„ ვიოლას შემოსვლამდეა მოსასწრები“, – ფიქრობს დეა, მადონას მიმართავს:
– მინანქარიც და ბიჟუტერიაც აქ დავაწყოთ, აქეთ უკეთესი შუქია თითქოს, – და ორი ნაბიჯით მარცხნივ ინაცვლებს დეა – იმ პატარასკენ, გამჭვირვალე ბურთულაში რომ ჩაუსვამთ და იქიდან რომ ეძახის, იქიდან პირდება დეას შიშისგან გათავისუფლებას, ნევროპათოლოგმა რომ ჩაუსახლა, ჩაუთესლა, ჩაუმკვიდრა და მტანჯველ შიშად რომ უქცია თავის მარტოობაში, სადაც ასე თუ ისე არსებობდა, იყო, სუნთქავდა ჟანგბადს ატმოსფერულ წნევაში, თავადვე რომ შეიქმნა და მერე რა, თუ შესაშურზე გაცილებით მეტი სავაგლახო იყო დეას იმჟამინდელ არსებობაში; რაც მთავარია, შიშს არ გრძნობდა თავის მოცუცქნულ სამყაროში; ნევროპათოლოგთან განცდილმა მარცხმა კი შიში შემოუწიხლა, ნადირივით გამოაგდო შინიდან, გნებავთ – ბუნაგი ვთქვათ, ჰო, – უფრო ბუნაგიდან, ვიდრე შინიდან, მაგრამ ნადირისთვისაც „შინს“ ნიშნავს ბუნაგი და ახლა აქაა, მიწისქვეშეთის ერთ-ერთ ჯიხურში და ნეკნებამოჩრილი ნადირივით შია შიშისგან გათავისუფლება, რომელიც ორ ნაბიჯზეა და თავისუფლებასთან ერთად პირდება დეას – ახალ სამყაროს ახალი ფერებით, პირდება იმას, რასაც ტყავის გამოცვლას ეძახიან, პირდება ზღაპარს, რადგან პირდება იმედს, რომ უმარტივესადაა შესაძლებელი დეაც აღმოჩნდეს გამჭვირვალე ბურთულაში იმ სანუკვარის, იმ პატარას სიახლოვეს აღმოჩნდეს ერთი ციდა გოგონად ქცეული დეა და დეას უნდა ზღაპარში, დეას სჭირდება, დეას შია ეს ზღაპარი, რომელიც ხელშესახებად ახლოსაა, სულ ორ ნაბიჯზე.
„ერთი ნაბიჯითაც ჩავიწევ, უკეთ მომიხერხდება“ – ფიქრობს დეა, – „რამეს ვიყიდი, ბარათით გადავუხდი და სანამ ბარათს გაატარებს, მარცხენა სახელოში შევიცურებ“, – ფიქრობს დეა, ერთი ნაბიჯით იწევს მარცხნივ, დახლზე გაწყობილ ბიჟუტერიას და მინანქრის ნიმუშებს ათვალიერებს, გული კი უცემს, უცემს გული, ყელში აწვება.
ზზზ – გამუდმებული – ზზზ – ჯიხურში.
დეას მარცხენა ხელი დახლზე, დეას მარცხენა ხელი ახლოს მასთან, ენერგეტიკა ახლოს, ახლოს, დეამ იცის უკვე, რას იყიდის, – „დაახლოებით 20 ლარის ფარგლებში“, – ფიქრობს დეა, – „ბიჟუტერია“, – ფიქრობს დეა, ხელს მიაცოცებს გამჭვირვალე ბურთულისკენ და მაშინ, როცა თითებით გრძნობს ბურთულის მაცოცხლებელ ზედაპირს, იღება კარი და დეას მარცხენა ხელიც მექანიკურად ეცლება იმ სანუკვარს და „შეგეცი“, – ფიქრობს დეა, – „ ვიოლა, შეგეცი! “ – ფიქრობს დეა და ამ დროს ესმის ქალის ხმა:
– Здравствуйте!

დეას მზერა შემოღებული კარისკენ, უაღრესი კეთილგანწყობითა და სახეზე აღბეჭდილი უმართავი ბედნიერებით შემოჭრილი შუახნის ქალი ჯიხურში.
„ რაღა ახლა“, – ფიქრობს დეა, – „ რაღა ახლა შემოეთესლე“, – ფიქრობს დეა, – „ოფოფის ვარცხნილობა, მსუყედ ნაკვები იერი, დაუოკებელი სწრაფვა, რომ შვებულების ყოველი წუთი იყოს ხმაურიანი, ტურისტულად ღირსსახსოვარი. ღრმა პროვნიციიდანაა“, – ფიქრობს დეა, – „ ფუჰ, შენი! ორი წუთი გეცლია,“ – ფიქრობს დეა.
ჯიხურში შემოჭრილი ქალის ყურადღება წამსვე მიიპყრო დახლზე გაწყობილმა მინანქარმა; ჯიხურში შემოჭრილ ქალს არ სურს დამალოს თავისი აღტაცება: – „ Боже, как красиво, сколько стоит? Ах, так дорого? А, вом ето? Какая прелесть! “ – ჯიხურში შემოჭრილი ქალი სწორედაც მარცხენა მხრიდან ჩამოუდგა დეას, მინანქარს ჩასცქერის, ეღობება დეას, აწუხებს დეას და დეა ფიქრობს, ფიქრობს დეა, – „ ახლა როგორ? ახლა როგორ?! “
ჯიხურში შემოჭრილი ქალი ერთი – მეორეს მიყოლებით იღებს მინანქრის ნიმუშებს, ხან ძალიან ახლოს მიაქვს სახესთან, ხანაც დააშორებს ხოლმე, შორიდან ათვალიერებს და თანდათან აჩოჩებს დეას იმ სანუკვარისგან, იმისგან, იმისგან აშორებს და ებოდიშება დეას! – „Извините! Прастите, пожалуйста! – და აჩოჩებს დეას და დეა ფიქრობს, ფიქრობს დეა,“ – ახლა როგორ? როგორ? იფიქრე, დეა! “
ჯიხურის კარი ვიოლამ შემოაღო:
– მადონა, მე წავედი, – დაიბარა ვიოლამ, კარი გაიხურა.
„ კარგი, რა, რაღა ახლა შემოიჭერი, რაღა ახლა,“ – ფიქრობს დეა და მერე ფიქრობს – „ გაერთონ ეს ქალი და მადონა, მაინც მოვიპარავ, არსად მეჩქარება“, – მადონას მიმართავს:
– მადონა, გენაცვალე, მინანქარი არ მაინტერესებს, იქით დაათვალიერებინეთ ქალბატონს, ამასობაში ბიჟუტერიას ავარჩევ.“
მადონა ძილიდან ვერგამოშუშებული იერით ეზიდება მინანქრის ნიმუშებს დახლის მარჯვენა კუთხეში; მინანქარს მიჰყვება ჯიხურში შემოჭრილი ქალიც და დეა ფიქრობს, ფიქრობს დეა, – „ასე უკეთესიცაა, გაერთეთ თქვენთვის, ამასობაში მე ჩემთვის ვიქნები ამასთან“, – და როდესაც მიზანი სულ ახლოს ჩამოდგა, როცა ჯიხურში შემოჭრილმა ქალმა მინანქრის შედარებით იაფფასიანი ნიმუში შეარჩია თავისთვის, დეამ კი მეორედ გააცოცა მარცხენა ხელი გამჭვირვალე ბურთულაში მოთავსებული ეიფელის კოშკისკენ, იქ გაისმა, იქ გაიწელა, იქ გაზარხოშდა მეზობელი ჯიხურიდან დაძრული სიმღერა:
– ტრულა – ილას ფულიი რად უნდაა, ტრულა – ილაა თვითოონ ფულიაა!!!
და იქ, იქ დაეწია დეას წარსული, რომელიც მყოფადს უწამლავდა ყმაწვილქალობაში, იქ გაუცივდა ხელი, იქ მოეჩვენა, რომ მთელი სამყაროს წინაშე გააშიშვლებენ სადაცაა და იქ მიხვდა, იქ იგრძნო დეამ, დღეს ვერაფერს მოიპარავდა.
– ტრულა – ილაავ, შენიი ჭირიმეე, შეგხა – რიის მთელიი ერიაა!
და ნაბიჯი – მისი, ნაბიჯი – მისი, ჯიხურიდან ნაბიჯი მისი ლაბირინთში და ნაბიჯი მისი ლაბირინთში, ისევ – ნაბიჯი, სანამ სიმღერა არ ჩაიკარგა მიწისქვეშეთში, ნაბიჯი მისი ლაბირინთში და
გახევება.











ზზ
ხაჭაპ – იიი!


ზ ზ
ცხელ – ცხ – ლიი
28



ღვეზელი!
მარცხნიდან – ჩოხოსანი ჩოხოსანთან ერთად დინჯად. „ორი ჩოხოსანი “, – ფიქრობს.
მარჯვნიდან – მის მხარს მტკივნეულად. „რა უნდათ? “ – ფიქრობს.
– ბოდიში! ბოდიში!
მარჯვნიდან – ზორბა შავკანიანი ქალი დაწნული თმით, თეთრი კბილებით. „იცინის, რა აცინებს მარტოს? “ – ფიქრობს.
მარცხნიდან – ხრწნადი ათინათი სევდიანი ბიჭუნას სახეზე. „ რატომაა ეს ბიჭუნა ასე სევდიანი? “ – ფიქრობს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10