დღე

ჩაიდნის სტვენამ დღის შლაგბაუმი მაღლა ასწია.
გასწიე, წადი.
დღესაც გაივლი კილომეტრებს შეუფერხებლად,
და თუ ვერაფერს გააკეთებ,
ხომ ივლი მაინც,
ნაბიჯების აგურებიდან აიყვან კედელს.
ტელეფონის ზარების ცემენტს,
ამბების ხრეშს,
ძველი საქმის ამოთხრილ ორმოს,
გადაულახავ პრობლემათა მსხვილ არმატურას,
ყველაფერს ისევ
დაუვლი და ფეხსაც წამოკრავ,
წამოიკიდებ, მისწევ-მოსწევ,
ხელებზე ისევ წამოიცვამ
იმედების უკუღმაპირის უხეშ ხელთათმანს
ნაცნობ ნიჩაბს მოიკითხავ მეგობარივით,
არავინ იცის, დღეს რა იქნება.
ბედნიერებაც გამონაბოლქვად გადაქცეულა,
ხსოვნის მძიმე მეტალების კონცენტრაციით
სასიკვდილო შკალას გადასცდა.
სადღა იპოვი ანკარა წყალს, სუფთა ჰაერს, ხეების შრიალს.
სადღა ნახავ ან ისეთ სიცილს,
ქვა არ ჰქონდეს მობმული ფეხზე…
ჩაიდნის სტვენამ დღის შლაგბაუმი მაღლა ასწია.
ქარმა მაინც მოიტანოს მინდვრების სუნი
ან ლიანდაგი გაიქცეს სხვაგან…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11