თბილისი

კორპუსები ჰგავს მიჯრით
ჰაერში გათხრილ სანგრებს.
ამ ქალაქს დღემდე ანგრევს
ომების ახლო მიჯნა.
თეთრი ჭადრების აბჯრით
აღარ მოსავენ კვარტალს.
ცხრილავს თვალს ჯერი ფანჯრის
და სიახლოვე კართა.
ქალაქი თავსაც გასცდა.
იხდენს ჰალსტუხად ამწეს.
ლაჟვარდი ცოხნის ნამწვავს.
და ქარის სილას გაწნის.
მტკვრის ქამარს უჭერს ქუჩებს
წელი, დაღლილი რკინით.
ცათამბჯენების ტინებს
სიგარასავით ქაჩავს.
თხრის თხუნელების კასტა
მეორმოეთა ზეიმს.
ბედნიერების სეილს
ვესწრებით. დიდხანს გასტანს.
აივნის ჭვირთა პიარს,
ოფისებს – შრომით ვახტებს.
ტაძრებს, მეტლახს რომ იხდენს
და ჩვენიც აღარ ჰქვია,
ვერ ცნობს საკუთარ სახედ.
მხილველი უცხო ხალხის
იხდის ღიმილის ღალას
და იხდის მთების სახვევს.
მივაგებთ ნაგვის ქექვას
სამილიარდე პატივს.
ვიმკვრივებთ დღეთა მარტივ
მეგაპოლისურ მერქანს.
აკაციების რეტი,
მახსოვს, ესხმოდა აღმართს
და უღმერთობით დაღლილ
გუმბათს კენკავდა მტრედი.
აქ სადღაც იდგა, ახლოს,
ბარათაშვილთა სახლი…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11