყიდველად აქცია, მაგრამ ის უძლებს, მაინც უძლებს, მას სჯერა თავისი მისიისა, იგი პოეტია.
– რა ღირს თქვენი წიგნი? – ეკითხება დეა მოკლე კაცს.
მოკლე კაცმა ჩაიღიმა, წამონთებული თვალები ჩააცეცხლა ბეტონის იატაკს და თქვა:
– ლარი, ქალბატონო, მხოლოდ – ლარი.
„ესეც თამაშობს“, – ფიქრობს დეა, – „დუხჭირი ყოფისგან გალახულ გენიოსს თამაშობს და ეს აცოცხლებს“, – ფიქრობს დეა, წიგნებს ათვალიერებს – ასტრიდ ლინდგრენის – პეპი და კარლსონი, ჯეკ ლონდონის მოთხრობები, ბერძნული მითები, ბალზაკი, ჩეხოვის ორი ტომი მრავალტომეულიდან და იქვე – საბჭოთა ხანაში გამოცემული, მელანმოსხმული ქიმიის სახელმძღვანელო. „ნაპირზე გამორიყულ მკვდარ თევზებს ჰგვანან მოკლე კაცის დახლზე წიგნები“, – ფიქრობს დეა და მისდაუნებურად, თავისთვისაც მოულოდნელად, ფიქრში კვლავ მიმართავს ჰოლანდიელ მხატვარს: „ერთი ბულული მინდა ზვინიდან, ჰიერონიმუს, ერთი, ერთი, მხოლოდ ერთი ბულული მინდა“, – ფიქრობს დეა, – „ვეფხისტყაოსნის საიუბილეო გამოცემა თავისუფლად მოთავსდებოდა ჯიბეში“, – ფიქრობს დეა.
– ვეფხისტყაოსნის საიუბილეო გამოცემა ხომ არ გაქვთ? – ეკითხება მოკლე კაცს.
– აქ არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ვიშოვნი, ჩემი მობილურის ნომერს მოგცემთ, ჩაიწერეთ, ხვალ უსათუოდ მექნება! – ამბობს მოკლე კაცი და ძალიან ახლოს მიაქვს დასიცხული თვალები დეასთან, მიაქვს გაბურძგნული თმა-წვერი და მიაქვს პირი, საიდანაც მყრალ არაყთან ყოველდღიური მისი ცელქობა მოეთერზეთობს დეასაკენ.
„ფუჰ,“ – ფიქრობს დეა, – „ფუჰ“, – ფიქრობს დეა, – „გატიალების სიბილწე ვითომ ჯარისკაცისგან, გატიალების სიბილწე ფარის გარეშე დარჩენილი მწყემსისგან და გატიალების სიბილწე მოკლე კაცისგან, ვის დახლზეც მკვდარი თევზებივით ყრია წიგნები“, – ფიქრობს დეა, ჩიტბატონაზე გადააქვს მზერა.
– ეს ჩიტი?..
– ათი ლარი, – პასუხობს მოკლე კაცი დეას, – ბეღურაც მყავს ერთი, ლარად მოგცემთ.
– ბეღურა? – უკვირს დეას. „თავისი წიგნივით, ბეღურაც – ლარად“, – ფიქრობს დეა, – „ღმერთო, რამდენი ბეღურა დაფრინავს ცივ, თვალუწვდენელ ამ ზამთარში“, – ფიქრობს დეა, კაცის ხმა ესმის:
– კვდებოდა ბეღურა, გადავარჩინე, – მოკლე კაცის სახე დეასთან ახლოს.
„ოო, ეს მყრალი ეთერზეთები“, – ფიქრობს დეა, – „ამას ჩიტების ბაზარიც ჰქონია აქ“, – ფიქრობს დეა, – „გავერიდოთ მოკლე კაცს“, – ფიქრობს დეა, მერე მიდის.
მოკლე კაცი მარტო დახლთან, მოკლე კაცის ხელები ყვითელი, მოკლე პალტოს ჯიბეებში, სამი ნაბიჯი აქეთ, სამი ნაბიჯი – იქით, წიგნების დახლის გასწვრივ. წიგნების დახლზე გალია, გალიაში – ჩიტბატონა, მოკლე კაცის გავარვარებული მზერა დახლსგარიდებული დეასაკენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10