ცვლილება

ფანჯრის წინ ჩემი მაღალი ნაძვი ტოტებს აქანებს.
ქარს არ ვაბრალებ მე სხვებივით. თავის ომი აქვს.
ქარზეც მეტია, რაც აიძულებს,
გაშალოს გრძელი მკლავები და აღარ გაჩერდეს.
თვითონ იწყებს ჰაერის დღვებას –
დამურკლულ ღრუბლებს იგერიებს,
ლამის ზროზე რომ დაეკიდონ
საქარვე  ცრემლად უსაქმურები.
არავისი თავი არა აქვს, არავისი რიდიც, დაქანცულს.
ერთ ადგილზე დგომა ტანჯავს აგერ უკვე საუკუნეა.
რაც თავი ახსოვს, ნაძვია და ყოველი დილა უმეორდება.
ღამეებიც უცდომლად იცის,
მიყვება ყვავზე, რომ გაბეზრდა ამ ჩხავილისგან,

რომ არ უნდა ბუდე ჰქონდეს იმის ტოტებში,
მიყვება ქალზე, მეცხრასართულელ ინვალიდ ქალზე,
რომელიც ყველა სხვასართულელზე ურცხვად უყურებს,
არ აცილებს მზერას და ნაძვსაც
ლამისაა გადასდო ბედი – მიწის ეტლშია მიჯაჭვული,
რომ შეეძლოს, არც უწვდენდა კენწეროს მაღლა,

მაგრამ ვინ ჰკითხა?!
ორიოდე დღეა ასეთი, გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
ამოიბერტყოს მწვანე ვნება, შეძლოს მანძილის გააქრობა სხვამდე,
მოედოს არეს, თავისიანებს, უცხოებს, შორეთს,
საკუთარი გემო შეიგრძნოს.
წვიმაც თავისას ასხამს ხახაში სულ ძალისძალით,
მიწაც წყალივით პირს უგუბებს, კრინტსაც ვერ დასძრავს.
ერთადრთი ჰაერია, ზოგჯერ ჩუმად აეტუზება,
ალბათ ისიც თავისივე სიმარტოვით გაბეზრებული,
ეს კი აუქნევს შოლტივით მკლავებს,
ამ ომისას ნუღა იკითხავთ…
ვეღარვინ გაცილებია საკუთარ თავს და
სამუდამო არსებობის გაუგებრობას…
და ყველა თავის თვალებში ხედავს

სხვათა ყოფნის ბედნიერ სიზმარს,
ნაძვიც დგება,

ერთ მშვენიერ დღეს გირჩის ნაცვლად ფრთებს გამოისხამს,
თავს ამოიწევს მიწიდან და ფესვის ადგილას

ათასი ცეცხლის ძაფი ებმება,
აიწევს და მოულოდნელად, ქარს რომ თავზე გადაუფრენს,
გააოცებს ინვალიდ ქალს, მეცხრესართულელს
და გაქრება ჰორიზონტს იქით,
სადაც ყველაფერს აქვს ახალი სახეც, სახელიც.
სადაც ჟამები ჭრელ კენჭებივით იბადებიან
და ვერ იპოვი ორ ერთნაირ დროს,
ორ წამს,

ორ წუთს,

ორ ათასწლეულს…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11