„ბაბუა და ბებია“, _ ფიქრობს დეა, _ „თქვენც სწორედ ახლა უნდა ჩამოგევლოთ“, _ ფიქრობს დეა, _ „რატომ არ მივყვები, რატომ არ ვეძახი, რა მბორკავს?“ _ ფიქრობს დეა, _ „ააა, ვიცი, რაც მბორკავს“, _ ფიქრობს დეა, _ „ვიცი, ვიცი, ზუსტად ვიცი თქვენი ამბავი; ისიც ვიცი, არასდროს რომ არ დაუშვებდით ნაბიჭვრის ტანტალს თქვენს ოჯახში; ამიტომაც გავჩნდი თქვენი გარდაცვალების შემდეგ“, _ ფიქრობს დეა, _ „ყველა ადამიანს თავისი ბედი დაჰყვება; რა მოხდა მერე, ვერ გათხოვდა დედაჩემი, რა მოხდა, რა მოხდა მერე?! აბა, არ უნდა გავჩენილიყავი? მაინც გავჩნდი! აი, ხომ ხედავთ, მაინც გამაჩინა დედამ, თქვენ კი არ დაუშვებდით, არა, არა, არასოდეს დაუშვებდით ნაბიჭვრის ტანტალს თქვენს ოჯახში, ამიტომაც ერიდებოდა დედა ნათესავებთან ურთიერთობას; მხოლოდ ანთისა, ჩემი ანთისა, ჩემი გულუბრყვილო, საყვარელი ჩემი ანთისა გაიკარა დედამ და როცა ანთისას გასვენება იყო, მაშინაც ერიდებოდა პანაშვიდზე თავმოყრილ ხალხს, კოცნიდნენ ერთმანეთს, კი, კოცნიდნენ, კი, კი, კი, მაგრამ რაღაცნაირი სიცივე იგრძნობოდა, უცებმოსალევი ურთიერთობა იგრძნობოდა, გულსგარეთ ხმები მესმოდა მათ საუბარში და მეც ვგრძნობდი, ამას მაშინაც ვგგრძნობდი, დედა კი სულ ჩიოდა, ჩიოდა: _ „შავი მიწა უნდა დავაყრევინო საფლავზე, შავი მიწა უნდა დავაყრევინო საფლავზე“, და დავყავდი დედას თქვენს საფლავზე, მაიძულებდა, ჩვარი გადამესვა საფლავის ქვის ფოტოებზე და მერე ჩიოდა დედა: _ „შევცდი, შევცდი, შავ მიწას მალე ფანტავს ქარი, ყავისფერი მიწა უნდა დამეყარა“, _ დააყრევინა ყავისფერი მიწა და ახალი ისიც აქაა, ამ ბეტონებში, თქვენთან ერთად; ანთისაც აქაა სადღაც, მეც აქ ვარ, მაინც გამომზარდა დედაჩემის კვერცხუჯრედმა; ჩემგან განსხვავებით დედაჩემმა მაინც მოახერხა“, _ ფიქრობს დეა და…
სინანული.
„სიყვარულს ვარქმევდი, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იყო ნამდვილი სიყვარული პატიკოსთან; არა, არა, არ იყო ნამდვილი სიყვარული, თორემ შევინახავდი პატიკოს, _ თუნდაც გალოთებულს, თუნდაც ისეთს, როგორიც იყო მაშინ, _ გასაცოდავებული, გამატრაბაზებული, სასმელზე დაგეშილი; მაინც შევინახავდი, მაინც, მაინც შევინახავდი, ნამდვილი სიყვარული რომ მქონოდა, მაგრამ არ იყო, როგორც ჩანს, ნამდვილი სიყვარული და ამიტომაც დავისაჯე, ამიტომაც ჩავენარცხე ლუქში, ამიტომაც ვერ შევინარჩუნე პატიკოს ნაყოფი და ვერც თომას ნაყოფი შევინარჩუნე; ვერა, ვერა, იმიტომ რომ, არ არის ჩემში სიყვარული; ის კი ხედავს, ყველაფერს ხედავს და ის სჯის უსიყვარულობას; მართალიცაა, რომ სჯის, რადგან სიტყვები არაფერია, სიტყვები იგივე ცრუ ორსულობაა, სიტყვებში ტყუილია, და ის ხედავს, ხედავს, ყველაფერს ხედავს ჩვენს შიგნიდან და ისჯები, როცა მას ატყუებ; მე კი ვტყუოდი, როგორც ჩანს, ვტყუოდი, ცხოვრებაშიც და სცენაზეც ვტყუოდი და დავრჩი მარტო, სულ მარტო დავრჩი და როცა მოხდება მოსახდენი, არავინ ივიშვიშებს ჩემს საფლავთან: შავი მიწა უნდა დავაყრევინო, შავი მიწა უნდა დავაყრევინო! და ვინ ვარ საერთოდ, ვინ ვარ, ვინ _ დედაჩემმა ეკლესია მაინც ნახა თავშესაფრად, მე ერთხელაც არ ჩამიბარებია აღსარება, იმიტომ რომ, აქაც ვტყუი, _ მონათლული _ ვითომ, მსახიობი _ ვითომ, ქალი _ ვითომ, ყველაფერი _ ვითომ, სინამდვილეში _ არაფერი, არაფერი, არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ _ მომხმარებელი; ჯამაგირიდან ჯამაგირამდე _ ყავა, პური, თევზი, ხორცი, ბოსტნეული, სიგარეტი, ფუჰ, ფუჰ, _ აფუილე სიგარეტი შენს ატმოსფერულ წნევაში, დეიკო! გადაიდე ფეხი-ფეხზე, იჭორავე ვატუკუნასთან და აფუილე სიგარეტი და იცხოვრე ასე, _ იმიტომ რომ, ასეთი ცხოვრება დაიმსახურე, დეიკო, დაიმსახურე, დაიმსახურე, დაუმსახურებლად არაფერი ხდება, ვერც ხვედრს, ვერც უწმინდურს დააბრალებ ვერაფერს, და არც მგონია, უწმინდური არსებობდეს, უბრალოდ _ ისაა სამართლიანი და ეს მოგესაჯა შენი უსიყვარულობისთვის; მსახიობი _ ვითომ, ქალი _ ვითომ, კლეპტომანიც კი _ ვითომ, დეა, დეა, დეიკო, დეა!..“ _ ფიქრობს დეა და ჯერ თვალის კუთხით, შემდეგ მთელი სხეულით კრთება, რადგან ჩაუფრინა, სულ ახლოს ჩაუფრთხალა ჩიტმა და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: „ააა, ააა, მოკლე კაცს ჩიტბატონა გამოუსხლტა გალიიდან, მიწისქვეშეთის ლაბირინთში ფართხალებს საცოდავი“, _ თვალს აყოლებს მიწისქვეშეთის მეორე გასასვლელისკენ გულისხეთქვით გაფრენილ ჩიტს, ახსენდება წიგნების გამყიდველი მოკლე კაცი ყვითელ პალტოში და ფიქრობს დეა: „ნაპირზე გამორიყული მკვდარი თევზები, ნაპირზე გამორიყული მკვდარი თევზები იქნება გაფრინდნენ კიდეც“, _ ახსენდება ბოსხის რეპროდუქცია; მერე, რატომღაც, ახსენდება წინდის მქსოველი ქალის მოკრუნჩხულ თითებში მოქცეული საქსოვი ჩხირები; ახსენდება მოხუცი წყვილი, ბაბუა-ბებიად რომ მიიჩნია და თავისთვის ასკვნის დეა, ფიქრობს დეა: „ცხოვრებაც ესაა, _ იყო სვიტერი, გახდა ძაფი, იქცევა წინდად; დროა, წავიდე“, _ და იქ ხედავს მისკენ მომავალ უცნაურ გოგოს.
„ეს გოგო სატანისტია?“ _ ფიქრობს დეა.
_ სატანისტია, სატანისტი! ვერ ხედავ, როგორ გაუდღაბნია თვალები, შეხედე ამ გოგოს უკმეხ, დაბრეცილ ღიმილს, ფრჩხილებს შეხედე, გოგონას შავ სამოსს, ვარცხნილობას!
არ ესმის დეას.
_ სატანისტო გოგონავ, რა გქვია შენ?
სატანისტ გოგონასაც არ ესმის.
„ეს გოგო ფეხმძიმედაა?“ _ ფიქრობს დეა.
_ ფეხმძიმედაა! შეხედე სატანისტი გოგოს წამოზრდილ მუცელს, მეექვსე თვეშია!
არ ესმის დეას; სატანისტი გოგოს წამოზრდილ მუცელს მიაჩერდა დეა, თვალს ვერ წყვეტს დეა სატანისტი გოგოს მუცელს და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: „სატანისტი გოგოები ფეხმძიმდებიან?“
_ ფეხმძიმდებიან, რა თქმა უნდა, ფეხმძიმდებიან!
არც ახლა ესმის დეას; მისჩერებია სატანისტი გოგოს მუცელს დეა; იმ მზერით, იმ მზერით, იმ მზერით მისჩერებია წამოზრდილ მუცელს და:
_ ლამარიე! ლამარიე! ლამარიე!
ჯერ შეიზნიქა, შემდეგ გაიხა დეას ყურის დახშული აპკი, სამივეჯერ ისე ჩაესმა ლამარიეს სახელი, გეგონება, ვიღაც ყმაწვილი ეანჩხლებაო გაბოროტებით და იმდენად შეიძრა დეა, რომ სულ ახლოს ჩამოფრენილმა ჩიტბატონამაც არ მიიქცია მისი ყურადღება, არ შეაკრთო დეა, არა, არა, ჩაძახებულმა ხმამ გააოგნა, გაახევა, გააქვავა სასტიკი გაქვავებით და _
ნაბიჯები.
ყრუ, შემაძრწუნებელ ექოდ აირეკლა მიწისქვეშეთში მკვეთრი სიცხადით დაკრული ნალიანი ჩექმის ხმა ბეტონის იატაკზე.
ვერ ხედავს, მაგრამ იცის, რომ მოდის, უახლოვდება საშინელებათა საპატიო დოქტორი.
„მოდის! მოდის!“ _ ფიქრობს დეა, _ „გაიქცეცი! გაიქეცი!“, _ ფიქრობს დეა, მაგრამ ვერ იძვრის ადგილიდან, სატანისტი გოგოს მოხრდილი მუცლიდან მზერა გადააქვს სატანისტი გოგოს ამალაზე და „მოდის! მოდის!“ _ ფიქრობს თავის ძრწოლვაში დეა.
ზზზ _ ზზზ _ ზზზ
ზზზზზზზ _ ურნა, უშველებელი ზურნა მოაქვს ორ გაჭინკებულ პრანჭიკელა მამაკაცს და მამაკაცურად თმაშეჭრილ ორ დედაკაცს; მხარი შეუდგამთ ზურნისათვის, მოჰყვებიან სატანისტ გოგოს, რომელიც მოზრდილ მუცელს მოატარებს მიწისქვეშეთში და სახეები, სახეები, ხრწნად ათინათში გამოლანდული სახეები _ ზოგის იჭვიანი, ზოგისაც _ ფიქრს და საზრუნავს მიცემული, გამოლენჩების ზღვარზე მდგომი, თუ ესტრადული აღტკინებით წამონთებული მათი სახეები _ მამაკაცთა, დედაკაცთა, გოგონათა, ვაჟთა, დავრდომილთა თუ მხნედ მომავალთა, ცდუნებულთა თუ მაცდუნებელთა ხარბი, წუწკი, მსუყე მზერანი და _ ზზზ, მიწისქვეშეთის გაბმული _ ზზზ და ზზზ _ ურნა, უშველებელი ზურნა, რომელსაც ისე მოასვენებენ, როგორც მარადიულ კერპს ეკადრება, მათი ამჟამინდელი არსებობის ჭყიპინა, მოზუზუნე დასტურს მოასვენებენ უშველებელ ზურნასთან ერთად და სახეები, მიწისქვეშეთის ხრწნად ათინათში გამოლანდული სახეები _ სამყაროს დასაბამიდან ქრონიკული სიფილისივით აყოლილი მათი მიმალული თუ გაცხადებული გულისთქმანი შიშველ ხორცსა და წითელ ვაშლებზე ამ სახეებთან ერთად მოდის, მოედინება სივერაგის თხელ ბაგეებზე შემომჯდარი, მოედინება ხორხში წაჭერილი შურის ჭინთვებით, სისასტიკის გულგრილი მზერით, სიხარბის ალმურებითა და მთელ სახეზე დათრთვილული პატივმოყვრობის ბღენძი ჭიებით; მოდის, მოდის, მოედინება ბლანტ სისხლად, რომელსაც ახსოვს, სად დაიღვარა, მაგრამ უღონოა, რამე შეცვალოს და:
_ იქნებ,
იქნებ,
იქნებ!
ესმის დეას ტანმორჩილი ბატონი ფრიდონის მნიშვნელოვანი ბასი საიდანღაც, მზერით ეძებს დეა ტანმორჩილ ბატონ ფრიდონს მუცელგაბერილი სატანისტი გოგოს ამალაში, მაგრამ ვერ ხედავს მას, სამაგიეროდ ხედავს აღმსრულებელ ქალბატონს წითლად შეპუწკული ტუჩებით და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: „ჰიერონიმუს, ჰიერონიმუს, აღმსრულებელთა ყურები ყვერებს ჰგვანან, წამომართული მათ შორის დანა _ სიკვდილივით ალესილ სირს, ჰიერონიმუს! ჩამშვებთა ყურებს შორის დანა, ჩამშვებთა ყურებს შორის დანა, ჩამშვებთა ყურებს შორის დანა _ სისხლმდინარე სირივით რომ ათავებს სისხლით, ჰიერონიმუს!“
_ ჰოოო, ჰოოო! _ ყვერაბადქცეულ ყურებს პოსტსაბჭოური ლიბერალიზმის დიქტატურაში ინკვიზიციის აღტკინებით უდგებათ დანა!!!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10