ენისგასატეხი

ლოგოპედიური სავარჯიშოები მოძველდა,
ვეღარაფრის თქმას ახერხებ.
მეტყველების უნარს ქანცივით გაცლის სიტყვები,
ახალ აზრებს ტყვიებივით რომ იჭედებენ შუბლში.
იცვლიან მნიშვნელობებს და აღარ ბრუნდებიან
ლოგოსის ტაძარში  ერესში მხილებულები!
ყველა პოულობს  მაინც თავის ბედნიერებას,
შენში  – არა, შენ სხვა საქმე გაქვს  –

უნდა ახალი აპარატი გამოიგონო,
ახალი ენა,  სახელდება,  აქტივობები.
სიტყვებიც უცხო  თავშესაფრებს ბარდებიან.
შენი ბაგე და ძველი ენა

აღარაა მათთვის უსაფრთხო სა-ევა-კუ(რ)აციო სივრცე.

ახალი ევა, ახალი გული – ყველაფერი ახალი გვინდა!
ეს ახალი ენისგასატეხია:
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ!
ეცადე, გამოთქვი.
ეცადე, სხვამაც გაიზუთხოს,
ეცადე, ცხოვრებას სხვასთან ერთად,
მარტო ვეღარასდროს იქნები.
ჩამოგართვეს უფლება შენადყოფნისა!
უნდა შეძლო  პარტნიორობა
უნდა შეძლო საკუთარი პიარი – იპოვო შენი პი,
3,14 უნდა გახდე
და თავი- წრეწირი, ენა- დიამეტრეზე ჩამოიხრჩო ლაპარაკით,
რომ მუდმივი და მარადიული შეიქნე.
ვთქვათ, ესეც შეძელი,
ვთქვათ, ტრანსცედენტულიც გახდი, სხვა ტრანსებიც გაიარე,
ენისგასატეხი არ დაგავიწყდეს, იმეორე და იმეორე:
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ.
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ.
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ.
ბოლო საუკუნის მეთოდიკით
უკეთესს ვერაფერს გთავაზობენ.
და თუ ლაპარაკს შეძლებ,

სიტყვებს დაიბრუნებ და ყბებში მოიქცევ,
გაღეჭე, მაგრად გაღეჭე,  სიმწარე რომ შეიგრძნო მათი,
ვინც  სინამდვილეს ვერ მიაკვლია და ჰაერში დაეხეტება,
წყალიც ვერ ნახა, გაჰყოლოდა,
მიწაც ვერა – დამარხულიყო,
ვერც დასაწვავად ცეცხლი იპოვა…
უარყოფილები თუ მაინც მოიგდე ყბებში
ღეჭე, სანამ უკანასკნელ შინაარსს არ გამოაცლი,
რომ ზიზღით გადააპურჭყო მომავლისაკენ.
იქ კი სულ სხვა ლოგოპედი დაგიხვდება,
ახალ ენისგასატეხებს შემოგთავაზებს.
ადვილია მკვდრის გადარჩენა.
ლიტერატურას უარესებიც ჩაუდენია,
ცხოვრებას, მით უფრო…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11