შენ როდის?

არც დროშები,
არც პერანგები,
არც სახვევები,
არ იშორებენ წითელ ლაქებს ასე იოლად.
ეს ლაქები დუმფარებს ჰგვანან.
შავი ცეცხლის ტბების ნაპირთან.

მომავლის დღეებს კიდევ ბევრჯერ გამოათეთრებ,
გაახამებ, გაატკიცინებ.
რამდენს ეცდები ეს ლაქები თვალს მოაფარო,
მოაქციო უკანა მხარეს,
მაგრამ როცა მიტრიალდები,
მერე რას იზამ?
ომგამოვლილებს უჭირთ დგომა ცხოვრებასთან
სახით, პირისპირ.
მათ ზურგებს ნახავ მზისჩასვლასავით…

სადაც მიწის სისხლი იღვრება
სადაც ბელტები იმარხებიან,
ვეღარაფერი გააქრობს ლაქებს.
არც მზე გადავა მოსვენებით,
არც ქარისა და წვიმის ნაკადი,
ყველაფერი უხერხულად მოტრიალდება,
აღარ ჩადგება
სიტყვაში ღმერთი,
სულში ძალა,
ძმაში მოყვასი…

ომის სტიქიებს შეუძლიათ დედამიწაზე
მთვარის კრატერთა ასლები ბეჭდონ –
გადაამრავლონ.
ყველა ლანდშაფტზე მიახატონ
ბავშვების მზერის გადღაბნილი საღებავებით
და არ აცალონ არასდროს ჰაერს,
თავის უბეში გამოზარდოს სიმშვიდის დილა…

სიზმრებშიც, ცხადშიც
ბომბდამშენების შავ მტრედს კლანჭებში
ხმელი ჭურვები ეჭირება
ბუდეებში ჩასაფენად ხუნდებისათვის…

წითელლაქება პერანგები და სახვევები
და დროშები, წითელლაქება –
არ ფერმკრთალდება – მწიფს, მსხვილდება,
მავთულხლართისგან ნაქსოვებიც ასკდება ტანზე…

შენ როდის უნდა მოკვდე, ომო?
როდის?
შენ როდის?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11