წადი!

რამ გშავა ასეთ სიმახინჯედ,
ყველა გარიდებს თვალს და ზურგს გაქცევს.
შენი მშობლები –
თავხედი ლოთი ბოგანოები,
ჭკუას იმათ ან ვინ ჰკითხავდა,
ცხოველებივით თანაეყვნენ ერთმანეთს ცისქვეშ,
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ძაღლის ლეკვივით გაჩნდი,
რაღა ეღონათ,
ძუძუ მაინც ჩაგიდეს პირში.
თავადაც შეცბნენ,
ასეთ მახინჯს არ მოგელოდნენ,
ასეთ საშინელს.
გაზრდისა რა ვთქვა,
გაიზარდე, მაგრამ არავის დედამიწაზე
არ სიამოვნებს შენი დანახვა, ლაპარაკი,
თვალს ვერ გისწორებს ვერავინ და ყველა გაგირბის…
რა ხნისა ხარ, ან რა ბედისა,
აღარვის აინტერესებ,
მოგიბეზრა სუყველამ უკვე,
შენი ადგილი აღარსადაა
აღარც კვდები, თუმცა მიწას აღარც აჩნიხარ,
ყველგან ჰყოფ ცხვირს და
ეზიზღები ადამიანებს.
რაც გინდა თქვი,
რაც გინდა ქენი,
აღარაფერში არ წერიხარ,
წადი,
გადახტი დედამიწიდან,
ნახე რამდენი ვარსკვალვი და მზეა გარშემო,
იფრინე ამ ყრუ სხეულებს შორის, თუ მაგარი ხარ,
სანამ ყველა დანაშაული შენ დაგბრალდება,
სანამ სიცრუე – მეფეთმეფე
თავს წაგაძრობდეს.
დააფასე ეგ სიმახინჯე – სწორედ მაგან გადაგარჩინა,
ერთადერთმა  მწემ და მშველელმა .
წადი, გაგვშორდი.
აღარაფერში არ გვადგიხარ,

აღარავის გვეპიტნავები.
ძლივს დაგივიწყეს,
ძლივს გადაგირჩნენ,
ძლივს დაგაღწიეს თავი,
სიმართლევ!
გამარჯვებულებს რაში ჭირდებათ,
შენი მახინჯი მშვენიერების მონად რომ იქცნენ?!
გამარჯვებულებს სხვა ცა ადგათ, სხვა მიწა ეწვით!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11