არ ესმის დეას, არა, არ ესმის, პირგადაჭიმულ ქალს უცქერს დეა, უნაოჭო პირისკანზე მსუყედ ნაცხები საცხი პრიალებს, თვალისმომჭრელად პრიალებს ქალური სასოწარკვეთის სარკედამრეკლავ ნიღაბზე საცხი და:
– ჰაჰაჰა! ჰაჰაჰა!
– გამარჯობა-თ! გამარჯობა-თ!
– გაგიმარჯო-თ! გაგიმარჯო-თ!
პოლიტიკოსი ორი ქვემდგომი პოლიტიკოსით სატანისტი გოგოს ამალაში მხნე ნაბიჯით და სახეები, ხრწნად ათინათში გამოლანდული სახეები, ხოლო მელოტი კაცის კეფაზე წითელი კიბორჩხალა! ტურებად ქცეული ჩორნა ნიკო და ჩორნა ქალი ჩორნა ნიკოსთან; სეირანას დაკვირვებული მზერა დეასკენ, მაგრამ დეა ვეღარ იღიმის და წუხს, წუხს, რომ ვეღარ იწურავს ღიმილს სახეზე და შფოთავს, რადგან სეირანას დაკვირვებული მზერა ითხოვს დეას ღიმილს და ნაბიჯები, ქუსლზე ნალდაკრული ჩექმის ხმა ბეტონის იატაკზე და ფიქრი: „მოდის! მოდის! მიახლოვდება და – ზზზ – ზზზ – ზზზ და ზზზზზ – ურნა, უშველებეული ზურნა ჭინკადქცეული პრანჭიკელა ორი მამაკაცის და მამაკაცურად თმაშეჭრილი ორი დედაკაცის მხრებზე; მოაქვთ არფა, უშველებელი არფაც მოაქვთ არფაზე ჯვარცმულით, თმადაწნული შავკანიანი ქალის თეთრი კბილები სატანისტი გოგოს ამალის რომელიღაც წერიტილიდან, გამოანათეს თეთრმა კბილებმა, მერე გაქრნენ თეთრი კბილები, გაუხარელ გოგონას სახე ჩამოეფარა თმადაწნული შავკანიანის გაბადრულ ღიმილს, გაუხარელი გოგონას კი მწყემსი ჩამოეფარა, გამოფუღუროებული თვალები აქვს, გუგები არ უჩანს, იგულისხმება მხოლოდ; იქით მუცელწამოგდებული კუპატა მოდის, ხაკისფერ სამხედრო ზედატანზე გაუგებარი ჟეტონები დაუბნევია და გადღაბნილად იკრიჭება; ყასაბ ნორას უშველებული ნაჯახი გაუდევს მხარზე; „პედიკურშა – მანიკურშა“ და „მძინარე მხეთუნახავი“ წყვილად მოდიან, დეა კი ფიქრობს, ფიქრობს დეა: „ჰიერონიმუს, ჰიერონიმუს, შემიბრალე, ჰიერონიმუს! ამარიდე ხახადაღებულ შენს ფართო თვალებს, სადაც თევზები დაფრინავენ, ბაყაყები ხეებზე სხედან, სადაც დასაბამის ბგერასთან ერთად ბოლო ჟამის ბგერაც იღვრება“, და:
უუუ, – უუუ, – უუუ, – ორღანის ბგერა მიწისქვეშეთში და მერე უეცრად – „ტრულა-ილას ფულიი რად უნდაა“, – გაიწელა, გაიზინთა მიწისქვეშეთში და საიდანღაც ჩიტი გამოფართქალდა, სულ ახლოს ჩაუქროლა დეას, ბეტონის იატაკზე დაისვენა, თანდათანობით გაიზარდა, გაიზარდა, უსაშველოდ გაიზარდა, ბასრნისკარტა ჩიტად იქცა, სატანისტი გოგოს ამალას დააქცერდა ზემოდან, ნისკარტი ჩაჰკრა მოკლე კაცს, ჰაერში აისროლა, ნისკარტით დაიჭირა და უშველებელ ზურნას გაჰყვა დინჯი ნაბიჯით და „ჰა, ჰა, სულ ახლოსაა“, – ფიქრობს დეა, – „თითქმის მოვიდა“, – ფიქრობს დეა და მერე ხედავს:
ნაცრისფერი კომზოლი კისრამდე შეუკრავს, ნაცრისფერი ნაქსოვი ქუდი ახურავს, ნაცრისფერი თმა მხრებამდე სცემს, ჯიუტი ნიკაპი აქვს, ბაგეები – თხელი, ცხვირი – მოზრდილი, მკვეთრი, სახე – შემჭკნარი, შემჭკნარ კისერზე ადამის ვაშლი გამოსჩრია და ფართო, ნაცრისფერი, თვალებით ნთქავს მიწისქვეშეთს; დეა მსუბუქი სიოს სიახლოვეს გრძნობს მუხლისთავებთან, თავად არ იცის, მიაბიჯებს თუ მიფრინავს ხახადაღებული თვალებისკენ, მაგრამ დეამ შეიცნო ძრწოლვაში ქროლვა და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: „შემიბრალე, ნუ გამატარებ შენს ნაცრისფერ თვალებში, ჰიერონიმუს!“ – უახლოვდება, უშეღავათო სიცხადით უახლოვდება საშინელებათა საპატიო დოქტორის ფართო თვალებს და მხოლოდ ერთ ფიქრს მიიყოლებს ძრწოლვისმომგვრელ თავის ქროლვაში: „ნუ გამატარებ, ჰერონიმუს, ნუ გამატარებ შენს ნაცრისფერ თვალებში, ჰიერონიმუს!!!“
და გაიარა.
ქუჩაში აღმოჩნდა. ჰაერი ცივია. ხეები შემზარავ ჩრდილებად შენივთებიან ზამთრის საღამოს. შემხვედრ სახეებს ბინდი ნთქავს, ახლაც ვერ ხვდება, მიაბიჯებს თუ მიფრინავს, რადგან – ჩქარა, ძალიან ჩქარა ეცლებიან ბინდაკრული სხეები და შიშისმომგვრელი ხეები.
როცა თეატრში ამორგო თავი, მაშინღა გააცნობიერა რა უნდოდა, რა სჭირდებოდა ამდენი ხნის მანძილზე. „ღამურა“, – ფიქრობს დეა, – „რა თქმა უნდა, ჩემი ღამურა, იქ, შტანგეტებთან რომ მელოდება, ის დამამშვიდებს“, – ფიქრობს დეა, – „მაგრამ ღამურას რომ მივწვდე, რაღაც ბასრი მჭირდება აუცილებლად“, – ფიქრობს დეა და უპირობო დაბეჯითებით სწამს, რომ ღამურას მოსაპარად ბასრი საგანი სჭირდება. ახსენდება თეატრის დარაჯი – ძია მიტო. ძია მიტო თავის სადარაჯო ოთახში სადილობს ხოლმე, მის მაგიდაზე არაერთგზის შეუნიშნავს დანა. მიემართება დარაჯისკენ.
ძია მიტო არ დახვდა ადგილზე, მაგრამ მაგიდაზე დახვდა ძია მიტოს დანა. გაუხარდა. გეგონება, მიაღწიაო უკვე თავისას, ბასრი დანით უცილობლად მოიპოვებსო ღამურას. დაავლო ხელი დანას, სადარაჯოდან სცენისკენ გაიჭრა.
ჩაბნელებულ სცენაზე რაღაცას წამოედო, არ წაქცეულა.შტანგეტებისკენ აიხედა, მარჯვენა ხელისგულით გრძნობდა ბასრი დანის სასიამოვნო სიგრილეს; ცერა თითით მოუსინჯა ფხა, – ბასრიაო, – იფიქრა და სამჯერ გადაისვა დანისპირი მარცხენა ვენაზე. სისხლი არ დაუნახავს, მხოლოდ იგრძნო, რომ რაღაც გამოდის მისგან, ეცლება დეას, სისხლნაკლულ თავის უღონობაში სცენაზე განერთხო, მერე ჩაიფსა, მაგრამ ჩაფსმა არ ახსოვს დეას, დეას ახსოვს, რომ გუშინ ოთხშაბათი იყო, დღეს კი ხუთშაბათია და ის, დეა, კლინიკის პალატაში წევს ახლა, „წარმატებულად გათამაშებული თვითმკვლელობა“ უნდა დადგას დეამ, ამისთვის კი თეთრ რაფაზე შემოდგმული ქოთანი, მსუბუქი მაკიაჟი და სევდიანი ბიჭუნას ხმა სჭირდება დეას, მაგრამ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბიჭუნამ, რატომღაც, მიივიწყა დეა, აღარ უმღერის მენდელსონის საქორწინო მარშს.

რაფაზე შემოდგმულ ქოთანს უცქერდა, პალატის კარი რომ შემოაღო კლინიკის მთავარმა ექიმმა. მაღალ მამაკაცს მხრებზე მოესხა თეთრი ხალათი, კედელთან მდგარ სკამს მისწვდა, პაციენტის საწოლთან მიიდგა, ჩამოჯდა, თითი მაჯაზე დაადო დეას, ერთხანს უსმინა პულსაციას, შემდეგ გაიღიმა და კითხა:
– აბა, როგორ გიკითხოთ, ხომ ყოჩაღად?
დეაც შეეცადა გაღიმებას, ნაწილობრივ მოუხერხდა კიდეც:
– გმადლობთ, არამიშავს, – თქვა დეამ.
– თქვენი სისხლის ანალიზის პასუხი მივიღეთ, – თქვა ექიმმა და უცნაურად ჩააცქერდა პაციენტს.
„რა ჯანდაბა უნდა“, – ფიქრობს დეა, ექიმს უცქერს, წუხდება მისი მოჩერებით და მერე ესმის ექიმის ხმა:
– ვალდებული ბრძანდებით, ყოჩაღად იყოთ, დედა გახდებით…
არანაირი ფიქრი დეას თავში, არავითარი ემოცია, მომღიმარი ექიმის სახეზე მიციებული დეას თვალები, რომლებიც ხედავენ თუ არა ექიმს, დეამ არ იცის.
როდის-როდის იბრუნა პირი თეთრ რაფაზე შემოდებული ქოთნისკენ, იქ გაეფიქრა ბრაზისა და ზიზღის გარეშე, გაზანტებულად გაეფიქრა: „ახვარი ეგ, ეგ ახვარი“, დაამთქნარა, თვალები მილულა, „რაღაც ახალი იწყება“ , – ფიქრობს დეა, – „მალე გაზაფხული მოვა“, – ფიქრობს დეა, თვალებს არ ახელს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10