მარცხნიდან – უშველებელ ფუთაზე შემომჯდარი კაფანდარა ქალი. სევდიანი ბიჭუნა ქალთან, ქალი ფულს აძლევს სევდიან ბიჭუნას, ბიჭუნა ლაბირინთს მიუყვება.
„ფული ხომ მისცა ფუთაზე შემომჯდარმა ქალმა ბიჭუნას, რატომ აქვს ბიჭუნას ასეთი სევდიანი სახე? “ – ფიქრობს.
– ხაჭაპური ცხელ – ცხელიიი! – მოიდღლიზება მოფლაშული ქალი ლანგარზე შემოწყობილი ხაჭაპურებით.
„არ დამეჯახოს, უნდა გავიწიო,“ – ფიქრობს; ახსენდება შავკანიანის თეთრი კბილები და ისევ ფიქრობს: „მივხვდი, მივხვდი, ყურსასმენები ეკეთა, ვიღაცას ესაუბრებოდა და იცინოდა, ააა… აი, ხომ მივხვდი,“ – ეცლება ხაჭაპურის გამყიდველს და:
ზზზ – ზზზ – გამუდმებული – ზზზ ლაბირინთში.
მოთენთილად, უგერგილოდ, ემოციის გარეშე ახსენდება ვინ იყო შავსათვალიანი მამაკაცი, „ტუალეტის ქალმა“ რომ გადასცა სველი ხურდა სველი მაგიდიდან.
„ტიპი სამოქალაქო ომიდან, ვისზეც გავთხოვდი ლიფტში; ჰო, ის იყო, აშკარად ის იყო; მიწიქვეშეთის ტუალეტის დირექტორი გამხდარა, მზის სათვალეს ატარებს ზამთრის საღამოებში. უნდა დავიმახსოვრო, ამ ნიშნით ვიცნობ,“ – ფიქრობს დეა – „მაგრამ, რატომ უნდა დავიმახსოვრო? “ – ფიქრობს დეა.
– დაიმახსოვრო კი არა, უნდა დაივიწყო, ქვეშაფსია დეიკო!
არ ესმის დეას; დგას დეა, უშველებელ ფუთაზე შემომჯდარ კაფანდარა ქალს უცქერს და უეცრად იმ კაფანდარა ქალმა კაფანდარა ქალებისთვის შეურაცხმყოფლად დიდი პირი მოაღო და გამყინავი ხმით გასძახა სრულიად მიწისქვეშეთს:
– მეორადები! მეორადები ევროპიდან! ახალთახალი მეორადები ევროპიდან! მეო- რადები! ევ – როპ – იდან!
„ აქცენტს ევროპაზე სვამს გამყინავ ხმაში,“ – ფიქრობს დეა, – „ ძველმანების ახალი ფუთა,“ – ფიქრობს დეა, – „ მე რომ ასეთი ბიჭუნა მყოლოდა,“ – ფიქრობს დეა, – „ ალბათ მღერის ბიჭუნა,“ – ფიქრობს დეა, – „ მგონი, მეფსია, დროა, წავიდე აქედან,“ – ფიქრობს დეა, მაგრამ არ მიდის, რაღაც ბორკავს, რაღაც არ უშვებს მიწისქვეშეთიდან და მერე ფიქრობს: „ გიჟები ფსამენ? “
– ფსამენ! ფსამენ! შარდავენ!
არ ესმის დეას; ყურის აპკი დაეცო დეას, მხოლოდ გაბმული – ზზზ – ზზზ – ზზზ – ესმის დეას მიწისქვეშეთის ლაბირინთში და კიდევ ესმის მძიმე ჩექმების ბრაგა – ბრუგი ბეტონის იატაკზე; ხედავს ორ სპეცრაზმელს ტყვიაგაუმტარი მინის ჩაფხუტებით, აჩქარებულად მოაბიჯებენ, თითქმის მორბიან, ამვლელ-ჩამვლელს მოურიდებლად იშორებენ გზიდან, მიეჩქარებათ იმ ამოსასვლელისკენ, სადაც წარმატებული მათხოვარი ზის ჯორკოზე.
„ვერ გაჭრა წარმატებული მათხოვრის დალოცვამ,“ – ფიქრობს დეა; სპეცრაზმელთა ზურგს აყოლებს თვალს. „ჰიერონიმუს, ჰიერონიმუს, ვერც შენ შემეწიე, ჰიერონიმუს; მე ხომ მხოლოდ ბულული მსურდა თივის ზვინიდან, ჰიერონიმუს,“ – ფიქრობს დეა და მზერა დეასი ისევ იქით, თვალსდაკარგული სპეცრაზმელებისკენ და ახსენდება დეას 9 აპრილის სისხლიანი ღამე, ახსენდება ანთისა, რომელიც 9 აპრილს არ აღსრულებულა, მაგრამ მაინც 9 აპრილს შეეწირა და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს:
„ანთისა, ანთისა, სადღაც აქა ხარ ახლა, ანთისა, ზუსტად ვიცი, შენ ხომ აქა ხარ, ანთისა, მიწისქვეშეთში; ჩემო კეთილო, გულუბრყვილო ჩემო ანთისა, როგორ მახსოვს შენი მუქარა, როცა ის ღამე გადაღამდა და რომ გათენდა, რომ გაიგე და : – მეო, მეო, მაგათ არ იციან ჩემი შვილი სამხედრო რომ არის, მივწერ იმას, დაწვრილებით მივწერ, რაც ჩაიდინეს ჯალათებმა და მერე ნახონ მაგათ, შავ დღეს დააწევს ჩემი ვაჟიო და ყოველ ცისმარე დღეს თითო კონა ია მიჰქონდა ანთისას, სადაც ისინი აღესრულენ, და მერე, მერე, აპრილის ბოლოს, როცა ია მოლეული იყო უკვე, ანთისას თითო ვარდი მიჰქონდა იმ ადგილას, ამოიარა ალექსანდრეს ბაღი, ამოიარა, – არა, თითქმის, თითქმის ამოიარა ანთისამ ბაღი, სკამზე ჩამოჯდა, ჩამოხვნეშდა, თეთრი ვარდი უშველებელ მკერდზე დაიდო, ცერა და საჩვენებელი თითებით დინჯად, გულდასმით ჩამოიწურა ბაგის კუთხეები, მიმოიხედა, ერთი ძალუმად ჩაისუნთქა, გეგონება, ბოლოს და ბოლოს მიაგნოო თავის სამშობლოს და მოკვდა ანთისა იმ ვარდით გულზე, იქ რომ მიჰქონდა ყოველ ცისმარე; მაგრამ აქ არის ახლა ანთისა, სადღაც აქაა, გამოჩნდება, ალბათ,“ – ფიქრობს დეა.
მზერა ლაბირინთის სიღრმისკენ – ანთისას მოლოდინში.
შავი ანაფორა.
მასიური ვერცხლის ჯვარი.
შავგვრემანი სახე, მსუბუქი თრთვილი შავ თმებზე. „თითქმის არ შეცვლილა მამა მამია“, – ფიქრობს დეა, – „მხოლოდ მსუბუქი თრთვილი შავ თმებზე“, – ფიქრობს დეა, – „ვერცხლის კბილი ისევ აქვს ნეტა?“ – ფიქრობს დეა და მერე დედა.
„9 აპრილის შემდეგ დედა შეიცვალა“, – ფიქრობს დეა, – „ეკლესიაში მოუხშირა სიარულს, ძალიან თეატრალურად იწერდა პირჯვარს და ეს მაღიზიანებდა“, – ფიქრობს დეა, – „ვჩხუბობდით ხშირად, არ მესმოდა, არ მესმოდა, არ მესმოდა, არა, არა, არ მესმოდა, ვჩხუბობდით, ვჩხუბობდით, და მერე სულ ჩამოშორდა თეატრს, ძიძად მოეწყო, მოხუცებსაც უვლიდა, დაილია, დაილია, ეკლესიის ეზოში აბორიალებულ თავსაბურიან გალეულ ქალებს დაემსგავსა და სულ მიჩუმდა, მიჩუმდა, მიჩუმდა, ლოცვასაც ჩუმად ბუტბუტებდა და აღარ იწერდა პირჯვარს თეატრალურად, რაღაცნაირად იწერდა პირჯვარს, – თავისთვის, თავისთვის, შეუმჩნევლად, რიდით, თავისთვის; სველ ბამბას გაშლიდა თეფშზე, ხორბლის მარცვლებით მოპენტავდა და სააღდგომოდ – ჯეჯილი თეფშზე, ჯეჯილი თეფშზე, თეფშზე ამოზრდილი ჯეჯილის შუაში წითელი კვერცხი სააღდგომოდ და მერე, მერე – სიმსივნე და ისე გაყვითლდა დედა, როგორც გადააღდგომებულზე ყვითლდება თეფშზე ამოზრდილი ჯეჯილი და მერე მოკვდა დედა, ჩუმად, ჩუმად აღესრულა დედა; დედა, შენც აქ ხარ?!“ – ფიქრობს დეა, – „მაპატიე, ძვირფასო, არ მესმოდა, არ მესმოდა, სანამ შეიცვლებოდი, იქამდეც არ მესმოდა და მაპატიე, მაპატიე, მაპატიე, ვიცი, აქ რომ ხარ და მაპატიე“, – ფიქრობს დეა, მიწისქვეშეთის ლაბირინთში მომავალ მამა მამიას უცქერს და როცა მამა მამია დეასთან ახლოს, სულ ახლოს, დეა ფიქრობს, ფიქრობს დეა: – „იყო, იყო, როცა თეატრის სცენაზე თამაშობდნენ ერთად, მათ შორის რაღაც იყო უეჭველად, რაღაც ისეთი იყო – დედასთვის მტკივნეული, ჰო, ჰო, ეტკინა, რაღაც ძალიან ეტკინა დედას, გული ჩაეწურა დედას და მერე, მერე, ქუთაისის გასტროლის დროს გაიცნო კაცი, ვინც გააღიმა დედა, და მერე – მე, მე, დედაჩემის კვერცხუჯრედში მე იმ კაცისგან, ტრულაილას რომ უძახდნენ და შემინახა დედაჩემის კვერცხუჯრედმა, შემინარჩუნა დედაჩემის კვერცხუჯრედმა და თავისთვის ვუნდოდი, მხოლოდ თავისთვის ვუნდოდი, ამიტომაც არ შეაწუხა ის კაცი, ის ვიღაც ტრულაილა. შეკრთა დედა, როცა მამა მამია აღმოჩნდა ის მღვდელი, ვისაც ჩემი ნათლობა უნდა ჩაეტარებინა, შეკრთა დედა და მამა მამიაც შეკრთა, ხო, შეკრთა, – „შენ სად დაიკარგეო?“ – რომ კითხა დედას, შეკრთომა იყო, სხვა – არაფერი; მართალია, იღიმოდა ამ დროს, მაგრამ კითხვა იყო შემკრთალი კაცის მიერ დასმული. ხომ იცოდა მამა მამიამ, რომ კარგა ხნის წინ დაკარგეს მან და დედამ ერთმანეთი, ჰოდა, ამიტომაც იკითხა ასე იდიოტურად – „შენ სად დაიკარგეო?“ – ფიქრობს დეა და განა მარტო ფიქრობს, ზუსტად იცის უკვე, ურთიერთობათა მთელ ჯაჭვს ნათლად ხედავს მიწისქვეშეთში დეა, თვალს აყოლებს მამა მამიას ზურგს და ფიქრობს დეა, „ჩემმა ნათლობამ შეგახვედრათ და გამოდის, რომ მე დაგაბრუნეთ ერთმანეთთან, მაგრამ მამაჩემი ტრულაილაა“, – ფიქრობს დეა და მერე ფიქრობს: „მიწისქვეშეთმა ნათელმხილველად მაქცია? საიდან ვიცი ყველაფერი ასე ზედმიწევნით? თუ გავგიჟდი?“ – ფიქრობს დეა.
ხედავს დეა, – ლაბირინთის სიღრმიდან წითელი მიხაკებით გაწყობილი გვირგვინი მოაქვს ქალს, მამაკაცს – თეთრი გვირილებით გაწყობილი გვირგვინი.
მოდიან, მოსაუბრობენ გზადაგზა.
„გვირგვინები“, – ფიქრობს დეა, – „სწორედ ახლა უნდა ჩამოევლოთ გვირგვინებით“, – ფიქრობს დეა, „არ მიყვარს გვირგვინების სუნი, რაღაცნაირი სუნია, – სველი სიმკვდარის“, – ფიქრობს დეა, – „ჰიერონიმუს, სველი სიმკვდარე არსებობს, ჰიერონიმუს? ალბათ არა, მაგრამ გვირგვინებს სველი სიმკვდარის სუნი ასდით და მე რა ვქნა?“ – ფიქრობს დეა; მოხუც წყვილს ამჩნევს – მამაკაცს წვრილი ულვაში აქვს, მოზრდილი ცხვირი, დრაფის ორბორტიანი პალტო აცვია. ქალი თავშალითაა, თავის პალტოში ჩამალულა, გეგონება, პალტო მოდისო დამოუკიდებლად, იმდენად გამხდარია ქალი, იმდენად ფერმკრთალია თავშალში ჩამალული მისი ნაკვთები, მამაკაცისთვის გამოუდია ხელმკლავი, ჩაუარეს დეას, მიდიან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10