ქალი პირმოთნედ ასცქერის შავსათვალიანს, ერთხანს საუბრობენ, ქალი – მონდომებულად, სახელდახელოდ დაქოქილივით, მამაკაცი – ძუნწად, მოჭრილად, მძიმედ ჩაწვდილი სიტყვით. ტუალეტის ქალი პოლიეთილენის პარკში გამოკრულ ხურდას იღებს გამობერილი ჯიბიდან, თეთრი ხალათის გამობერილი ჯიბე თანდათან იჩუტება, ქალი არ ჩქარობს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მრავალრიცხოვანი ხურდის გადაცემას, რაღაცას აზუსტებს მამაკაცთან, ხელში მოქცეული ხურდის ტომსიკას მრავალმნიშვნელოვნად აჩხრიალებს; როცა მამაკაცისგან დასტურს იღებს, პოლიეთილენის თავმოკრულ ტომსიკას გადასცემს მას და მიწისქვეშეთის ტუალეტისკენ მიემართება იმავე ჩლახუნით, რა ჩლახუნითაც მოჩლახუნდა, მაგრამ ხურდა ფულს აღარ მიაჩხრიალებს, უბრალოდ მიჩლახუნობს.
მამაკაცი მზერას აყოლებს წითლად თმაშეღებილ ბებრუხანას და მის მზერაში შავი სათვალის მიღმაც იგრძნობა დედის გინება, რომელიც ტუალეტისკენ მიმავალ ქალს გააყოლა. ამის შემდეგ შავსათვალიანი მამაკაცი ხელით წონის პოლიეთილენის ტომსიკაში თავმოკრულ ხურდას, ლურჯი ქურთუკის ჯიბეში ათავსებს ფულს, ქურთუკის ჯიბე ებერება და ხურდის ჩხრიალით მიაბიჯებს მიწისქვეშეთის გასასვლელისკენ, სადაც წარმატებული მათხოვარი ზის ჯორკოზე.
„ფუჰ“, – ფიქრობს დეა, – ფუჰ, სველი ხურდები სველი მაგიდიდან“, – ფიქრობს დეა, – „ეს კაცი, ალბათ, მიწისქვეშეთის ტუალეტის დირექტორია, დღის შემოსავალი ჩაიბარა და წავიდა, მაგრამ საიდან მეცნობა ასე?“ – ფიქრობს დეა; ვერ იხსენებს და რადგან ვერ იხსენებს, მიდის, – „სათვალეების ჯიხური არსად გაიქცევა, ბოლოს და ბოლოს მოვბრუნდები“, – ფიქრობს დეა, მიწისქვეშეთში მიაბიჯებს.
შემხვედრი სახე – წვერმოშვებული მამაკაცი შებერებული არწივივით. ცხვირი – მოკაუჭებული, თვალები – მობერებული, მაგრამ მყარი, უტეხ მზერაში ნავარჯიშევი. თავზე ქუდი, ქუდზე – ხევსურული ორნამენტები, მაგრამ ქუდი კი ახალია; შეიძლება ითქვას, რაღაც ძველის, ძალიან ძველის თანამედროვე ვარიაცია, საბაზრო ეკონომიკის გამოძახილი ამოქარგულ ორნამენტებში.
„ასეთი ქუდები კარგად საღდება ტურისტებში“, – ფიქრობს დეა, – „ეს კაცი უპირობოდ კონსერვატორია“, – ფიქრობს დეა, – „ნეტა მე ვინ ვარ – ლიბერალი თუ კონსერვატორი?“ – ფიქრობს დეა, – „მე საბრალო კლეპტომანი ვარ, ვისაც ერთი ბულულიც ვერ მოუპარავს თივის ზვინიდან“, – ფიქრობს დეა, – „ჰიერონიმუს, ჰიერონიმუს, შემეწიე!“ – ფიქრობს დეა.
– ხაჭაპური, კარტოფილის პერაშკიი! – ისმის ლაბირინთის სიღრმიდან.
„საიდან მეცნო ის შავსათვალიანი, საიდან მეცნო?“ – ფიქრობს დეა, ვერ იხსენებს და თავის ტვინს უწყრება მერე“ – „შენც ჩემსავით ცრუ ორსულობა დაგემართა? გაიხსენე, რა, გაიხსენე!“ – ფიქრობს დეა, – „ნაღდად მეგონა, ფეხმძიმედ დავრჩი – მეთქი პირგაპარსული კარაბას ბარაბასისგან, ტყუილი აღმოჩნდა, მორიგი იმედგაცრუება; იქნებ ესეც ტყუილია, არასდროს შევხვედრივარ შავსათვალიანს, მე კი ვიტანჯები. უნდა მოვიპარო, სხვაზე არაფერზე ვიფიქრო“, – ფიქრობს დეა და სულში წვეთ-წვეთობით ჩაღვრილ შხამს გრძნობს, ახსენდება ძუძუსთავებზე მომდგარი ხსენი, ახსენდება წამობერილ მუცელზე შემოწყობილი თავისი ხელები, ახსენდება ის მოთენთილი ტკბილი იმედი, რომელიც მწარედ გაუცრუვდა.
– დეა! დეა! – ესმის დეას ნაცნობი ხმა.
მზერა მარცხნივ -ჩორნა ნიკო და ვიღაც უცნობი, ჩორნა ქალი ჩორნა ნიკოსთან, – იქვე დახლი, დახლზე თუთუნი შუშის კოლბებში.
ჩორნა ნიკო ხელს უქნევს დეას, თავისკენ იხმობს:
– მოდი, კარგ თუთუნს გაგასინჯებ! – მეტისმეტად გაღიმებული ჩორნა ნიკო მეტისმეტად გაწლიკულ, ჩორნა ქალს რაღაცას ეუბნება, დეასკენ ანიშნებს.
„ტურებს ჰგვანან“, – ფიქრობს დეა, უღიმის ჩორნას, ხელით ანიშნებს – მეჩქარებაო, გზას აგრძელებს და ისევ ფიქრობს, – „ჩორნას საქმე უნახავს, ჩორნა ნიკო ჩორნა ქალს მოიყვანს ცოლად, ჩვენს ქუჩაზე შეწყვილებული ტურა ჩასახლდება“, – და მერე ფიქრობს, -„გავუღიმე? კი, გავუღიმე“, – ფიქრობს დეა, – „მესამე უბნელი შემხვდა მიწისქვეშეთში, მიწისქვეშეთი ჩემი ქუჩის ანარეკლში მამოგზაურებს? ის ახვარი არ შემხვდეს ოღონდ, ახვარი – ეგ, ფუჰ, ახვარი!“ – ფიქრობს დეა; ალაგ წითელ-ალაგ ყვითელ – ალაგ ლურჯად თმაშეღებილ ქალ-ვაჟს ამჩნევს, ხაზგასმულად ფეხებზე მკიდია იერით რომ მოაბიჯებენ და შურს მათი უდარდელობისა, თუ სითამამისა, თუ ახალგაზრდა ასაკისა და თეატრი ახსენდება. – „ისინიც სპექტაკლს დგამენ თავისი ვარცხნილობით“, – ფიქრობს დეა, – „მერე რა, თუ წლების წინ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ნათამაშევს იმეორებენ; არც არაფერი, აქაური მიწისქვეშეთი იქაურობიდან მოღწეულ ბგერებს იმეორებს, მანძილის გადაფარვას დრო სჭირდება. მთავარია, რას გრძნობენ ახლა. თავისუფლები ვართო, ჰგონიათ, უკიდურესად თავისუფლებიო, უკიდურესადო. თავისუფლების აქაური აღქმაც რომელიღაც თავისუფლების ექოა. მიტინგებზე გამოსული ახალგაზრდა ვაჟები ჩეგევარობდნენ, ესენი პანკობენ, მე უბედურს კი ერთი ბულულის მოპარვაც მეყოფოდა პირადი თავისუფლების აღსადგენად. აბა, როგორ არ შემშურდეს ამ პანკების?“ – ფიქრობს დეა და მერე ფიქრობს: „ჰიერონიმუს, ბევრს არ ვითხოვ, ჰიერონიმუს! – სხვები ორკაპებით მისდგომიან თავის უშველებელ ზვინს, ტაშფანდურობენ მონაპოვარს, მე კი მხოლოდ ბულული მინდა – ჭიქა, საფერფლე, კალმისტარი, სუნამო, საცხი, ბიჟუტერიის ანასხლეტი, უძაფო ძაფის კოჭი თუნდაც, ან იქნებ – სარჭი, სათვალე, ფუნჯი, სამზარეულოს ჩვარი იყოს, სულ მცირედი, სულ უმნიშვნელო, მაგრამ მე რაღაც უნდა გავიტანო, ჰიერონიმუს!“
პოლიტიკოსი ორი ქვემდგომი პოლიტიკოსის თანხლებით მიწისქვეშეთში.
„რა გვარია? ღმერთო, რა ჯანდაბა მემართება, რა გვარია? მოსუქებული, მაგრამ სპეტაკი მოსუქებაშიც; ხალხში გაერია, არჩევნები ახლოვდება, ალბათ“, – ფიქრობს დეა.
– ჰა-ჰა-ჰა! – იცინის პოლიტიკოსი მიწისქვეშეთში.
– ჰა-ჰა-ჰა! – მიწისქვეშეთში თანმხლები ორი ქვემდგომი პოლიტიკოსი ხმას აყოლებს ზემდგომ პოლიტიკოსს.
ჩირის გამყიდველი მქუქანი ქალი შეთამაშებულად შესციცინებს პოლიტიკოსს მიწისქვეშეთში, პოლიტიკოსი შავი ქლიავის ჩირის სამ აცმას ყიდულობს მსუქანი ქალისგან და – ჰა-ჰა-ჰა! – ისევ იცინის, თანაც მეგობრულად, შინაურულად ესათუთება ჩირის გამყიდველი ქალის მსუქან მხარს, ხოლო ჩირის გამყიდველი მსუქანი ქალი ვაშლის ჩირის ერთ აცმას საჩუქრად უძღვნის პოლიტიკოსს მიწისქვეშეთში. ვაშლის ჩირით დასაჩუქრებული პოლიტიკოსი მრავალმნიშვნელოვანი მზერით ურიგებს შავი ქლიავის ჩირის თითო აცმას თანმხლებ ორ პოლიტიკოსს და ამის შემდეგ, ვაშლის ჩირით დასაჩუქრებული პოლიტიკოსი თანმხლებ ორ ქვემდგომ პოლიტიკოსთან ერთად მიაბიჯებს მიწისქვეშეთში, ჩირის ორ აცმას მიიყოლებს – აქედან ერთი შეიძინა, ერთიც საჩუქრად მიიძღვნა ჩირის გამყიდველი მსუქანი ქალისგან. საპატიო დისტანციაზე წინწასული პოლიტიკოსი თანმხლებ ორ პოლიტიკოსთან ერთად მხნედ მიაბიჯებს მიწისქვეშეთში, გარემოვაჭრეებისკენ მიიქცევს ხოლმე მოსუქებაშიც სპეტაკ პირ-სახეს და:
– გამარჯობა -თ! გამარჯობა-თ! – ესალმება ელექტორატს, ვისი იმედიც აშკარად აქვს.
– გაგიმარჯო-თ! გაგიმარჯო-თ! – ეხმიანება სავარაუდო ელექტორატი პოლიტიკოსს მიწისქვეშეთში და ისიც სარდლის გამჭრიახი მზერით იმახსოვრებს ელექტრორატის თითოეულ ჯარისკაცს, ზეკმაყოფილი იერით მიიყოლებს მიწისქვეშეთის ხრწნად ათინათს სპეტაკ სახეზე; ჩამოვლა წარმატებით მიმდინარეობს, ამაყია და ბედნიერი, ემოციით შეთრთოლებული, მუდამ მზადმყოფი, ჯარისკაცებით გარემოცულმა ჯარისკაცის ულუფა მიირთვას, იოხუნჯოს მათ გასაგონად და – ჰა-ჰა-ჰა! ჰა-ჰა-ჰა! – მათ გასაგონად იცინოს ისე ომახიანად, როგორც ეს ყვერებიან პოლიტიკოსებს სჩვევიათ, რადგან მთავარი მსოფლმხედველობა ყვერებშია, სწორედაც რომ ყვერებია მსოფლმხედველობის ანი და ჰოე.
– გამარჯობა-თ! გამარჯობა-თ!
– გაგიმარჯო-თ! გაგიმარჯო-თ!
„ამაზრზენად თამაშობს“, – ფიქრობს დეა, – „ყველა თამაშობს“, – ფიქრობს დეა, – „რა საბრალოა ადამიანი“, – ფიქრობს დეა.
– ინადირე! ინადირე!
არ ესმის დეას, მიდის დეა, გზადაგზა ფიქრობს: „ოკეანის იქით რომ დავბადებულიყავი, ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდებოდი; მეყოლებოდა პირადი მცველები, წავიდოდი – წამომყვებოდნენ, მოვიპარავდი – გადაიხდიდნენ, ვიცხოვრებდი სამოთხეში“. – დეას ეღიმება, ართობს დეას თავისი ფიქრი და ისევ ფიქრობს: „სამ მცველს გავიჩენდი – პატიკოს, პირგაპარსულ კარაბას ბარაბასს და თომას. კაცები, ვისგან მოძღვნილი თესლიც ჩემმა კვერცხუჯრედმა ვერ გამოზარდა, დეას პირადი მცველები გახდებოდნენ. გადასარევი იქნებოდა. შავ კოსტუმებში გამოვაწყობდი, შავ ჰალსტუხებს შევაბამდი თეთრ პერანგზე. შავსათვალიანი სამი მცველი რაციებით წამომყვებოდა მაღაზიაში, მოვიპარავდი – გადაიხდიდნენ, მოვიპარავდი – გადაიხდიდნენ. არა, თეატრალურ კვადრატში რომ აღმოვჩნდე, მეოთხე მცველიც საჭიროა. ვატუკუნა, ჰო, ვატუკუნა. მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, თეატრმცოდნე და მე შუაში, ყოველმხრივ დაცული“. – დეამ უეცრად მოიხელთა ის სილაღე, რასაც ელტვოდა. პატიკოს, პირგაპარსული კარაბას ბარაბასის, თომას და ვატუკუნას წარმოდგენამ პირად მცველებად კვლავ გააღიმა, მარჯვნივ გაიხედა – ბიჟუტერიის ჯიხური. „შევალ,“ – ფიქრობს დეა, -„ვნახოთ“, – ფიქრობს დეა, – „ბიჭებო, თქვენ გამალაღეთ, ეგეც ხეირია, გმადლობთ ამისთვის“, – ფიქრობს დეა, დაკვირვებულ მზერას ავლებს იქაურობას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10