ბიჯუტერიის ჯიხურის ხელმარცხნივ პარფიუმერიისჯიხურია, ხელმარჯვნივ – მაგნიტოფონებითა და კასეტებით ვაჭრობენ. „რომელ ჯიხურში შევიდე?“ – ფიქრობს დეა, – „ბიჟუტერია მომხვდა თვალში პირველად, ბედს მივენდოთ, იყოს ბიჟუტერია“, – ფიქრობს დეა, მიწისქვეშეთის გარიყულ ჰაერს ღრმად ისუნთქვას შეცოცხლებულ თავის ფილტვებში და ნაბიჯი-მისი, ნაბიჯი-მისი, ბიჟუტერიის ჯიხურისკენ ნაბიჯი-მისი.
შემინულ კარს სანამ გააღებდა, ბიჟუტერიის გამყიდველი გოგო და ქალი შენიშნა, რომელიც დავთარს ჩასცქეროდა. ქალმა მზერა შეავლო ჯიხურში შემოსულ დეას და დეამაც იქვე მიანიჭა მას სახელი კი არა, წოდება – „პედიკუშა-მანიკურშა“.
„პედიკურშა-მანიკურშები“ შეჭკნობაში ფეხშედგმული ქალები არიან. ისინი ბავშვობიდან ამჟღავნებენ უკიდურეს სწრაფვას იმის მიმართ, რაც ქალურობასთან ასოცირდება – სამკაულები, მანიკური, პომადა, კოსმეტიკა, საცხები პირისკანისთვის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, კაბა – რომელიც თვალშისაცემად ბრჭყვიალებს, საუბრის მანერა-რომელიც ყურს ჭრის მიმბაძველობით, შემოფეთებულად უტრირებულია, რადგან წინდაწინ იპრანჭება, სიტყვას საღეჭი რეზინივით ეპყრობა-ღეჭავს სიტყვას, ღეჭავს და წელავს, ბერავს კიდეც, დაყენებულად მოგულგრილო მზერით მიაცილებს თავის გაბერილ სიტყვას და – ტკაც, ატკაცუნებს და იმავე მოგულგრილო იერით განაგრძობს სიტყვის ღეჭვას, – ღეჭავს და წელავს, ღეჭავს და წელავს სიტყვას, ბერავს კიდეც და მერე – ტკაც.
რაღაც ხარისხით ყველა გოგონაშია ეს მიდრეკილება, მაგრამ მომავალ „პედიკურშა-მანიკურშებში“ მომეტებულადაა საგრძნობი; თუმცა, იმ თავის ბავშვობაში არავის მოუბრუნდება ენა – „პედიკურშა-მანიკურშას“ წოდება მიანიჭოს ბავშვს; როგორც წესი, იმხანად მათ პრანჭიკელებად, იხსენიებენ, რაც ბუნებრივიცაა და სავსებით ნორმალურიც, რადგან ქალური ჰორმონი მჟღავნდება გოგონაში, ესაა და ეს.
როგორც წესი, მომავალი „პედიკურშა-მანიკურშები“ ადრეულ ქალიშვილობაში ეთხოვებიან ქალწულობას და სათანადო გამოცდილებით აღჭურვილნი, ერთ დღესაც ფეხმძიმდებიან, იქნებ გათხოვდნენ კიდეც ამის შემდეგ, მაგრამ თუ გათხოვდნენ, მალე ეყრებიან ქმარს და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას ქმარყოფილისაგან მოპოვებულ თუ მორჩენილ ფართში, როგორც წესი – შვილის გარეშე. შვილის აღზრდას მომავალი „პედიკურშა-მანიკურშა“ თავის მშობლებს ანდობს, ანდა, სულაც, იქით გაისტუმრებს პირმსოს – ყოფილი მეუღლის მსობლებისკენ.
თავისი ახალგაზრდა ცხოვრების სექსუალურად სისხლსავსე წლებშიც არ იწოდებიან ამ ტიპის ქალები „პედიკურშა-მანიკურშებად“, იმხანად, როგორც წესი, მოიხსენიებიან ბოზებად, რადგან ხშირი გათხოვება-გამოთხოვებითა თუ გასაყვვარლება – გამოსაყვარლობით არიან დაკავებულნი; იმხანად, როგორც წესი, ეს მათი ცხოვრების ძირითადი საქმიანობაა.
„პედიკურშა-მანიკურშას“ წოდება მაშინ მოდის, როცა ამ ქალებს შეჭკნობაში შეუცდებათ ფეხი. აი, აქ კი იწყება ნამდვილი „პედიკურშა-მანიკურშა“. მან ზუსტად იცის, სიბერე ახლოსაა და სიბერისკენ მიმავალი გზა, რაც შეიძლება უნდა გაჭიმოს; ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, დასალაგებელი, რადგან, როგორც წესი, შეჭკნობაში ფეხშემდგარ „პედიკურშა-მანიკურშას“ იმხანად ახსენდება შვილი, რომელიც, თითქოსდა, სულ ახსოვდა და უყვარდა, მაგრამ ახლა, სწორედ ახლა გრძნობს „პედიკურშა-მანიკურშა“ შვილზე ზრუნვის მძაფრ მოთხოვნილებას; დააკლო ბევრი რამ, უმთავრესი დააკლო თავის ნაშიერს და უნდა აანაზღაუროს დანაკლისი; მაგრამ, რომ აანაზღაუროს, უნდა მოიპოვოს რაღაც და როგორც წესი, „პედიკურშა-მანიკურშას“ ცხოვრებაში სწორედ აქ ჩნდება ხანდაზმული მამაკაცი, „კეთილი მამიკო“, ვისაც ცხოვრების გასახალისებლად სჭირდება „პედიკურშა-მანიკურშას“ ტიპის ქალი; არა, არა, „კეთილმა მამიკომ“ თუ მოინდომა, წიწკვებს რა დალევს ქვეყანაზე, მაგრამ მას სწორედ „პედიკურშა-მანიკურშა“ აინტერესებს პირად საყვარლად; მასთან იოლია ურთიერთობა, „პედიკურშა-მანიკურშამ“ იცის თავისი ადგილი, ისიც იცის, როგორ გაართოს „კეთილი მამიკო“ საწოლში, რა სასიყვარულო თამაშით შეიქციოს კაცი, როგორ არ მოაბეზროს მას თავი, როდის რა თქვას და როდის გაჩუმდეს. „პედიკურშა-მანიკურშამ“ ეს ყველაფერი შეისწავლა, შეიმეცნა, გააცნობიერა, იცის, მაგრამ ამ ტიპის ქალმა ისიც კარგად იცის, რომ უკვე შეუცდა ფეხი შეჭკნობაში და ახლაა დრო, ახლაა მოსასწრები და თუ „კეთილი მამიკო“ ესოდენ კეთილია, მაშინ სულ იოლადაა შესაძლ;ებელი სილამაზის სალონისა, თუ მომცრო კაფესა, თუ საპარფიუმერიოსა, თუ ბიჟუტერიის ჯიხურის გამართვა, რადგან მოზრდილი შვილი ჰყავს „პედიკურშა-მანიკურშას“, დედაა და დედამ შვილზე ხომ უნდა იზრუნოს.
„გაწონასწორებული ძუკნაა“, – ფიქრობს დეა „პედიკურშა მანიკურშაზე“, – „დედას გიტირებ, მაინც მოგპარავ რამეს“, – ფიქრობს დეა, უღიმის „პედიკურშა-მანიკურშას“, გამყიდველ გოგონასაც უღიმის, ახლა მას სწავლობს, რადგან მოიხელთა სილაღე, წესით და რიგით, უნდა შეძლოს, თუმცა, ზუსტად უნდა იცოდეს, ვის პარავს და აი, დეა უღიმის გოგონას და ფიქრობს დეა – „მძინარა მზეთუნახავია ეს გოგონა, ახლახანს გაეღვიძა, ძილ-ბურანშია ჯერ კიდევ, საკმარისია, ნებისმიერი სიტყვა გაიგოს და იქვე იკითხავს ზანტად, საყვარლად – „მარ-თლაა? ამას იოლად მოვპარავ“ – ფიქრობს დეა, – „პრობლემა „პედიკურშა-მანიკურშაა“, მაგრამ ვნახოთ, გავლაღდი მე, ლაღად ვნადირობ, მიდი, დეა!“ – ფიქრობს დეა, ესალმება „პედიკურშა-მანიკურშას“ და „მძინარე მზეთუნახავს“, იღიმის.
საპასუხო ღიმილი „პედიკურშა-მანიკურშასაგან“, მაგრამ ღიმილი მხოლოდ ბაგის კუთხეებში, თვალებში – სიცივე. „მძინარე მზეთუნახავი“ ბურანშია ჯერ კიდევ, ახსენდება-უნდა გაიღიმოს, მოგვიანებით იღიმის; ახსენდება, – დავთარს ჩასცქეროდა „პედიკურშა-მანიკურშა“, დახლზე გაშლილი ჟურნალისკენ იცქირება შემდეგ. „პედიკურშა-მანიკურშა“ ჟურნალს ხურავს, დეას მიმართავს:
– დიახ!
„უნდა იგრძნოს, მყიდველი რომ ვარ“, – ფიქრობს დეა, – ეკითხება:
– ბარათით შეიძლება გადახდა?
– რა თქმა უნდა, – პასუხობს „პედიკურშა-მანიკურშა“ დეას.
„ხომ შეეძლო მარტივად ეპასუხა „ჰო“, „კი“, „დიახ“, მაგრამ – არა, – „რა თქმა უნდაო, რა თქმა უნდაო, – ამით ნიხრი აუწია თავის დამპალ ჯიხურს“, – ფიქრობს დეა; გრძნობს, რომ თავს იღიზიანებს ახლა, არ უნდა უყვარდეს ეს „პედიკურშა-მანიკურშა“, ძალიან არ უნდა უყვარდეს, ჯიბრი უნდა გაუჩინოს თავს, ჯიბრი თუ ჟინი, რომ მოიპაროს, გათავისუფლდეს და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს, – „საყვარელი ტანგა ტრუსს გჩუქნის ხოლმე, არა, შე ბოზო?! ჰოდა, ტანგამოცმული მიმჭკნარი ტრაკი უთამაშე მიმჭკნარ საყვარელს, იმას უძახე – რა თქმა უნდა, რა თქმა უნდაო, – ფიქრობს დეა, უღიმის „პედიკურშა-მანიკურშას“, ეკითხება:
– თქვენ რას შემომთავაზებდით?
– ბიჟუტერია გაინტერესებთ? – კითხვას უბრუნებს „პედიკურშა-მანიკურსა“ დეას.
– ახლა შევამჩნიე, მინანქარიც გქონიათ, – ამბობს დეა და რაღაც ძალას გრზნობს მარცხენა მხრიდან, ენერგეტიკას, რომელიც ექაჩება თავისკენ; თუმცა, იცის დეამ, თვალებში უნდა უცქიროს „პედიკურშა-მანიკურშას“, არსად ეჩქარება დეას, ჯერჯერობით ეცნობა აქაურობას, ურთიერთობას ამყარებს „პედიკურშა-მანიკურშასთან“, უღიმის მას.
– მინანქარიც გვაქვს და ვერცხლის ნაკეთობებიც, ბიჟუტერია თუ გაინტერესებთ, ძალიან ხარისხიანი საქონელი მივიღეთ პოლონეთიდან და ჩეხეთიდან, – ამბობს „პედიკურშა-მანიკურშა“, „მძინარე მზეთუნახავს“ მიმართავს შემდეგ – მადონა, ანახე ქალბატონს!
„მადონა ქვია თურმე „მძინარე მზეთუნახავს“, მოვათვალიეროთ აქაურობა, არსად გვეჩქარება,“ – ფიქრობს დეა, მარცხნივ იცქირება და იქ, იქ, იქ ამჩნევს იმას, იმ საყვარელს, იმ სანუკვარს – გამჭვირვალე ბურთულაში მოთავსებულ ეიფელის კოშკს, რომელიც ეძახის, უხმობს, ეხვეწება დეას:
– შენი ვარ, შენი! მოდი, წამიღე!
„ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციო“ – ფიქრობს დეა, – „ეს რომ არ მოვიპარო, გავგიჟდები“, – ფიქრობს დეა, „პედიკურშა-მანიკურშასკენ“ ტრიალდება, მარცხნივ კი არა, სწორედაც მარჯვნივ დგამს ორ ნაბიჯს, დახლის ვიტრინაში გაწყობილ ნივთებს ათვალიერებს გულდასმით, მაგრამ მარცხნიდან გრძნობს, გრძნობს მარცხნიდან იმ ენერგეტიკას, რომელიც ძალუმად ექაჩება თავისკენ და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: „პატარა, ის პატარა, ის საყვარელი“.
მადონა დახლის ქვემოთაა ჩახრილი, ეძებს რაღაცას მადონა, მერე კითხულობს:
– ვიოლა, ჩეხური ხომ აქ გვქონდა?
– ხელში გიჭირავს ჩეხური ბიჯუტერია, მადონა! – პასუხობს „პედიკურშა-მანიკურშა“ გამყიდველ გოგონას საგრძნობი სიცივით ხმაში.
– მართლაა?! – საყვარლად წუხს მადონა, – რა სულელი ვარ, – საყვარლად წუხს მადონა, წელში იმართება, ბიჯუტერიას დახლზე აწყობს.
„ვიოლა ქვია „პედიკურშა-მანიკურშას“, დავიმახსოვროთ – ვიოლა“, – ფიქრობს დეა, -„შენ რომ აქედან გააჯვამდე, რა კარგი გოგო იქნებოდი, ვიოლა“, – ფიქრობს დეა, ბიჟუტერიას ათვალიერებს, მარცხნიდან კი ის ექაჩება, საყვარელი ის, ის სანუკვარი – გამჭვირვალე ბურთულაში მოთავსებული ეიფელის კოშკი და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: „რაც შეიძლება მეტი საქონელი უნდა დავაწყობინო დახლზე; გავგიჟდები, ჭკუიდან ავიწევი, ეიფელის კოშკი რომ არ გავიტანო აქედან“, – ფიქრობს დეა, ვიოლას მიმართავს შემდეგ:
– იცით, რა, მინანქარიც მაინტერესებს!
ამ დროს მობილურის ზარი ისმის, ვიოლა ჩასცქერის თავის მობილურს.
– მადონა, მოემსახურე ქალბატონს! – უბარებს გამყიდველ გოგონას ვიოლა, ჯიხურიდან გადის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10